სიახლეები
მნიშვნელოვანია, რომ საარჩევნო გარემო იყოს თავისუფალი სისხლის სამართლის მექანიზმების არამიზნობრივი გამოყენებისგან. 2024 წლის აგვისტოდან საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით იწყებს ახალ პროექტს, სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების დაცვა სისხლის სამართლის საქმეთა მონიტორინგის გზით.
საია დააკვირდება ისეთ სისხლის სამართლის საქმეებს, რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი, და, რომლებიც, თავისი შინაარსიდან გამომდინარე, საყურადღებოა 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში.
ქვემოთ მოცემულია კატეგორიები იმ სისხლის სამართლის საქმეებისა, რომლებსაც საია დააკვირდება:
I. რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციების კონტექსტში დაკავებულ პირთა საქმეები;
II. საქმეები, რომლებიც დაკავშირებულია საარჩევნო პროცესებთან (იგულისხმება საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლების ან მათთან დაკავშირებული პირების მიმართ სს დევნა საარჩევნო სუბიექტის შესაძლო პოლიტიკური განეიტრალების მიზნით);
III. 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებსა და გამოხატვის თავისუფლებასთან დაკავშირებული საქმეები;
IV. მედია საშუალებების განეიტრალების მიზნით წარმოებული საქმეები; პროფესიული საქმიანობიდან გამომდინარე ჟურნალისტების დევნასთან დაკავშირებული საქმეები;
V. სხვა საქმეები, რომელთა მიმართაც არსებობს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესი; ან, რომლებიც დაკავშირებულია სავარაუდოდ პოლიტიკური ან სხვა ნიშნით ადამიანების დევნასთან.
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ ფლობთ ინფორმაციას ზემოთ ჩამოთვლილი კრიტერიუმების მქონე სისხლის სამართლის საქმეზე, დაგვიკავშირდით: courtmonitoring@gyla.ge; +995 577 07 05 32.
მონიტორინგის ფარგლებში ორგანიზაცია დააკვირდება, როგორც სისხლის სამართლის პროცესთან დაკავშირებულ პროცედურულ გარანტიებს, ასევე, საჭიროებისამებრ, შეისწავლის სისხლის სამართლის საქმის მასალებს და მომზადებს შესაბამის ანალიზს საერთო სასამართლოების მიერ მართლმსაჯულების განხორციელების სისხლის სამართლის კანონმდებლობასთან, კონსტიტუციურ და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობის თაობაზე.
საია 2011 წლიდან წინასწარ შემუშავებული მეთოდოლოგიისა და კითხვარების გამოყენებით ახორციელებს სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგს, ამ დრომდე ორგანიზაციამ მოამზადა სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის 18 ანგარიში, გამოსცა 2 სპეციალური ანგარიში, და, ასევე, სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის სახელმძღვანელო. მონიტორინგის მიზანია, მართლმსაჯულების სისტემის გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების გაზრდა, სისხლის სამართლის პროცესში არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეებზე საზოგადოებისთვის ობიექტური ინფორმაციის მიწოდება.
გააზიარე: