GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 დეკემბერი, 2022

2022 წლის 6-8 დეკემბერს ჩატარდა ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 1451-ე შეხვედრა, სადაც განხილული იყო ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ გამოტანილი გადაწყვეტილებების, კერძოდ, კი, თხელიძის ჯგუფისა და იდენტობის ჯგუფის საქმეების აღსრულების მდგომარეობა. საიამ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად ორივე ჯგუფზე წარადგინა მე-9 წესის კომუნიკაციები. ქვემოთ მოცემულია ინფორმაცია მინისტრთა კომიტეტის შეფასების შესახებ:

  1. თხელიძის ჯგუფის საქმეები - ქალთა მიმართ ძალადობისგან დაცვა

კომიტეტმა პირველად განიხილა ამ საქმეების აღსრულება. უპირველესად, კომიტეტმა  გაიხსენა, რომ საქმეების ეს ჯგუფი ეხება ხელისუფლების მიერ ოჯახური ძალადობისგან ქალების დაცვაში წარუმატებლობას, რაც მათი მკვლელობით დასრულდა, და, ასევე, სისტემური წარუმატებლობისა და გენდერული დისკრიმინაციის ფონზე, სამართალდამცავი ორგანოების უმოქმედობის გამოუძიებლობას.

ინდივიდუალურ ზომებთან დაკავშირებით, საიას წარმოებაში არსებულ საქმეზე ა და ბ საქართველოს წინააღმდეგ, დეპუტატებმა მოუწოდეს ხელისუფლებას, რომ განახლებული გამოძიება სრულად დამოუკიდებლად, სწრაფად და სრულფასოვნად ჩაატარონ და დაადგინონ შესაბამისი ოფიციალური პირების პასუხისმგებლობა გენდერულ ძალადობაზე სათანადო რეაგირების არ არსებობის გამო, რამაც გამოიწვია მსხვერპლის სიკვდილი; დეპუტატებმა, ასევე, მოიწვიეს ხელისუფლება, რათა წარმოადგინონ განმარტებები დანაშაულის სამართლებრივი კლასიფიკაციისა და A და B საქმის გამოძიების ფარგლების შესახებ;

რაც შეეხება ზოგად ღონისძიებებს, აქ 4 მნიშვნელოვანი საკითხი გამოიყო, კერძოდ:

  1. ინტერესით აღინიშნა ბოლო წლებში ხელისუფლების მიერ საერთაშორისო და შიდა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობით გატარებული ოჯახში ძალადობისა და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლისკენ მიმართული მნიშვნელოვანი ღონისძიებები; მიუხედავად ამისა, გამოითქვა წუხილი ფემიციდისა და სხვა გენდერული ნიშნით ჩადენილი სერიოზული დანაშაულების მაღალი რაოდენობის გამო და ხაზი გაესვა, პრობლემის ძირეული მიზეზების მოსაგვარებლად შემდგომი მდგრადი და მტკიცე ქმედებების საჭიროებას;

 

  1. კომიტეტი მიესალმა რისკის შეფასების ინსტრუმენტისა და ელექტრონული მეთვალყურეობის სისტემის დანერგვას, როგორც ძალადობის განმეორების თავიდან აცილებისა და მსხვერპლთა დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას; თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ უფრო ძლიერი მოქმედებები უნდა იყოს გამოყენებული ამ და სხვა შემაკავებელი მექანიზმების პრაქტიკაში ეფექტიანი აღსრულების უზრუნველსაყოფად; კომიტეტმა ასევე მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გაძლიერებულიყო ქმედებები მსხვერპლებთან კომუნიკაციის გასაუმჯობესებლად;

 

  1. ინტერესით აღინიშნა გამოძიების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით მიღებული ინსტიტუციური და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებები, სტატისტიკური მონაცემების შეგროვებისა და გამოქვეყნების ახალი სისტემის დანერგვასთან ერთად; კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას განაგრძოს ამ ღონისძიებების იმპლემენტაცია, და, დამატებით წარმოადგინოს ინფორმაცია ამ ქმედებების გავლენის შესახებ, დაწვრილებითი სტატისტიკური მონაცემების მიწოდებასთან ერთად, რასაც თან ახლავს ხარისხობრივი ანალიზი გენდერული ნიშნით დანაშაულის გამოძიების, დევნის, მსჯავრდებებისა და სანქციების შესახებ; სასამართლოს მიერ აღმოჩენილი ხარვეზების ფონზე, კომიტეტმა ასევე მოიწვია ხელისუფლება, რომ აცნობოს მას ეროვნული სასამართლოების პრაქტიკის კონვენციის სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფისათვის მიღებული ან დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ;

 

  1. კომიტეტმა მოიწვია ხელისუფლება, მიაწოდოს კონკრეტული ინფორმაცია სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ გენდერული ძალადობის საჩივრებზე სათანადო რეაგირების არ ქონაზე პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ შიდა პრაქტიკაზე;

კომიტეტმა გადაწყვიტა განაახლოს ამ ჯგუფის განხილვა 2023 წელს, მის ერთ-ერთ შეხვედრაზე.

II. იდენტობის ჯგუფის საქმეები

დეპუტატებმა შემდეგ საკითხებზე გაამახვილეს ყურადღება, კერძოდ, მათ გაიხსენეს, რომ ეს საქმეები ძირითადად ეხება მარშების ან შეკრებების დროს სახელმწიფო ორგანოების მხრიდან კერძო პირების მიერ ჰომოფობიურად ან რელიგიურად მოტივირებული თავდასხმებისგან დაცვის ვალდებულების დარღვევებს და, ზოგიერთ შემთხვევაში, ამ ქმედებებში ოფიციალური თანხმობასა და დაშვებას, ასევე, პოლიციის ძალადობას, რომელიც ჩადენილი იყო ჰომოფობიური/ტრანსფობიური მოტივით და ამ ინციდენტებზე ეფექტიანი გამოძიების არარსებობას, მათ შორის დისკრიმინაციული მოტივების მიმართ

ზოგად ღონისძიებებთან დაკავშირებით, კომიტეტმა ექვსი მნიშვნელოვანი მიმართულება გამოყო:

  1. კომიტეტმა ხაზი გაუსვა სახელმწიფოს ვალდებულებას უზრუნველყოს სიძულვილით მოტივირებული ძალადობისგან გაძლიერებული დაცვა, არაერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, უმაღლეს პოლიტიკურ დონეზე უზრუნველყონ ცალსახა გზავნილი ნებისმიერი ფორმის დისკრიმინაციისა და სიძულვილის დანაშაულის მიმართ ნულოვან ტოლერანტობაზე, განსაკუთრებით „ლგბტი“ პირების მიმართ;

 

  1. კომიტეტმა ახსენა 2022 წლის თბილისის „პრაიდ კვირეულის“ ფარგლებში დახურული ღონისძიებების უსაფრთხოდ ჩატარება, თუმცა ხაზგასმით აღინიშნა, რომ შეკრების თავისუფლება ასევე გულისხმობს საზოგადო დემონსტრაციებისა და მსვლელობის გამართვის შესაძლებლობას ძალადობის ნებისმიერი ფორმის შიშის გარეშე და მოუწოდა ხელისუფლებას გააძლიეროს ძალისხმევა, რათა „ლგბტი“ თემს შეეძლოს სრულად ისარგებლოს მშვიდობიანი შეკრებების უფლებით;

 

  1. კომიტეტმა ახსენა დაუსჯელობის თავიდან ასაცილებლად და სიძულვილით მოტივირებული ძალადობის არ განმეორების უზრუნველსაყოფად ეფექტიანი გამოძიების მნიშვნელობა, ხაზგასმით აღინიშნა, რომ ამგვარი გამოძიების შედეგი უნდა იყოს პასუხისმგებელი პირების იდენტიფიცირება და დასჯა, განსაკუთრებით კი ორგანიზატორებისა და წამქეზებლების, კომიტეტმა, ასევე, მოუწოდა ხელისუფლებას უზრუნველყოს, რომ ეს ვალდებულება სათანადოდ შესრულდეს 2021 წლისა და წინა წლების მარშებთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიებების ფარგლებში და ეცნობოს კომიტეტს სიახლეები ამ გამოძიებების შედეგების შესახებ;

 

  1. კომიტეტმა ხაზი გაუსვა სექსუალური ორიენტაციის, გენდერული იდენტობისა და რელიგიის საფუძველზე ჩადენილი სიძულვილის დანაშაულების ეფექტიანი გამოძიების უზრუნველყოფასთან დაკავშირებულ მუდმივ გამოწვევებს, ძალადობის მასშტაბის სამწუხარო ზრდასთან ერთად და კიდევ ერთხელ მოუწოდა ხელისუფლებას, რომ ჩართულიყო სამდივნოსთან კონსულტაციებში, რათა შესწავლილი იყოს სპეციალიზებული საგამოძიებო განყოფილების შექმნის პერსპექტივები და განისაზღვროს ნებისმიერი სხვა ხელშესახები ინსტიტუციური ღონისძიება გამოძიების ეფექტიანობისა და სანქციების გაუმჯობესების მიზნით;

 

  1. ინტერესით აღინიშნა შემდგომი ღონისძიებები, რომლებიც განხორციელდა და დაგეგმილია, გამომძიებლებისა და პროკურორების სპეციალიზაციის ამაღლებისთვის, სხვა ინსტიტუციური და შესაძლებლობების გაძლიერების ღონისძიებებთან ერთად, რომლებიც მიმართულია სიძულვილის დანაშაულებზე რეაგირების გაუმჯობესებისკენ და მოუწოდა ხელისუფლებას გააგრძელოს ეს ძალისხმევა, მათ შორის, მონაცემთა შეგროვებისა და ანალიზის სისტემის გაუმჯობესებასთან  მიმართებით;

 

  1. წუხილით აღინიშნა, რომ 2022-2030 წლების ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნული სტრატეგიის პროექტი ადეკვატურად არ ითვალისწინებს „ლგბტი“ თემის საჭიროებებს; კომიტეტმა მოუწოდა ხელისუფლებას, რომ გამოასწოროს ეს ხარვეზები და უზრუნველყოს მჭიდრო თანამშრომლობა დაინტერესებულ მხარეებთან, განსაკუთრებით „ლგბტი“ ორგანიზაციებთან;

კომიტეტმა გადაწყვიტა განაახლოს ამ ჯგუფის საქმეების განხილვა არაუგვიანეს 1483-ე შეხვედრისა (2023 წლის დეკემბერი).

საია აქტიურად განაგრძობს ამ და სხვა საქმეებზე ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულების მიზნით საქართველოს პარლამენტისა და მინისტრთა კომიტეტის წინაშე კომინიკაციას. 

სხვა სიახლეები