სიახლეები
ჩვენ, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები ვეხმიანებით საქართველოს პარლამენტში წარმოდგენილ კანონპროექტს[1] „მაუწყებლობის შესახებ“ და „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების შეტანის თაობაზე.
მიგვაჩნია, რომ შემოთავაზებული ცვლილებები გამოხატვის თავისუფლების გაუმართლებლად შეზღუდვის რისკებს მოიცავს და მისი მიღება უდიდეს ზიანს მიაყენებს მედიაგარემოს.
მოვუწოდებთ, საქართველოს პარლამენტს, არ დაუშვას ამ კანონპროექტის დამტკიცება წინასაარჩევნო და საარჩევნო პროცესების გათვალისწინებით.
მოვითხოვთ კომუნიკაციების კომისიის მიერ შემოთავაზებული წინადადებები საქართველოს პარლამენტმა განიხილოს მაუწყებლების, ავტორიზებული პირების, შიდა და საერთაშორისო ექსპერტების მონაწილეობით.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ 2020 წლის 01 ივლისს საქართველოს მთავრობამ პარლამენტს წარუდგინა კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მომზადებული კანონპროექტი „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ და „მაუწყებლობის შესახებ“ კანონებში შესატან ცვლილებებთან დაკავშირებით (N07-2/494; 01.07.2020). წარმოდგენილი საკანონმდებლო პაკეტის მიხედვით, კომისიას ენიჭება განუსაზღვრელი ძალაუფლება მიღებული გადაწყვეტილებების ამოქმედებით და რეგულირების სფეროს დაქვემდებარებული სუბიექტების მართვის (სპეციალური მმართველის დანიშვნა) და წილის გასხვისების უფლების მეშვეობით. ამასთან, კომუნიკაციების კომისია შეძლებს როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი ბერკეტების გამოყენებით მიიღოს ყველა გადაწყვეტილება მედიის გავრცელების, ინტერნეტის ხელმისაწვდომობის, სარეკლამო მომსახურების და შრომითი უფლებების გადაწყვეტის საკითხებზეც კი.
კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები გამოვხატავთ შეშფოთებას მედიისთვის წარმოქმნილ ახალ და გაუმართლებელ რისკებთან დაკავშირებით. მედიის ადვოკატირების მიზნებისათვის წარმოდგენილ კანონპროექტთან დაკავშირებით:
1. მივმართავთ საქართველოს პარლამენტს, რათა მოგვცეს შესაძლებლობა შეხვედრის ფორმატში გავუცვალოთ ჩვენი მოსაზრებები კანონპროექტის თაობაზე;
2. ვთხოვთ, კომუნიკაციების კომისიას მოკლე ვადებში ჩანიშნოს სამუშაო შეხვედრას სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად;
3. მივმართავთ საქართველოს მთავრობას და საქართველოს პრემიერმინისტრს გიორგი გახარიას სამოქალაქო სექტორთან და დარგის სპეციალისტებთან ერთად გადახედოს კანონპროექტს;
4. მივმართავთ ბიზნესომბუცმენის აპარატს, ჩაერთოს პროცესებში და ჩვენთან ერთად გაიაზროს მედიის, როგორც ბიზნესის რისკები ქვეყანაში.
5. მივმართავთ დიპლომატიურ კორპუსს და საერთაშორისო ორგანიზაციებს გაგვიწიონ დახმარება მედიის თავისუფლების ხელშეწყობის და დაცვის მნიშვნელოვან პროცესში.
ამასთანავე, კოალიცია „მედიის ადვოკატირებისათვის“ წევრი ორგანიზაციები კვლავაც ვაფიქსირებთ მზაობას უფასო სამართლებრივი (საკონსულტაციო და საადვოკატო) დახმარება გავუწიოთ მედიასფეროს ნებისმიერ სუბიექტს.
[1] https://info.parliament.ge/?fbclid=IwAR0HHNzLp4cjQN_9CVkG25S9QOLSc6KA3OHBSRP2CojQMbnC4TAnCbdkSfQ#law-drafting/20679
გააზიარე: