GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 თებერვალი, 2017

საქართველოს პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 2017 წლის 10 თებერვალს საქართველოს პროკურატურის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად  მკვლელობის მომზადების ფაქტზე ბრალდებულის სახით დაკავებული იქნა დეკანოზი გიორგი მამალაძე, დანაშაულისთვის, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 18-108-ე მუხლით, რაც გულისხმობს განზრახ მკვლელობის მომზადებას.

მიუხედავად საკმაოდ მძიმე ბრალდებისა და საკითხის მიმართ საზოგადოების განსაკუთრებულად სენსიტიური დამოკიდებულებისა, საია გაუმართლებლად მიიჩნევს  ბრალდებულის  მიმართ  პროკურატურის წარმომადგენელთა და არაერთი პოლიტიკური თანამდებობის პირის მიერ გაკეთებულ განცხადებებს. აღნიშნული განცხადებების შინაარსი ქმნის  შთაბეჭდილებას, რომ დანაშაულის ჩადენის ფაქტი და მასში  ბრალდებულის მონაწილეობა უკვე დადგენილ და უტყუარ ფაქტებს წარმოადგენს, მაშინ, როცა საქმეზე გამოძიება ჯერ არ დასრულებულა, ხოლო სასამართლოს - ერთადერთ ინსტანციას საქართველოში, ვისაც აქვს კანონით მინიჭებული ლეგიტიმური უფლება, პირი გამოაცხადოს დამნაშავედ - ჯერ არ დაუწყია საქმის განხილვა.

აღნიშნული განცხადებები წინააღმდეგობაში მოდის საქართველოს კონსტიტუციით, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითა და სხვა საერთაშორისო აქტებით განმტკიცებულ ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს უფლებასთან, კერძოდ უდანაშაულობის პრეზუმფციასთან. საქართველოს კონსტიტუციის მიხედვით, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით.

უდანაშაულობის პრეზუმფციის მიზანია, რომ არ მოხდეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით საზოგადოებრივი აზრის და სახელმწიფო ორგანოების განწყობის წინასწარ ფორმირება, რათა არ შეილახოს მისი რეპუტაცია და მის მიმართ საზოგადოებრივი განწყობა იმ თავითვე არ იყოს მიკერძოებული. სამართლიანი სასამართლოს უფლებიდან გამომდინარე სამართალწარმოების დასრულებამდე საზოგადოების მხრიდან ყველა პირი უნდა იქნეს აღქმული უდანაშაულოდ.

დეკანოზ მამალაძის საქმეზე გაკეთებული არაერთი განცხადება არღვევს მისი უდანაშაულობის პრეზუმფციას და ხელს უწყობს საზოგადოებრივი აზრის ჩამოყალიბებას ერთმნიშვნელოვნად ბრალდებულის წინააღმდეგ.

საია მოუწოდებს როგორც პოკურატურას, ისე ცალკეულ პოლიტიკოსებს, დაიცვან და პატივი სცენ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით გარანტირებულ უფლებებს და თავი შეიკავონ ისეთი განცხადებებისა და გამონათქვამებისაგან, რაც სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანამდე წარმოაჩენს ბრალდებულ პირს დამნაშავედ, ხოლო გამოძიების ვერსიას - დამტკიცებულ ფაქტად.

 

სხვა სიახლეები