სიახლეები
30 ივნისს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ გაავრცელა განცხადება, იმის შესახებ, რომ მედიისა და არასამთავრობო ორგანიზაციების ნაწილი, მათ შორის ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, მაუწყებელთა ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ პარლამენტის მიერ 2013 წლის 12 ივლისს მიღებული კანონისაღსრულებას ეწინააღმდეგება და ქვეყანაში ორმაგი სტანდარტების დამკვიდრებას ცდილობს.
კომისიის მიერ საიას შესახებ გაკეთებული განცხადება, რომ ვეწინააღმდეგებით მაუწყებლების ფინანსური გამჭვირვალობის შესახებ კანონის აღსრულებას, სიმართლეს არ შეესაბამება და შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ სწორედ საია იყო ერთ-ერთი ინიციატორი 2013 წლის 12 ივლისს მიღებული კანონისა, რომელიც რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის ავტორობით მომზადდა (იხ. კანონის პროექტის განმარტებით ბარათი). კანონის მიღებაც არასამთავრობო სექტორის, მათ შორის, საიას აქტიური მონაწილეობით მოხდა და კომისიის მხრიდან იმის მტკიცება, რომ ვეწინააღმდეგებით ჩვენი თანაავტორობით მომზადებული კანონის აღსრულებას, ლოგიკას მოკლებულია.
გვსურს განვმარტოთ, რომ განცხადებაში მითითებული სამართლებრივი დავა შეეხებოდა არა კანონის რეგულაციას, არამედ კომისიის მხრიდან ამავე კანონის მოთხოვნათა დარღვევით აღსრულებას.კერძოდ, კანონის მიღების შემდეგ, 2013 წლის 23 სექტემბერს კომისიამ დაამტკიცა ანგარიშგებისფორმები, რომლებიც მაუწყებლებისგან ითხოვდა კანონით გათვალისწინებულზე მეტი ინფორმაციის წარდგენას.
მაუწყებლები თვლიდნენ, რომ კომისიის მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის გასაჯაროვება აღემატებოდა კანონის მოთხოვნებს და ზიანს მოუტანდა მათ, როგორც კერძო კომპანიებს. კომისიის ეს გადაწყვეტილება რამდენიმე მაუწყებელმა გაასაჩივრა თბილისის საქალაქო სასამართლოში, რომლის განჩინებით კომისიის გადაწყვეტილება ნაწილობრივ შეჩერდა. მნიშვნელოვანია საზოგადოებამ იცოდეს ისიც, რომ კომისიას საკუთარი გადაწყვეტილების შეცვლა მალევე მოუწია და არასამთავრობო სექტორთან და მედიასთან კონსულტაციების შემდეგ, ახალი ფორმები დაამტკიცა.
საია, ამ პროცესში, სამართლებრივ დახმარებას უწევდა რამდენიმე მაუწყებელს და არ ყოფილა მხარე. საგულისხმოა ისიც, რომ კანონის რეგულაციების ადრესატს საია არ წარმოადგენდა და შესაბამისად, კანონის აღსრულებას საია ხელს ვერ შეუშლიდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მიგვაჩნია, რომ კომისიისთვის ეს ფაქტები კარგად არის ცნობილი, ამიტომ ვფიქრობთ, რომ ეს განცხადება ემსახურება საიას დისკრედიტაციას. აქვე კომისიას მოვუწოდებთ, გაასწოროს არასწორი და შეცდომაში შემყვანი ინფორმაცია.
გააზიარე: