GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

03 მაისი, 2018

„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს 2018 წლის 17 მაისს ჰომოფობიისა და ტრანსფობიის წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორის დღის (IDAHOT) აღნიშვნასთან დაკავშირებით პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარის, სოფო კილაძის, მიერ გაკეთებულ განცხადებას. სოფო კილაძის თანახმად, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი არ აპირებს ჰომოფობიასთან ბრძოლის დღის აღნიშვნას, მიუხედავად იმისა, რომ 17 მაისის ყოველწლიურად აღნიშვნა მის 2017-2020 წლების სამოქმედო გეგმაში არის გათვალისწინებული. კოალიციას მიაჩნია, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ადამიანების უფლებების არაღიარების და იგნორირების პრაქტიკის გაგრძელებაა. კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს არ დაუშვას მარგინალიზებული და მოწყვლადი ჯგუფების ჩაგვრისა და გარიყვის ხელშეწყობა და მისი მანდატის ფარგლებში მოახდინოს  ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის დაცვაზე დაფუძნებული პოლიტიკის განხორციელება.  

საქართველოს პარლამენტის მანდატი არსებითად არის დაკავშირებული ადამიანის უფლებების დაცვის პოლიტიკასთან.  პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტი პარლამენტის სწორედ ის სივრცეა, რომელსაც განსაკუთრებული ხედვა და მგრძნობელობა უნდა გააჩნდეს ადამიანების და სოციალური ჯგუფების თანასწორობის იდეის მიმართ. კომიტეტის საქმიანობის ოფიციალური მიზნები  პირდაპირ უკავშირდება დემოკრატიული და ადამიანის უფლებების პატივისცემაზე დაფუძნებული საზოგადოების მშენებლობისა და საზოგადოებაში უმცირესობების წარმომადგენელთა სრულყოფილი ინტეგრაციის საკითხებს .

ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პოლიტიკაში საქართველოს პარლამენტის კრიტიკული როლის მიუხედავად, ხშირად სწორედ პარლამენტი ხდება ის სივრცე, სადაც მარგინალიზებული ჯგუფების მიმართ არსებული დისკრიმინაციული დამოკიდებულებები და წინასწარგანწყობები ყველაზე მწვავედ მჟღავნდება. საქართველოს პარლამენტის მხრიდან კონკრეტული სოციალური ჯგუფების მარგინალიზებისა და უგულებელყოფის პრაქტიკა ყველაზე ღიად ლგბტ ადამიანების მიმართ ჩანს. სახელმწიფო ინსტიტუციებისა და კერძო ჯგუფების მხრიდან ლგბტ ადამიანების განგრძობითი ძალადობის, შევიწროებისა და ჩაგვრის პრაქტიკების მიუხედავად,  საქართველოს პარლამენტს არაერთხელ დაუფიქსირებია ლგბტ ადამიანების წინააღმდეგ ნეგატიური, გულგრილი ან ღიად ჰომოფობიური დამოკიდებულებები, რაც მიუთითებს პოლიტიკური პარტიების ცოდნის, სენსიტიურობის ნაკლებობისა და საკუთარი საჯარო ვალდებულებების გაუაზრებლობის პრობლემაზე. 

ჯერ კიდევ 2013 წლის 17 მაისს კონტრდემონსტრანტების მიერ IDAHOT დღის აღსანიშნად  მშვიდობიანი შეკრების მონაწილეების  მასობრივი ძალადობრივი დარბევის შეფასებისას, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტმა, ძალადობრივი ქმედების პროვოცირებაში ლგბტ ჯგუფის წევრები დაადანაშაულა. ამით ბრალი მთლიანად ჩაგრულ ჯგუფზე გადაიტანა და მათი მოთხოვნების ლეგიტიმურობის უარყოფა და ჯგუფის დეჰუმანიზება მოახდინა.

საქართველოს პარლამენტში, მათ შორის, მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მხრიდან, პრობლემური განცხადებები ასევე კეთდებოდა 2014 წელს „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ კანონის განხილვების პერიოდშიც. ამ დროსაც ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტი ვერ იჩენდა საკმარის ღირებულებით სიმტკიცეს დაეცვა ლგბტ ჯგუფის უფლებები და საჯარო განცხადებებით პირდაპირ ავლენდა არასეკულარულ მიდგომებს.

კრიტიკულად უნდა აღინიშნოს, საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ჯგუფის პოლიტიკური ინსტრუმენტალიზების პრობლემაც. 2016-2017 წლებში საქართველოს პარლამენტის წევრების მიერ რამდენჯერმე, წინასაარჩევნოდ, მოხდა ცვლილების ინიცირება, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლის (მეუღლეთა უფლებრივი თანასწორობა და ნებაყოფლობა) გაუმართლებელ შეზღუდვას აწესებდა. ცვლილების ინიცირება ხდებოდა იმის მიუხედავად, რომ  პარლამენტი მისი სამართლებრივი აუცილებლობის დასაბუთებას ვერ ახდენდა და მას მხოლოდ პოლიტიკური არგუმენტებით ხსნიდა, რასაც თან ერთვოდა საქართველოს პრემიერ-მინისტრის საჯარო დაპირებაც აღნიშნული ცვლილების „აუცილებელი“ განხორციელების შესახებ, რის შედეგადაც კონსტიტუციის ახალი რედაქციის 30-ე მუხლში ზემოაღნიშნული ცვლილება შევიდა. 

საქართველოს კონსტიტუციური ცვლილებების პროცესში ასევე, არაერთხელ დაფიქსირდა საქართველოს პარლამენტის წევრებისაგან ლგბტ ჯგუფის დამამცირებელ კონტექსტში მოხსენიების ფაქტები. მათ შორისაა, ორგანიზაცია „იდენტობას“ მიერ ქუთაისში პარლამენტის წინა გამართული აქციის საპასუხოდ, დეპუტატების მხრიდან დამამცირებელი შინაარსის შემცველი საჯარო განცხადებები.

საქართველოს პარლამენტის მიერ ლგბტ ჯგუფის წინაშე არსებული გამოწვევების იგნორირების პოლიტიკას ასევე ცხადყოფს პარლამენტის გენდერული საბჭოს 2018-2020 წლების სამოქმედო გეგმის შინაარსიც, სადაც საბჭო გენდერულ თანასწორობის საკითხზე მსჯელობისას, გენდერული პოლიტიკის შეზღუდულ, ვიწრო მიდგომას ავითარებს. იგი  არ ითვალისწინებს იმ სპეციალურ საჭიროებებსა და წუხილებს, რომელიც სხავდასხვა ქალთა ჯგუფებს (მათ შორის, ეთნიკურ, რელიგიურ უმცირესობებს მიკუთვნებულ ქალებს, ლბტ ქალებს) შეიძლება გააჩნდეთ.  

ვინაიდან პარლამენტი წარმოადგენს საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლების ანგარიშვალდებულების მექანიზმს, კიდევ უფრო კრიტიკული მნიშვნელობისაა, რომ მას ფუნდამენტურად გააზრებული ჰქონდეს ადამიანის უფლებების განუხრელი დაცვის პრინციპი, უმცირესობათა უფლებების მიმართ არსებული სოციალური, ეკონომიკური, კულტურული და პოლიტიკური გამოწვევების მნიშვნელობა, რათა ეფექტურად შეძლოს კონკრეტული სამთავრობო უწყებების მაკონტროლებელი ფუნქციის განხორციელება და ამ მხრივ, სახელმწიფოებრივი პოლიტიკის განსაზღვრა. 

ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის და უფრო ფართოდ პარლამენტის მიერ ჰომოფობიური განცხადებები და ინიციატივები, ასევე ლგბტ ადამიანების არაღიარებისა და იგნორირების პოლიტიკა წინაღმდეგობაში მოდის სახელმწიფოს მიერ დეკლარირებულ ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკასთან და იგი ეროვნული და საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული ფუდამენტური პრინციპების უგულვებელყოფაა. სახელმწიფოს  მიერ ლგბტ უფლებების არაღიარების  ან ზოგიერთ შემთხვევაში ჰომოფობიური პოლიტიკა  კიდევ უფრო აღრმავებს ლგბტ ადამიანების მარგინალიზაციას და ხელს უწყობს ძალადობრივი და დისკრიმინაციული პრაქტიკების გაძლიერებას. 

აღნიშნულიდან გამომდინარე, კოალიცია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, მათ შორის, ადამიანის უფლებათა კომიტეტს:

- მუდმივად და განუხრელად იზრუნოს მასზე დაკისრებული ვალდებულებების შესრულებაზე და აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ადამიანის უფლებებისა და თანასწორობის პატივისცემაზე.

სხვა სიახლეები