სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიცია მიიჩნევს, რომ მაუწყებლობის თვითრეგულირებას მიკუთვნებული საკითხების რეგულირებაში გადატანა დაუშვებელია

2019-06-14 14:00
Featured image

2019 წლის 13 ივნისს, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მხრიდან გავრცელდა ინფორმაცია სიძულვილის ენის რეგულირების მიზნით, 2019 წლის 01 ივლისამდე, მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე. აღნიშნულის საფუძვლად კი მითითებულია საქართველოს ვალდებულება აუდიოვიზუალური მედია დირექტივის იმპლემენტაციის თაობაზე. 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ კანონპროექტი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვისკენ არის მიმართული და დიდ საფრთხეებს შეიცავს. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ შემოთავაზებული ცვლილებებით მედიის თვითრეგულირების სფეროში არსებული საკითხები გადადის სახელმწიფო რეგულირების კომპეტენციაში, შესაძლებელი ხდება მედიის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილების კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში ან სასამართლოში გასაჩივრება. ეს ქმნის გამოხატვის თავისუფლებლის თვითნებური, დაუსაბუთებელი შეზღუდვის რისკებს. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკით გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვა დასაშვებია მხოლოდ ვიწროდ მიზანმიმართული კანონით. ცვლილებების გაზიარების შემთხვევაში, კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას მედიის შინაარსში ჩარევის საშუალება ეძლევა, რაც ფაქტობრივად სახელმწიფოსთვის მედიაზე ზემოქმედების ბერკეტის გადაცემას ნიშნავს. შემოთავაზებული ცვლილებებით სწორედ ის მუხლი ბრუნდება რეგულირებაში, რომლის საფუძველზეც 2007 წლის 07 ნოემბრის მოვლენებისას ტელეკომპანია იმედს მაუწყებლობა შეუჩერდა.

აღსანიშნავია, რომ სიძულვილის ენის დარეგულირება მხოლოდ თვითრეგულირების ფარგლებში არ ხდება. თუკი ნამდვილად იარსებებს რეალური საფრთხე შუღლის გაღვივების, ომის პროპაგანდის თუ ხელისუფლების დამხობის, დღესაც არსებობს სამართლებრივი მექანიზმები (მათ შორის მაუწყებლების წინააღმდეგ) - სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე და 239-ე მუხლები.

საკონსტიტუციო სასამართლომ, 2009 წლის 10 ნოემბერს მიღებულ გადაწყვეტილებით, კონსტიტუციის დარღვევად არ ჩათვალა ის, რომ მაუწყებლის თვითრეგულირების ორგანოს გადაწყვეტილებები სასამართლოში არ საჩივრდებოდა. საკონსტიტუციო სასამართლომ დაინახა საფრთხეები გამოხატვის თავისუფლების თვალსაზრისით, თუკი მაუწყებლის მიერ კანონით განსაზღვრული ქცევის წესების დაცვაში სასამართლო ან ხელისუფლების სხვა ორგანო  ჩაერეოდა და 2010 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილებაში განაცხადა:

„გამოხატვის თავისუფლება საქართველოს კანონმდებლობით გარანტირებული უფლებაა, მაგრამ ამ უფლებების სრულყოფილი განხორციელებისთვის მხოლოდ საკანონმდებლო გარანტიები არ კმარა, საჭიროა, რომ თავად საზოგადოება იყოს შემწყნარებელი ინდივიდის უფლებისადმი, თავისუფლად და უშიშრად გამოხატოს საკუთარი აზრი. დემოკრატიულ საზოგადოებაში ადამიანებს აქვთ თმენის ვალდებულება იმ მოსაზრებების მიმართ, რომელთაც ისინი არ იზიარებენ ან, თუნდაც თვლიან ზნეობრივად გაუმართლებლად. დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის სასამართლოს მეშვეობით.

მხოლოდ მაუწყებლის პოზიციის, ფასეულობების, იდეების მიუღებლობა არ შეიძლება გახდეს მისი გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის საფუძველი. სახელმწიფო ვალდებულია, დაიცვას ობიექტურად იდენტიფიცირებადი ინტერესები, მაგრამ არა სუბიექტური გრძნობები.[1]

მისასალმებელია, რომ კომისია ცდილობს შემცირდეს სიძულვილის ენის, შუღლის გაღვივების თუ არასრულწლოვანებზე მავნე ზეგავლენის მომხდენი პროდუქციის სამაუწყებლო ეთერში გაშვება, თუმცა კანონპროექტით პრობლემის მოგვარების არასწორი გზა არის შერჩეული. დირექტივა წევრ სახელმწიფოებს აძლევს შესაძლებლობას თავად გადაწყვიტოს საკითხი გადაწყვეტილი უნდა იყოს რეგულირების თუ თვითრეგულირების ფარგლებში.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მიიჩნევს, რომ რეგულირების ნაცვლად აუცილებელია გაძლიერდეს თავად მაუწყებლებში არსებული თვითრეგულირების მექანიზმი. ამ მექანიზმის გაძლიერება, მისი ეფექტიანობის მონიტორინგის გაუმჯობესებაზე ზრუნვა არის მარეგულირებლის პასუხისმგებლობა და სწორედ ეს იქნება დირექტივით გათვალისწინებული მოთხოვნების შესრულება.

კოალიციას დაუშვებლად მიაჩნია წარმოდგენილი ფორმით საკანონმდებლო ცვლილებების მიღება, რომელიც  გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვასთან არის დაკავშირებული. მით უფრო მაშინ, როდესაც ქვეყანაში არსებობს სხვა ბერკეტები სიძულვილის ენასთან საბრძოლველად და მისი ჯეროვანი გამოყენება არ ხდება. ამასთან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, საქართველოს კონსტიტუცია არ ითხოვს ტელევიზიისა და რადიოს მიერ მაუწყებლობის ქცევის წესების დაცვაზე სასამართლო კონტროლის არსებობას.

მივიჩნევთ, რომ ნებისმიერი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც გამოხატვის თავისუფლების დღეს არსებულ სტანდარტს გააუარესებს, საფრთხეს შეუქმნის ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას.

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს და საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულ კომისიას არ მოახდინოს ამ საკითხის დაჩქარებული წესით განხილვა და მაქსიმალურად უზრუნველყოს პროცესებში ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობა.

 

 

კოალიცია მედიის ადვოკატირებისთვის წევრები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (კოალიციის თავმჯდომარე)

მედიაკლუბი

საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი

ღია საზოგადოების ფონდი

რეგიონულ მაუწყებელთა ალიანსი

ლიბერალური აკადემია თბილისი

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია

სატელევიზიო ქსელი

საქართველოს მცირე და საშუალო სატელეკომუნიკაციო ოპერატორთა ასოციაცია

საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა

 

 

 


[1] http://constcourt.ge/ge/legal-acts/judgments/saqartvelos-moqalaqeebi-giorgi-yifiani-da-avtandil-ungiadze-saqartvelos-parlamentis-winaagmdeg-568.page