GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

31 მაისი, 201520:55

საიას დამკვირვებლები ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს - საკრებულოს 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მაჟორიტარული საარჩევნო სისტემით მიმდინარე შუალედურ არჩევნებს სენაკის  #64 ოლქსა და ზუგდიდის #67 ოლქში აკვირდებიან. დამკვირვებლების სენაკი ოლქის 34-ე, 35-ე და ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნებში არიან განთავსებულნი.

მიუხედავად გარკვეული პროცედურული დარღვევებისა, კენჭისყრის პროცესი ძირითადად  მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა.
 
სამივე საარჩევნო უბანი აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით და დროულად იყო მზად ამომრჩევლის მისაღებად. ცალკეულ შემთხვევებში დაფიქსირდა საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ყოფნა უბანზე, ასევე კენჭისყრის დროს დაირღვა საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობა.
 
20:00 საათისთვის სამივე საუბნო საარჩევნო კომისიაში დასრულდა ხმის მიცემის პროცედურა. აღნიშნული დროისათვის დაფიქსირდა ხმის მიცემის ფარულობის ორი და ამომრჩეველთა ნებაზე არაპირდაპირი გავლენის მოხდენის  ერთი ფაქტი.
 
ხმის მიცემის პერიოდში გამოიკვეთა შემდეგი სახის დარღვევები:
 
ამომრჩეველთა ნებაზე არაპირდაპირი გავლენის ფაქტი
 
ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნის მიმდენარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა მცირე ჯგუფებად მყოფი პირები, რომლებიც მისული ამომრჩევლების აღრიცხვასა და უბანზე მისვლის კონტროლს ახორციელებდნენ. რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გავლენის მოხდენას ამომრჩეველთა ნების თავისუფალ გამოხატვაზე. 
 
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა
 
ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ორი ფაქტი დაფიქსირდა  ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბანში. 
პირველ შემთხვევაში ამომრჩევლმა, ხმის მიცემის ფარულ კაბინაში, საარჩევნო ბიულეტენს ფოტო გადაუღო, ხოლო მეორე შემთხვევაში მოქალაქემ ხმა საარჩევნო კაბინის გარეთ მისცა და ღიად განაცხადა მისი არჩევანის შესახებ.
 
საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ყოფნა უბანზე
 
ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბანზე დაფიქსირდა ერთი საარჩევნო სუბიექტის ორი წარმომადგენლის ყოფნა, თუმცა მითითების თანავე პრობლემა აღმოიფხვრა.
 
ყუთის ლუქის მთლიანობის დარღვევა
 
სენაკის #64 ოლქის 34-ე და 35-ე უბნებზე საარჩევნო ყუთის ლუქის მთლიანობისს დარღვევის ფაქტი დაფიქსირდა. აღნიშნულთან დაკავშირებით საარჩევნო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ყუთის ხელახლა დალუქვისა და კენჭისყრის გაგრძელების თაობაზე.
 
საარჩევნო ადმინისტრაცია ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ ზეპირ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერენ.
 
საიას მიერ დააფიქსირა ერთი შენიშვნა ჩანაწერთა წიგნში.
 
აქვე უნდა აღინიშნოს, რომ ზუგდიდის #67 ოლქის 45-ე უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული არიან როგორც საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერები და წარმომადგენლები (დაახლოებით 40 ადამიანი), ასევე დაცვის პოლიციის თანამშრომლები. 
 
მოვუწოდებთ საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და წარმომადგენლებს დაიცვან საზოგადოებრივი წესრიგი და მშვიდ რეჟიმში დაელოდონ შედეგების შეჯამებას.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საია მოგვიანებით გაავრცელებს.
                                                                  
 
 
 
 
 
 
 

სხვა სიახლეები