სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 17:00 საათისთვის

2018-04-28 17:08
Featured image

17:00 საათისთვის კენჭისყრის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდება საარჩევნო უბნების გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 

 

ამ დროისათვის დაფიქსირდა შემდეგი დარღვევები

 

ინციდენტი ხონის #5 (სოფელი გორდი) საარჩევნო უბანთან - დაახლოებით დღის 12:30 საათისათვის ინციდენტს ჰქონდა ადგილი ხონის საარჩევნო ოლქის #5 საარჩევნო უბანთან, როდესაც ერთმანეთს „ევროპული საქართველოსა“ და „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები დაუპირისპირდნენ. დაპირისპირება კენჭისყრის შენობაში დაიწყო და საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაგრძელდა. ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, დაპირისპირების მიზეზი „ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლის განცხადება გახდა. განცხადების თანახმად, კენჭისყრის შენობაში  „ქართული ოცნების“ მხარდამჭერები აგიტაციას ეწეოდნენ. კერძოდ, ისინი აჩერებდნენ ამომრჩევლებს და ესაუბრებოდნენ. ამასთან ორი პირი პარტიის სიმბოლიკიან მაისურს ატარებდა. 

 

გვინდა აღვნიშნოთ, რომ საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლი მე-11 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია. ამავე კოდექსის თანახმად, მე-2 მუხლის ჰ)10 პუნქტის თანახმად, კენჭისყრის შენობა არის შენობა ან შენობის ნაწილი, რომელშიც განთავსებულია საუბნო საარჩევნო კომისიის კენჭისყრის ოთახი. 

 

მოვუწოდებთ:

- საარჩევნო პროცესებში მონაწილე პირებს - მაქსიმალურად თავი შეიკავონ ნებისმიერი სახის ძალადობისგან, დაიცვან კანონი, ამასთან უზრუნველყონ, რომ არ მოხდეს მათი მხარდამჭერების მობილიზება უბნების მიმდებარე პერიმეტრზე, რათა საუბნო კომისიებს მიეცეთ მშვიდ  და უსაფრთხო ვითარებაში მუშაობის შესაძლებლობა, ხოლო ამომრჩევლებს - ნების თავისუფლად გამოვლენის შესაძლებლობა. 

- სართალდამცავ ორგანოებს - მყისიერად აღკვეთონ ძალადობის ნებისმიერი ფაქტი და უზრუნველყონ საარჩევნო პროცესის მშვიდ ვითარებაში წარმართვა. 

 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა უბნის გარე პერიმეტრზე

უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს, რაც პრობლემაა.  აღნიშნული ფაქტები მიუთითებს, რომ დღის წესრიგში კვლავ დგას ამ საკითხის საკანონმდებლო რეგულირების აუცილებლობა, რაც საჭიროებს საარჩევნო კოდექსში უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრას. 

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა საარჩევნო უბანზე 

 

ვანის #6 და #9 საარჩევნო უბნებზე ერთდროულად იმყოფებოდა „ევროპული საქართველოს“ 2 წარმომადგენელი. აგრეთვე ხონის #26 საარჩევნო უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის „ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო თანამეგობრობა“ 2 წარმომადგენელი. ასევე ვანის #9 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა „ქართული ოცნების“ 2 წარმომადგენელი. აღნიშნულ უბნებზე საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული შენიშვნის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა და აღნიშნული ორგანიზაციებიდან უბანზე მყოფმა თითო წარმომადგენელმა საარჩევნო უბნები დატოვეს. 

 

ვანის #19 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე გაზეთი „საჩინოს“ სადამკვირვებლო ბეჯით იმყოფებოდა უხუთის თემიდან ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

 

საარჩევნო კომისიის წევრის მიერ მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება 

 

ხონის #15 უბანზე შევსებული სამი საკონტროლო ფურცელი შეცდომით ჩააგდეს ძირითად საარჩევნო ყუთში. დარღვევა აღმოიფხვრა, ყუთი გახსნეს და ზედმეტი საარჩევნო ფურცლები ყუთიდან ამოიღეს, რის შემდგომაც საარჩევნო ყუთი ახლიდან დაილუქა.  

 

ვანის #53 საოლქო საარჩევნო კომისიაში არ გამოცხადებულა „ევროპული საქართველოს“ მიერ საოლქო საარჩევნო კომისიაში დანიშნული წევრი.

 

სხვა ინფორმაცია

 

კენჭისყრის დღეს საარჩევნო უბნებზე არ გამოცხადდნენ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში პარტიის მიერ დანიშნული  წევრები. 

 

ინფორმაცია საარჩევნო მისიაზე

კენჭისყრის მიმდინარეობის თაობაზე საია მომდევნო განცხადებას კიდევ გაავრცელებს, ხოლო 29 აპრილს საია 12 საათზე გამართავს ბრიფინგს და არჩევნების დღეს შეაჯამებს. 

ვანსა და ხონში გასამართ საქართველოს პარლამენტის შუალედურ არჩევნებს საიას ოცამდე დამკვირვებელი აკვირდება როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.