სიახლეები
მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს განაახლოს „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პროექტის განხილვა და უზრუნველყოს მისი დროული მიღება. აღნიშნული კანონპროექტი საქართველოს პარლამენტში ინიცირებულია 2019 წლის 22 მაისს, თუმცა პირველი საკომიტეტო მოსმენის შემდეგ მისი განხილვის პროცესი შეჩერებულია გაურკვეველი მიზეზებითა და ვადით.
მიგვაჩნია რომ მიუხედავად გარკვეული ხარვეზებისა და საკამათო საკითხებისა, კანონპროექტის მიღება მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს პერსონალურ მონაცემთა დაცვის მდგომარეობას და ქართულ სამართლებრივ ჩარჩოს დააახლოებს ახალ ევროპულ რეგულაციასთან (GDPR) მაშინ, როდესაც მოქმედი კანონი მოძველებულია და ვერ პასუხობს არსებულ გამოწვევებს. ამავე დროს მიგვაჩნია, რომ შესაბამისმა კომიტეტებმა ყურადღებით უნდა განიხილონ ის შენიშვნები და წინადადებები რომელიც კანონპროექტის მიმართ იქნა გამოთქმული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ და პლენარულ სხდომაზე კენჭისყრამდე უზრუნველყონ კანონპროექტის დახვეწა/ სრულყოფა.
დღეისათვის ფიზიკურ პირთა პერსონალური მონაცემების მოუწესრიგებელი და უკონტროლო დამუშავებიდან მომდინარე საფრთხეების მნიშვნელობა სცდება ადამიანისთვის მიყენებულ ფსიქოლოგიურ ტკივილსა და დისკომფორტს, რაც შეიძლება გამოიწვიოს ცალკეული პირადი მონაცემების გამჟღავნებამ. პერსონალურ მონაცემთა გადაჭარბებული და უკონტროლო დამუშავება ადამიანის სხვა უფლებებისა და თავისუფლებების შეზღუდვის არსებით რისკებს შეიცავს, რაც დაკავშირებულია ადმიანის ქცევის პროგნოზირებას და მასზე მანიპულაციის შესაძლებლობასთან, ეს კი თავის მხრივ ასევე საფრთხეს უქმნის თანამედროვე დემოკრატიული წესრიგის არსებობას. აღნიშნული საფრთხეები კიდევ უფრო იზრდება ტექნოლოგიური შესაძლებლობების უპრეცედენტო ზრდის ფონზე.
საქართველოში არსებული საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში საჯარო დაწესებულებათა და კერძო კომპანიების დიდი ნაწილი კვლავ უგულებელყოფს მონაცემთა დაცვის მნიშვნელობას და ზედაპირულად ეკიდება საკითხს, კვლავ იქმნება ისეთი საინფორმაციო სისტემები, რომლებსაც არ უტარდება წინასწარი ანალიზი მონაცემთა დაცვაზე გავლენის შესაფასებლად, რაც მომავალში ბევრად ძვირი დაუჯდება ქართულ საზოგადოებას, როგორც მატერიალური, ისე ადამიანის უფლებების გაუმართლებელი შეზღუდვების თვალსაზრისით.
არსებულ მდგომარეობას ადასტურებს სახელმწიფო ინსპექტორის საქმიანობის 2019 წლის ანგარიშიც, სადაც სხვა მნიშვნელოვან ფაქტებთან ერთად, ასევე საუბარია იმაზე, რომ მაგ. საჯარო სექტორში დანერგილ ელექტრონულ პროგრამებში არ არის მიღებული სათანადო ზომები პერსონალური მონაცემების დასაცავად, კერძოდ: არ აღირიცხება მონაცემებზე წვდომისა და დათვალიერების ფაქტები, არ ფიქსირდება ისტორია მომხმარებლის მიერ სისტემაში მოძიებული ინფორმაციის შესახებ. ასევე, სამართალდამცავი ორგანოები ფლობენ ფიზიკურ პირთა შესახებ ძალიან მოცულობით და სენსიტიურ მონაცემთა შემცველ ბაზებს, თუმცა აღნიშნულ ბაზებში მონაცემებზე წვდომის, დათვალიერების თუ წაშლის შემთხვევები არ აღირიცხება ან არასათანადოდაა დასაბუთებული. ანალოგიური პრობლემებია არასრულწლოვანთა მონაცემების დამუშავების თუ ჯანდაცვის სფეროში განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების დამუშავების თვალსაზრისით.
როგორც ცნობილია, ევროკავშირთან სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა ითვალისწინებდა პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას და მათ დაახლოებას ევროკავშირის სტანდარტებთან. აღნიშნული ვალდებულება წარმატებით შესრულდა, თუმცა დღეისათვის ჩვენი კანონმდებლობა აღარ არის შესაბამისობაში ახალ ევროპულ სტანდარტებთან. თუ არსებულ რეალობას თვალს გავუსწორებთ, დავინახავთ, რომ მონაცემთა დაცვის სფეროში საქართველოს მიერ მიღწეული შედეგი საკმაოდ მყიფეა და სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის სამოქმედო გეგმის მსგავსი კონკრეტული საგარეოპოლიტიკური მოტივაციის არარსებობამ არ უნდა განაპირობოს საქართველოს პარლამენტის ინტერესის განელება შემდგომი რეფორმებისადმი ისეთ სფეროში, როგორიც პერსონალურ მონაცემთა დაცვაა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, ხელმომწერი ორგანიზაციები მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს ინიცირებული პროექტის მიღებით ხელი შეუწყოს საქართველოში პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობისა და პრაქტიკის გაუმჯობესებას და ქართული კანონმდებლობის ახალ ევროპულ სტანდარტებთან დაახლოებას.
სრულად ვაცნობიერებთ არსებულ პოლიტიკურ კონტექსტს, პარლამენტისა და პოლიტიკური ჯგუფების წინაშე მდგარ გამოწვევებს, პანდემიით გამოწვეულ დაბრკოლებებს, თუმცა, შესაბამისი ნების არსებობის პირობებში, შესაძლებლად მიგვაჩნია „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ კანონის პროექტის განხილვა და გაუმართლებლად მიგვაჩნია ამ საკითხის ღიად დატოვება და გაურკვეველი ვადით გადავადება.
გააზიარე: