სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

განათლების საერთაშორისო ცენტრი სასამართლოს გადაწყვეტილებას არ ასრულებს

2020-03-19 15:09
Featured image

2015 წლის წელს ქამრან მამედოვი საზღვარგარეთ სამაგისტრო პროგრამის დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილეობდა განათლების საერთაშორისო ცენტრის მიერ გამოცხადებულ კონკურსში. საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილებით მას დაფინანსებაზე დაუსაბუთებლად ეთქვა უარი. ქამრან მამედოვმა კომისიის გადაწყვეტილება საიას დახმარებით სასამართლოში გაასაჩივრა. 

მისი სარჩელი თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 12 ივლისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა და ბათილად იქნა ცნობილი კონკურსის შედეგები, რის საფუძველზეც განათლების საერთაშორისო ცენტრს დაევალა საქმის გარემოებების დამატებითი გამოკვლევის გზით ახალი აქტის მიღება. გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 11 იანვრის განჩინების საფუძველზე, თუმცა ადმინისტრაციულ ორგანოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურები ამ დრომდე არ დაუწყია.

ვინაიდან განათლების საერთაშორისო ცენტრი ნებაყოფლობით არ ასრულებს სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, 2020 წლის 18 მარტს ქამრან მამედოვმა წერილობით მიმართა ადმინისტრაციულ ორგანოს და სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოითხოვა. 

საია მიიჩნევს, რომ განათლების საერთაშორისო ცენტრმა დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება, გამოასწოროს სასამართლოს მიერ გამოვლენილი დარღვევები და მიიღოს ახალი დასაბუთებული გადაწყვეტილება.