სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა რუსეთთან მიმართებით საიას და პარტნიორი ორგანიზაციების რეკომენდაციები გაითვალისწინა

2015-04-03 14:03
Featured image

გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტმა, 2015 წლის 31 მარტს გამართულ სესიაზე, რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით, შემაჯამებელი დასკვნა შეიმუშავა. კომიტეტმა დასკნითი მოსაზრებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2015 წლის 16 და 17 მარტს გაეროში წარმოდგენილი ანგარიშის და არასამთავრობო ორგანიზაციათა მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე მიიღო. სესიაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებათა ეროვნულმა ინსტიტუტმა (NIHR) , ადამიანის უფლებათა პრიორიტეტთან (HRP) თანამშრომლობით, ალტერნატიული ანგარიში წარადგინეს.

გაეროს მიერ რუსეთის ფედერაციასთან მიმართებით შემუშავებულ დასკვნაში, საიასა და პარტნიორი ორგანიზაციების მიერ მიწოდებული ინფორმაციის გათვალისწინებით, სხვა საკითხებთან ერთად, ყურადღება გამახვილებულია შეიარაღებულ კონფლიქტებზე უკრაინასა და საქართველოში: „კომიტეტი შეშფოთებას გამოთქვამს უკრაინაში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევის სავარაუდო შემთხვევების გამო, რასაც ადგილი აქვს იმ ძალების მხრიდან, რომელზეც, როგორც ჩანს, პაქტის ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთი] მნიშვნელოვანი გავლენა აქვს და რაც, შესაძლოა, ეფექტურ კონტროლს გაუტოლდეს. კომიტეტი აგრეთვე შეშფოთებულია 2008 წლის შეიარაღებული კონფლიქტის დროს საქართველოს რეგიონ - სამხრეთ ოსეთში პაქტით აღიარებული უფლებების მძიმე დარღვევების ფაქტების გამო, რომელთა გამოძიებაც სრულად არ მომხდარა (მე-2 მუხლი). კომიტეტი ... მოუწოდებს ხელშემკვრელ მხარეს [რუსეთის ფედერაციას], დაიცვას პაქტით აღიარებული უფლებები იმ ქმედებებთან მიმართებით, რომელთაც ადგილი აქვს შეიარაღებული ჯგუფებისა და ე.წ. ‘დონეცკის სახალხო რესპუბლიკის’, ‘ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკისა’ და ‘სამხრეთ ოსეთის’ თვითგამოცხადებული ხელისუფლების მხრიდან, იმ ფარგლებში, რომელშიც იგი უკვე ახორციელებს სათანადო გავლენას ამ ჯგუფებსა და ხელისუფლების ორგანოებზე, რაც უტოლდება მათ ქმედებებზე ეფექტურ კონტროლს.” 
 
გარდა ზემოხსენებული ინფორმაციისა, საიას და პარტნიორი ორგანიზაციების ალტერნატიული ანგარიში ასახავს საქართველოს მოქალაქეთა მიმართ რუსეთის ფედერაციის მიერ ადამიანის უფლებათა დარღვევებს 2008 წლის აგვისტოს ომის დროს და რუსი და ოსი მესაზღვრეების მიერ მავთულხლართების უკანონო მშენებლობისა და უკანონო დაკავებების მიმდინარე ფაქტებს.