GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

14 თებერვალი, 202413:55

თბილისის საქალაქო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვის სარჩელი. გადაწყვეტილების საფუძველზე, მოპასუხეებს - შპს "მედიკალ სოფტსა“ და შპს „ექსპრესდიაგნოსტიკას“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისრათ სახელმწიფო სკრინინგის ფარგლებში არასწორი დიაგნოსტირების შედეგად მიყენებული მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ჯამში 32 869 ლარის ოდენობით.

საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების მიხედვით, ბავშვს დაბადებისთანავე ჩაუტარდა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში სკრინინგი სამ თანდაყოლილ დაავადებაზე, მათ შორის, ფენიკლეტონურიაზე. სკრინინგის შედეგების მიხედვით, ბავშვს არ ჰქონდა არც ერთი დაავადება, შესაბამისად, სკრინინგის განხორციელების პროცესში მონაწილე დაწესებულებები ბავშვის მშობლებს არ დაკავშირებიან.

ფენილკეტონურია არის მემკვიდრული ტიპის, სიცოცხლისთვის საშიში დაავადება, რა დროსაც აღინიშნება ფერმენტ ფენილანალინ-ჰიდროქსილაზის ნაკლებობა ან არარსებობა, მისი სინთეზის დარღვევის გამო. დროული დიაგნოსტირება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რადგან დაავადება ექვემდებარება მართვას. თანდაყოლილ დაავადებებთან დაკავშირებით სკრინინგის პროცედურას ატარებს სახელმწიფოს მიერ შერჩეული ლაბორატორიული დაწესებულება.

„ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის დადგენილების შესაბამისად, თუ სკრინინგის შედეგი დადებითია, სკრინინგის განმახორციელებელმა დაწესებულებამ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს მშობლის ინფორმირება და შემდგომი კვლევა დიაგნოზის დასადასტურებლად. თუ დადებითი პასუხის შესახებ არ მოხდება მშობლის ინფორმირება, ივარაუდება, რომ პასუხი უარყოფითია. მშობლისთვის სხვა რაიმე ინფორმაციის მიწოდების ვალდებულება სამეანო დაწესებულებას/ სკრინინგის განმახორციელებელ კომპანიებს არსებული ხელშეკრულებითა და მთავრობის დადგენილების მიხედვით არ გააჩნიათ, თუმცა, „ჯანმრთელობის დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის (რომელსაც უფრო მაღალი იურიდიული ძალა აქვს ხელშეკრულებასა და ხსენებულ დადგენილებასთან მიმართებით) მე-7 მუხლის მიხედვით, საქართველოს ყველა მოქალაქეს უფლება აქვს, მისთვის გასაგები ფორმით მიიღოს ამომწურავი და ობიექტური ინფორმაცია, აგრეთვე მოიძიოს სხვა შეფასება საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ.

მოსარჩელეს, ადრეულ ასაკში შეექმნა ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სხვადასხვა პრობლემა, ვინაიდან, არასწორი დიაგნოსტირების გამო, ოჯახისთვის უცნობი იყო, ბავშვს რა ტიპის მკურნალობა ესაჭიროებოდა. ამდენად, მკურნალობის პროცესში გამოყენებული მეთოდები აღმოჩნდა ფენილკეტონურიის დიაგნოზის მქონე ბავშვის მკურნალობისთვის შეუსაბამო, რამაც გამოიწვია ბავშვის ასაკობრივი განვითარების შეფერხება. სკრინინგის ჩატარებიდან 4 წლის შემდეგ, დადგინდა, რომ შედეგები იყო მცდარი და ბავშვს დაბადებიდან ჰქონდა ფენილკეტონურია.

თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე - ხათუნა ჯინორია) დააკმაყოფილა არასრულწლოვნის სარჩელი და განმარტა, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს პაციენტის უფლებები, როდესაც მშობლებს არ შეატყობინეს უარყოფითი შედეგისა და სკრინინგის პროცედურის შედეგის ცდომილების შესახებ.

პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება ამ დროისთვის არ არის კანონიერ ძალაში შესული.

სხვა სიახლეები