GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

07 თებერვალი, 202011:52

2020 წლის 6 თებერვალს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე საყვარელიძე საქართველოს წინააღმდეგ. საქმე სამხედრო ჯავშანმანქანისა და მსუბუქი ავტომანქანის შეჯახების შედეგად მომჩივნის, მარიამ საყვარელიძის შვილისა და დის გარდაცვალებას და აღნიშნულ ავტოსაგზაო შემთხვევაზე დაწყებული გამოძიების არაეფექტიანობას შეეხება.

საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, 2003 წლის 22 ნოემბერს, ვარდების რევოლუციის საპროტესტო აქციების მიმდინარეობის დროს, მომჩივანი და მისი ოჯახის წევრები თბილისში კუთვნილი ავტომანქანით გადაადგილდებოდნენ. მათ მანქანას სამხედრო ჯავშანმანქანა დაეჯახა, რომელსაც პოლიციელი ან სამხედრო ოფიცერი მართავდა. დაჯახების შედეგად მომჩივნის შვილი და და დაიღუპნენ, ხოლო მომჩივანმა და მისმა დის შვილებმა სხეულის დაზიანებები მიიღეს. 

2003 წელს, მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ დაიწყო გამოძიება. 2003 წლიდან 2017 წლამდე სხვადასხვა უწყებები (საქართველოს თავდაცვის სამინისტრო, შინაგან საქმეთა სამინისტრო და ქ. თბილისის პროკურატურა) იძიებდნენ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს. ამ პერიოდში გამოძიება რამდენჯერმე შეწყდა, თუმცა, დაზარალებულის მოთხოვნის საფუძველზე კვლავ განახლდა.   2017 წელს საქართველოს პროკურატურამ გამოძიება შეწყვიტა დანაშაულის ხანდაზმულობის ვადის გასვლის გამო ისე, რომ გამოძიების ფარგლებში არ მომხდარა ინციდენტის დეტალების სათანადოდ გარკვევა. 

მომჩივანმა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს 2010 წელს მიმართა და სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა უფლებების დარღვევის დადგენას ითხოვდა. მომჩივნის ინტერესებს ადამიანის უფლებათა ცენტრი წარმოადგენდა. 

2020 წლის 6 თებერვლის გადაწყვეტილებით სტრასბურგის სასამართლომ მომჩივნის მიმართ ევროპული კონვენციის მე-2 მუხლის (სიცოცხლის უფლება) პროცედურული ნაწილის დარღვევა დაადგინა. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ ინციდენტი 2003 წლის 22 ნოემბერს მოხდა, გამოძიება კი ცამეტი წლის შემდეგ 2017 წელს დასრულდა. სასამართლოს განმარტებით, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით წარმოებული გამოძიება იყო გაჭიანურებული და ხასიათდებოდა გარკვეული უმოქმედობით, თუმცა, საგამოძიებო ორგანოებს არ წარმოუდგენიათ რაიმე დამაჯერებელი არგუმენტი, თუ რამ გამოიწვია გამოძიების გაჭიანურება. დამატებით სასამართლომ აღნიშნა, რომ გამოძიების თავდაპირველ ეტაპზევე ცნობილი იყო იმ პირის ვინაობა, ვინც ჯავშანმანქანას მართავდა, ასევე, დაკითხული იყვნენ მოწმეები და ჩატარებული იყო შესაბამისი ექსპერტიზები. თუმცა, მიუხედავად ამისა, საგამოძიებო ორგანოებმა სისხლის სამართლის საქმის წარმოება 10 წელზე მეტ ხანს გააჭიანურეს, რაც საბოლოოდ 2013 წელს ხანდაზმულობის ვადის გასვლით, 2017 წელს კი გამოძიების შეწყვეტით დასრულდა ისე, რომ ჯავშანმანქანის მძღოლს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა არ დაკისრებია. 

ევროპულმა სასამართლომ ასევე იმსჯელა, რამდენად იყო მოპასუხე სახელმწიფო პასუხისმგებელი მომჩივნის ნათესავების გარდაცვალებაზე. აღნიშნულზე სასამართლომ განმარტა, რომ საქმის ფაქტობრივი გარემოებები (მაგალითად, რა სიჩქარით მოძრაობდა სამხედრო ჯავშანმანქანა, გზის რომელ მონაკვეთზე შეეჯახნენ სამხედრო მანქანა და მომჩივნის შვილის მართვის ქვეშ მყოფი მანქანა) მხარეებს შორის იყო სადავო. შესაბამისად, ამ საქმისთვის მნიშვნელოვანი ფაქტების ცოდნის გარეშე, სასამართლოსთვის შეუძლებელი იყო იმ საკითხის გადაწყვეტა, სახელმწიფო იყო თუ არა პასუხისმგებელი მომჩივნის შვილის და დის გარდაცვალებაზე. თუმცა, სასამართლომ განმარტა, რომ სწორედ ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიების არაეფექტიანობამ შეუშალა ხელი, დაედგინა რამდენად იყო საქართველო პასუხისმგებელი სიცოცხლის უფლების მატერიალური მხარის დარღვევისთვის. 

სასამართლოს გადაწყვეტილებით, საქართველოს მომჩივნისთვის მიყენებული მორალური ზიანის გამო, 25 000 ევროს გადახდა  დაეკისრა.

 

სხვა სიახლეები