GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 ივნისი, 2021

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საიას და EHRAC-ის მიერ 2019 წლის 20-21 ივნისს დაზარალებული ჟურნალისტებისა და დემონსტრანტების სახელით შეტანილი საჩივრების არსებითი განხილვა დაიწყო. კერძოდ, სასამართლომ საქართველოს მთავრობას, როგორც მოპასუხე სახელმწიფოს, საქმეებზე - ბაღაშვილი და სხვები საქართველოს წინააღმდეგ და ქურდოვანიძე და სხვები საქართველოს წინააღმდეგ, შესაბამისი კითხვებით მიმართა.

საიამ ევროპულ სასამართლოში საჩივრები 2021 წლის 7 აპრილს წარადგინა.  გაგზავნილი საჩივრები ჯამში 22 პირის საქმეს აერთიანებს, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების დროს დაზარალდნენ. წარდგენილ საჩივრებში მომჩივნები ევროპული კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება - მედიის წარმომადგენლების შემთხვევაში), მე-11 (შეკრებისა და გაერთიანების თავისუფლება - დემონსტრანტების შემთხვევაში), და მე-13 (სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალების უფლება) მუხლების დარღვევას ასაბუთებენ.

ევროპულმა სასამართლომ საჩივარში დაყენებულ ყველა მუხლთან დაკავშირებით დაუსვა კითხვები საქართველოს მთავრობას. სასამართლოს მიერ დასმული კითხვების თანახმად, სახელმწიფომ სასამართლოს წინაშე უნდა წარადგინოს პოზიცია იმ საკითხზე, დაირღვა თუ არა ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების მიმართ საჩივარში მოხმობილი უფლებები. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკის თანახმად, მხარეებს 2021 წლის 03 სექტემბრამდე მიეცათ ვადა მეგობრული მორიგების პირობებზე შესათანხმებლად. თუ სასამართლოს მიერ განსაზღვრულ ვადაში მხარეებს შორის ამგვარი შეთანხმება ვერ შედგება, მთავრობა დამატებით 12 კვირიან ვადაში წარადგენს თავის მოსაზრებებს სასამართლოს მიერ დასმულ კითხვებთან დაკავშირებით.

გარდა უფლებების დარღვევის შესახებ შეკითხვებისა, ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა საიას ადვოკატების მოთხოვნა და დაავალა საქართველოს მთავრობას, წარმოადგინოს 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლასთან დაკავშირებით პროკურატურის მიერ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის მასალები. აღსანიშნავია, რომ საიას ადვოკატების მიერ ეროვნულ დონეზე არაერთი მოთხოვნის მიუხედავად, გენერალური პროკურატურა არ რთავს ნებას დაზარალებულებს, გაეცნონ სისხლის სამართლის საქმის სრულ მასალებს. გასათვალისწინებელია ისიც, რომ ეროვნულ დონეზე დაზარალებულის სტატუსი ამ დროისათვის საია-ს დაცვის ქვეშ მყოფი 22 პირისგან მხოლოდ 3 პირს აქვს მინიჭებული.

იმ პირობებში, როდესაც ევროპულ სასამართლოში მიმდინარეობს 20-21 ივნისს აქციის დაშლის დროს დაზარალებული ჟურნალისტებისა და აქციის მონაწილეების საჩივრების არსებითი განხილვა, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ დაუშვებელია ამნისტიის/შეწყალების გამოყენება სახელმწიფოს წარმომადგენლების მიერ ადამიანის უფლებათა წინააღმდეგ ჩადენილ სერიოზულ დანაშაულებთან მიმართებით, მათ შორის, ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევებთან დაკავშირებით. ამნისტიის შესახებ კანონი საფრთხეს შეუქმნის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების სრულყოფილად აღსრულებას. 

 

სასამართლოს მიერ სახელმწიფოსათვის დასმული შეკითხვები:

ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის არსებითი ნაწილის შესახებ ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს: 

მომჩივნების მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების გათვალისწინებით, დაექვემდებარნენ თუ არა მომჩივნები პოლიციის მხრიდან არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას 20-21 ივნისის აქციის დაშლის დროს? რეზინის ტყვიების გამოყენება შეესაბამებოდა თუ არა კანონმდებლობას? შეესაბამებოდა თუ არა ეროვნული კანონმდებლობის საფუძველზე მიღებული ზომები ევროპული კონვენციის მე-3 მუხლს? 

ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილთან დაკავშირებით, ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს: 

ჩაატარეს თუ არა საგამოძიებო ორგანოებმა ეფექტიანი გამოძიება მომჩივნების მიმართ აქციის დაშლის დროს ჩადენილ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, ისე, როგორც ამას მოითხოვს კონვენციის მე-3 მუხლი?  რა ეტაპზეა ამჟამად გამოძიება? მიეცათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა ეფექტიანი მონაწილეობა მიეღოთ გამოძიების პროცესში? 

ევროპული კონვენციის მე-10 მუხლთან დაკავშირებით (ჟურნალისტებთან მიმართებით) სვამს შემდეგ შეკითხვებს: 

მომჩივნების პოზიციის გათვალისწინებით, რომ მათ მიმართ პოლიცია იყენებდა ძალას, როდესაც ისინი, როგორც ჟურნალისტები, აშუქებდნენ მიმდინარე მოვლენებს, მოხდა თუ არა სახელმწიფოს მხრიდან  ევროპული კონვენციის მე-10 (1) მუხლით გათვალისწინებულ გამოხატვის თავისუფლებაში ჩარევა? თუ იყო ამგვარი ჩარევა, იყო თუ არა ეს კანონიერი და „აუცილებელი დემოკრატიულ საზოგადოებაში“ კონვენციის მე-10 (2) მუხლის მიზნებისთვის? 

ევროპული კონვენციის მე-11 მუხლთან დაკავშირებით (აქციის მონაწილეებთან მიმართებით) ევროპული სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვებს:  

მოხდა თუ არა მომჩივნების ევროპული კონვენციის მე-11 (1) მუხლით გათვალისწინებულ შეკრების თავისუფლებაში ჩარევა? თუ ჩარევას ჰქონდა ადგილი, იყო თუ არა ეს გათვალისწინებული კანონით და „აუცილებელი დემოკრატიული საზოგადოებაში“ კონვენციის მე-11 (2) მუხლის მიზნებისთვის?

კონვენციის მე-13 მუხლთან დაკავშირებით სასამართლო სვამს შემდეგ შეკითხვას:

ჰქონდათ თუ არა მომჩივნებს შესაძლებლობა, ესარგებლათ შიდა სამართლებრივი დაცვის საშუალებებით ევროპული კონვენციის მე-3, მე-10 და მე-11 მუხლებთან მიმართებით, როგორც ამას მოითხოვს ევროპული კონვენციის მე-13 მუხლი? 

 

 

 

 

სხვა სიახლეები