სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს

2013-02-04 07:39
Featured image

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს,

ბატონ არჩილ ხაბაძეს
 
1 თებერვალი 2013 წ.
ბატონო არჩილ, 
2013 წლის 29 იანვარს აჭარის უმაღლესმა საბჭომ  მიიღო საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც ახლებურად არეგულირებს უმაღლესი საარჩევნო კომისიის დაკომპლექტების წესს.
2012 წლის 26 დეკემბერს, მას შემდეგ, რაც ცნობილი გახდა, რომ აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭო  უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილებას განხილავდა, ჩვენ, არასამთავრობო ორგანიზაციებმა სპეციალური განცხადებით მივმართეთ უმაღლეს საბჭოს, სადაც მკაფიოდ დავაფიქსირეთ პოზიცია, რომ უსკოს დაკომპლექტების წესის ცვლილება დაჩქარებული წესით, საარჩევნო რეფორმის მიღმა მიუღებელი იყო. 
არასამთავრობო ორგანიზაციების წინააღმდეგობის მიუხედავად, უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობის წესის შეცვლა საერთო საარჩევნო რეფორმის მიღმა, კონტექსტიდან ამოგლეჯილად განხორციელდა, რაც ჩვენ მიერ აღქმულ იქნა, როგორც საარჩევნო ადმინისტრაციაზე პოლიტიკური გავლენის მოხდენის მცდლობა.  
გაურკვეველია უმაღლესი საბჭოს მიერ უმაღლესი საარჩევნო კომისიის წევრთა შემადგენლობის წესის ნაჩქარევად, ფაქტიურად, სამოქალაქო საზოგადოების აზრის გაუთვალისწინებლად შეცვლა იმ პირობებში, როდესაც საქართველოს პარლამენტი, ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები საარჩევნო რეფორმაზე გაფართოებულ სამუშაო ფორმატში აქტიურად მსჯელობენ. 
მიგვაჩნია, რომ საარჩევნო სისტემის დახვეწა, მათ შორის უსკოს რეფორმაც ერთიანი საარჩევნო რეფორმის ნაწილი უნდა იყოს. შესაბამისად, მოგმართავთ თხოვნით, რომ გამოიყენოთ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კონსტიტუციით თქვენთვის მონიჭებული უფლება  და  ხელმოსაწერად გადმოცემული კანონპროექტი მოტივირებული შენიშვნებით გასახილველად უკან დაუბრუნოთ უმაღლეს საბჭოს.   
ამასთან, წარმოგიდგენთ ჩვენი ორგანიზაციების მიერ მომზადებულ სამართლებრივ დასკვნას იმ საკითხებზე, რომლებიც აღნიშნული კანონპროექტის განხილვასა და მიღებას ახლდა თან.
 
 
ნინო ლომჯარია
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)
 
კახა კოჟორიძე
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
 
ეკა გიგაური
საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო