GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 ნოემბერი, 2017

სამოქალაქო საზოგადოება კიდევ ერთხელ ეხმიანება საზოგადოებრივ მაუწყებელში ბოლო პერიოდში განვითარებულ მოვლენებს. ჩვენი შეშფოთების საგანია მაუწყებელში ხელისუფლების და ყოფილი პრემიერის ბიძინა ივანიშვილთან დაკავშირებული პირების ზეგავლენის ზრდა, რაც მნიშვნელოვნად  ეწინააღმდეგება საზოგადოებრივი მაუწყებლის მისიას დემოკრატიული საზოგადოებაში.

ნეპოტისტური საკადრო პოლიტიკა

ბიძინა ივანიშვილსა და მის კუთვნილ კომპანიებთან დაკავშირებული პირების საზოგადოებრივ მაუწყებლის საკვანძო თანადებობებზე და ჟურნალისტის პოზიციებზე დანიშვნამ, სამოქალაქო სექტორის ლეგიტიმური კრიტიკა დაიმსახურა. 2017 წლის დასაწყისში სამეურვეო საბჭომ დირექტორად ვასილ მაღლაფერიძე აირჩია, რომელიც სხვადასხვა დროს ტელეკომპანია GDS-ის გადაცემა 20/30-ის გენერალურ პროდიუსერად და ასევე ივანიშვილების კუთვნილი “მეცხრე არხის” დირექტორის მოადგილედ მუშაობდა.

მაღლაფერიძის მოსვლიდან დღემდე,  ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელეკომპანია GDS-ის მოქმედი და ყოფილითანამშრომლები უკონკურსოდ და მასობრივად საზოგადოებრივ მაუწყებელზე დაასაქმეს, მათ შორის წამყვან პოზიციებზე დაინიშნა ია ანთაძე, ნოდარ ჭიჭინაძე და ა.შ. ინფორმაცია ამის შესახებ მთელი წლის განმავლობაში ვრცელდებოდა.

ხელისუფლების მიმართ მიკერძოებული სარედაქციო პოლიტიკა

ბოლო დროინდელმა კვლევებმა ნათლად აჩვენა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის სარედაქციო პოლიტიკა და შესაბამისად კრიტიკაც ხელისუფლების მიმართ შერბილებულია.  მაუწყებელი გამოირჩევა “ხელისუფლების მიმართ რბილი, არა მოდარაჯე პოზიციით”, რაც ნეგატიურ ზეგავლენას ახდენს ქართულ მედია გარემოზე.

სადავო საკანომდებლო ინიციატივა

საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი მენეჯმენტის მიერ ინიცირებული საკანომდებლო ინიციატივა, რომელიც “მაუწყებლის შესახებ” კანონში ცვლილებების შეტანას ითვალისწინებს, მნიშვნელოვნად ამცირებს საზოგადოებრივ მაუწყებელში გამჭვირვალობასა და საჯაროობას. ეს ინიციატივა ზრდის საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტის უფლებამოსილებას, ასუსტებს სამეურვეო საბჭოს, აჩენს კორუფციული გარიგებების რისკს, ასუსტებს მაუწყებელში დასაქმებულ პირთა დაცვის მექანიზმებს.

გადაცემების კონკურსები

ახალი მენეჯმენტის მოსვლის შემდეგ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ბევრჯერ შეცვალა საკუთარი მიდგომა არხზე არსებული გადაცემების მომავალთან დაკავშირებით. კითხვის ნიშნებს ბადებს არხის მიერ ჩატარებული კონკურსის შედეგად შერჩეული პროგრამების ბუნდოვანი მიზეზით დაწუნება.

ტენდერები

2017 წლის ოქტომბერში საზოგადოების ყურადღების ქვეშ საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში გამარჯვებული კომპანიების მფლობელები მოექცა. საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი გადაცემისთვის განათების შესყიდვის 346 ათას ლარის ღირებულების ტენდერი  მოიგო კომპანიამ, რომელსაც ბიძინა ივანიშვილის შვილი, ბერა ივანიშვილი ფლობს, ხოლო დირექტორი ივანიშვილთან დაახლოებული გოგა ხაიდრავაა. აღნიშნულ გადაცემას მაკა ცინცაძე წაიყვანს, რომელიც ივანიშვილის ოჯახის კუთვნილი ტელევიზიის GDS-ის წამყვანი ჟურნალისტი იყო. როგორც შემდგომ ბერას მიერ გავრცელებულიგანცხადების საფუძველზე ირკვევა, ის არ იყო აღნიშნული ტენდერის შესახებ ინფორმირებული და მის განკარგულებაში არსებულ ტექნიკას საჩუქრად გადასცემს პირველ არხს. ბერას განცხადებამ დამატებითი კითხვები გააჩინა თუ როგორ გადაწყვიტა კომპანიის ხელმძღვანელობამ მფლობელის გვერდის ავლით და მისი თანხმობის გარეშე ტენდერში მონაწილეობა, ასევე რამდენად შეუძლია საზოგადოებრივ მაუწყებელს ძვირადღირებული საჩუქრის მიღება და არსებული მენეჯმენტის ფარგლებში მიუკერძოებელი სარედაქციო პოლიტიკის შენარჩუნება.

ამასთანავე, გოგა ხაინდრავას კომპანიამ მოიგო საზოგადოებრივი მაუწყებლის კიდევ ერთი, 484 ათას ლარის ღირებულების ტენდერი სერიალის წარმოებისა და ტექნიკური უზრუნველყოფისთვის.

საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენები, ყოფილი პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების გავლენის გაძლიერება, იწვევს შეშფოთებას და კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს არხის მიუკერძოებლობას და პოლიტიზირების რისკებს აჩენს, რაც ეწინააღმდეგება  საზოგადოებრივი მაუწყებლის არსებობის იდეას და საფრთხეს უქმნის მედია გარემოს.

მოვუწოდებთ საქართველოს პარლამენტს, დაინტერესდეს საზოგადოებრივ მაუწყებელში მიმდინარე მოვლენებით და მოაწყოს საჯარო განხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებით. 
 

  1. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

  2. საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო

  3. სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება (ISFED)

  4. ფონდი “ღია საზოგადოება - საქართველო”

  5. საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)

  6. მედიის განვითარების ფონდი (MDF)

  7. ადამიანის უფლებათა ცენტრი

  8. 42-ე მუხლი

  9. საქართველოს რეფორმების ასოციაცია (GRASS)

  10. საფარი

  11. ლიბერალური აკადემია

  12. ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

  13. კვლევითი ჟურნალისტიკისა და ადვოკატირების ცენტრი

  14. ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრი

  15. სამოქალაქო განვითარების სააგენტო „სიდა“

  16. უკეთესი მომავლისთვის (წეროვანი)

  17. მეგობრობის ხიდი "ქართლოსი" (გორი)

  18. ახალციხის ახალგაზრდული ცენტრი (ახალციხე)

  19. საზოგადოებრივი მონიტორინგისა და კვლევის ცენტრი (ხარაგაული)

  20. საუნჯე (ზუგდიდი)

  21. Step forward (ბათუმი)

  22. დემოკრატ მესხთა კავშირი (ახალციხე)

  23. სამოქალაქო ინიციატივების ასოციაცია (ახალციხე)

  24. ჩვენ-ჯანსაღი მომავლისათვის (წეროვანი)

  25. ნაბიჯი ხარაგაული (ხარაგაული)

  26. დემოსი (რუსთავი)

  27. მთის განვითარების ცენტრი (სტეფანწმინდა)

  28. დუშეთის განვითარების ფონდი (დუშეთი)

  29. მშვიდობის  ქარტია (ნინოწმინდა)

სხვა სიახლეები