სიახლეები
არასამთავრობო ორგანიზაციები ვეხმაურებით და ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ მხარდაჭერილი პრეზიდენტობის კანდიტატის, სალომე ზურაბიშვილის ქსენოფობიურ განცხადებას.
2 ოქტომბერს, ნინოწმინდაში, წინასარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ადგილობრივ ეთნიკურად სომეხ მოქალაქეებთან შეხვედრისას, ზურაბიშვილმა განაცხადა: “აქამდე მოქალაქეობა იყო მხოლოდ მინიჭებით და მხოლოდ პრეზიდენტის საბოლოო გადაწყვეტილებით და ერთმა პრეზიდენტმა [მიხეილ სააკაშვილი], ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, დღეს მისი წარმომადგენელი არის ჩემი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა”.
მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის განცხადება ხელს უწყობს შუღლის გაღვივებას, ეწინააღმდეგება ლიბერალური დემოკრატიისა და თანასწორუფლებიანობის პრინციპებს, ახდენს ისტორიული კონფლიქტის თანამედროვე ქართულ პოლიტიკურ რეალობაში სახიფათო პრობლემატიზაციას.
განცხადება აგრეთვე შეიცავს უკანონო აგიტაციის ნიშნებს, კერძოდ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მართალია, საარჩევნო სუბიექტებს უფლება აქვთ რომ გამოვიდნენ მომავალი საქმიანობის პროგრამით, თუმცა საარჩევნო პროგრამა არ უნდა შეიცავდეს ომისა და ძალადობის პროპაგანდას, არსებული სახელმწიფო და საზოგადოებრივი წყობილების ძალადობით შეცვლისკენ ან დამხობისკენ, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის დარღვევისკენ, ეროვნული შუღლისა და მტრობისკენ, რელიგიური და ეთნიკური დაპირისპირებისკენ მოწოდებას.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის სალომე ზურაბიშვილის პირველი რასისტული და ქსენოფობიური შინაარსის განცხადება. 2013 წლის 31 იანვარს, საკუთარ ფეისბუქ გვერდზე მან ჩინელებთან დაკავშირებით დაწერა: “ჩინელები არ კვდებიან. ერთი პირადობის მოწმობით ან პასპორტით სარგებლობს რამდენიმე ადამიანი სანათესავოდან და ვინ გაარჩევს? როცა გგონია რომ ათი შემოვიდა სინამდვილეში 100-მდე შეიძლება იყვნენ". ერთ-ერთ განცხადებაში კი განაცხადა, რომ უცხოელებმა "ჩილიმების ქუჩად არ უნდა გადააქციოს შარდენი და აღმაშენებელი".
უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირები, სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ლიდერები, ასევე არჩევნებში მონაწილე სუბიექტები, ხშირად იყენებენ სიძულვილის ენას და მიზანმიმართულად ავრცელებენ ქსენოფობიურ განცხადებებს, თუმცა, სახელისუფლებო გუნდის მიერ მხარდაჭერილი საპრეზიდენტო კანდიდატის აღნიშნული განცხადება განსაკუთრებით სახიფათო და ანტისახელმწიფოებრივია.
ჯანსაღი საარჩევო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით, მიგვაჩნია, რომ წინაასაარჩევნო კამპანია უნდა ეფუძნებოდეს ადამიანის უფლებების დაცვის, თანასწორობისა და კეთილსინდისიერების პრინციპებს.
ხელმომწერი ორგანიზაციები ვგმობთ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას. ასევე, მიგვაჩნია, რომ პრეზიდენტობის კანდიდატის მიერ ადგილი აქვს აგიტაციას კანონის მოთხოვნათა დარღვევით.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, მოვუწოდებთ:
- სალომე ზურაბიშვილს, არჩევნებში მონაწილე ყველა კანდიდატს და პოლიტიკურ ძალას, პატივი სცენ კანონს და თავი შეიკავონ ქსენოფობიური, რასისტული და დისკრიმინაციული განცხადებებისგან.
- საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას - შეისწავლოს განცხადებაში აღწერილი ფაქტობრივი გარემოებები და განახორციელოს შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება.
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი - TDI
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია
მედიის განვითარების ფონდი - MDF
საქართველოს რეფორმების ასოციაცია - GRASS
კონსტიტუციის 42-ე მუხლი
საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა - GDI
საფარი
დემოკრატიისა და უსაფრთხო განვითარების ინსტიტუტი - IDSD
თანასწორობის მოძრაობა
პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის
ეთნიკურობისა და მულტიკულტურალიზმის შესწავლის ცენტრი - CSEM
მედია კლუბი
შავი და ბალტიის ზღვის ალიანსი - საქართველო
ადამიანის უფლებათა ცენტრი
ფონდი ღია საზოგადოება საქართველო
გააზიარე: