GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

18 მაისი, 2017

ქვეყანაში მიმდინარე საკონსტიტუციო ცვლილებების ხმაურიანი განხილვის პარალელურად, სადაც მოქალაქეები, სხვა საკითხებთან ერთად, ხელისუფლებისგან მოითხოვენ თვითმმართველობის უფლებას საკუთარი ქალაქებისა და სოფლებისათვის, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრომ, საზოგადოებასთან ყოველგვარი კონსულტაციის გარეშე, მოამზადა და უახლოეს დღეებში მუნიციპალიტეტებში „შესათანხმებლად“ გადააგზავნის საკანონმდებლო ინიციატივას, რომელიც 14 მუნიციპალიტეტის (მათ შორის, 7 თვითმმართველი ქალაქის) გაუქმებასა და კვლავ საბჭოთა რაიონების ტერიტორიული მოწყობის აღდგენას ითვალისწინებს.

ხელისუფლების წარმომადგნელები აცხადებენ, რომ იგეგმება თვითმმართველი ქალაქებისთვის თვითმმართველი თემის შეერთება, რაც რეალურად ნიშნავს თვითმმართველობის უფლების დაკარგვას როგორც 7 ქალაქისთვის, ისე თვითმმართველ თემში შემავალი სოფლებისთვის.     

ასევე, ცნობილი გახდა, რომ გარკვეული ზეწოლა მიმდინარეობს ამ მუნიციპალიტეტების ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებზე იმისათვის, რომ საკრებულოებმა ერთხმად დაუჭირონ მხარი სამინისტროს მიერ მომზადებულ ცვლილებებს.

სამწუხაროა, რომ სამინისტრომ აღნიშნული კანონპროექტის შემუშავების პროცესი წარმართა საზოგადოების წარმომადგენლებისა და ექსპერტების ყოველგვარი ჩართულობის გარეშე. ეს მით უფრო გასაკვირია, როცა 29 მარტს 130-მდე არასამთავრობო, სათემო და მედია ორგანიზაციამ მივმართეთ საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს და მზად ვიყავით, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან ერთად გვემსჯელა აღნიშნულ საკითხზე. სამწუხაროდ, დღემდე ამ მიმართვას ხელისუფლების მხრიდან არანაირი  დიალოგის სურვილი ან კონსულტაციის მცდელობა არ მოჰყოლია.

მთავრობის აღნიშნული ინიციატივის მიმართ ნეგატიური დამოკიდებულება აქვს არა მარტო სამოქალაქო სექტორს, არამედ იმ მუნიციპალიტეტების მოსახლეობის მნიშვნელოვან ნაწილს, რომელთა გაერთიანებაც იგეგმება. ეს განწყობა კიდევ ერთხელ ნათლად დადასტურდა რეგიონებში კონსტიტუციის განხილვის დროს მოქალაქეების გამოსვლებისას.

სამწუხაროდ, საკონსტიტუციო განხილვებზე ხელისუფლების წარმომადგენლებმა მოსახლეობას დაუმალეს სიმართლე და არ უთხრეს, რომ ცვლილებათა პაკეტი, პრაქტიკულად, უკვე მზადაა და სათემო მუნიციპალიტეტებისა და თვითმმართველი ქალაქების გაერთიანების საკითხი დღის წესრიგში სულ მალე დადგება.

ჩვენ დაუშვებლად მიგვაჩნია, რომ ასეთი მნიშვნელოვანი ცვლილებების მომზადებისა და განხორციელების პროცესი წარიმართოს საზოგადოების ზურგს უკან. ამიტომაც მივმართავთ საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტს, აგრეთვე, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, უახლოეს დღეებში, საკრებულოებისთვის ინიციატივის გადაგზავნამდე, გაიმართოს შეხვედრა ხელისუფლებისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის, მიუხედავად იმისა, ვინ არის ინიციატივის მომხრე თუ მოწინააღმდეგე, რათა განვიხილოთ თვითმმართველი ქალაქებისა და თემებისთვის სტატუსის გაუქმების თაობაზე სამინისტროს მიერ მომზადებული წინადადებები.  

მიმართვას ხელს შემდეგი ორგანიზაციები აწერენ:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,

რეგიონის განვითარების ცენტრი,

ადგილობრივი დემოკრატიის ქსელის ცენტრი,

კივიტას გეორგიკა,

ფონდი ”ღია საზოგადოება - საქართველო“,

სამოქალაქო კულტურის საერთაშორისო ცენტრი,

საქართველოს მედია-კლუბი,

მმართველობითი სისტემების განვითარების ცენტრი,

საქართველოს სტრატეგიული კვლევებისა და განვითარების ცენტრი,

”საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო“,

ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი,

ადამიანის უფლებათა ცენტრი,

სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,

დემოკრატიული ჩართულობის ცენტრების ქსელი,

სათემო განვითარების ცენტრი,

გორის საინფორმაციო ცენტრი (გორი),

”საუნჯე“ (ზუგდიდი) საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია,

საქართველოს რეგიონული მედიის ასოციაცია, კონსტიტუციის 42-ე მუხლი,

ევროპის ფონდი. 

სხვა სიახლეები