GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

17 ივლისი, 2019

2019 წლის 17 ივლისს, მართლმსაჯულების საერთაშორისო დღეს, სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს საქართველოს კოალიციის წევრმა  ხუთმა ორგანიზაციამ გამართავს სპეციალური ანგარიშის - „ათი წელი აგვისტოს ომიდან: დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ - პრეზენტაცია.

წინამდებარე ანგარიში მიზნად ისახავს, ინფორმაცია მიეწოდოს საზოგადოებას სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიერ საქართველოს სიტუაციაზე დაწყებულ გამოძიებაზე, მის მიმდინარეობასა და დღეს არსებულ გამოწვევებზე. ანგარიში ასევე, ასახავს დაზარალებულთა ამჟამინდელ სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობას 2008 წლის აგვისტოს ომიდან ათი წლის შემდეგ. 

ანგარიშის მომზადების მიზნებისთვის, საქართველოს მასშტაბით გამოიკითხა 36 დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 2400 დევნილი ოჯახი. გამოკითხულ დევნილთა უმეტესობა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ საქართველოს სახელმწიფოს და საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ აშენებულ სპეციალურ კოტეჯებში, ყოფილი სასწავლო დაწესებულების ან/და სამხედრო დანაყოფების ტერიტორიაზე ცხოვრობს. 

ანგარიშის შედეგად გამოიკვეთა, რომ დევნილები, განსახლების პირობებში, ომიდან ათი წლის შემდეგაც რთულ სოციო-ეკონომიკურ მდგომარეობაში ცხოვრობენ. დევნილთა პრობლემები დასახლებების მიუხედავად იდენტურია. ყველაზე მეტ სირთულეს გაუსაძლისი საყოფაცხოვრებო პირობები, სამუშაო ადგილების არარსებობა და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობის წამოწყების შეუძლებლობა ქმნის. დევნილთა დასახლებებში ასევე, მძიმეა ყოველდღიური პირობები ტრანსპორტირების, საგზაო თუ საირიგაციო ინფრასტრუქტურის, სამედიცინო სერვისებზე, სკოლამდელ და სასკოლო განათლებაზე ფიზიკური ხელმისაწვდომობის პრობლემების გამო. გამოკითხულ დევნილთა მხოლოდ 0,02% აღნიშნავს, რომ მათ ოჯახს არანაირი პრობლემა არ აწუხებს. 

ანგარიშის შედეგად იდენტიფიცირებული საკითხების მასშტაბურობის გათვალისწინებით, ნათელია, რომ ისინი არა ინდივიდუალურ, არამედ სისტემურ ხასიათს ატარებს. შესაბამისად, წინამდებარე პრობლემები წარმოაჩენს სათანადო ღონისძიებების გატარების აუცილებლობას დევნილთა სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების უზრუნველსაყოფად, თითოეული დასახლების ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინებით. 

ანგარიშის ფარგლებში გამოიკვეთა, რომ დაზარალებულთა ნაწილს საერთოდ არ გააჩნია ინფორმაცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსა და სასამართლოს მიერ დაწყებული გამოძიების შესახებ, ხოლო დაზარალებულთა მეორე ნაწილს არასწორი წარმოდგენა აქვს სასამართლოს შესახებ, მათ შორის, მათი მოლოდინი ძირითადად უკავშირდება სასამართლოსაგან კომპენსაციის მიღებას ან/და სამხრეთ ოსეთში დაბრუნებას. 

სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების დაწყებიდან დღემდე სამ წელზე მეტი გავიდა. მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით სერიოზულ პრობლემად რჩება სასამართლოს პროკურორის ოფისის მხრიდან გამოძიების მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებისა და დაზარალებული თემისთვის ინფორმაციის მიწოდების ნაკლებობა. გარდა ამისა, გამოძიება მნიშვნელოვნად ჭიანურდება თითქმის ყველა იმ სიტუაციასთან შედარებით, რომელიც სასამართლოს ამ დრომდე განუხილავს. გამოძიებისთვის მნიშვნელოვან დაბრკოლებას წარმოადგენს ის გარემოებაც, რომ 2008 წლის აგვისტოს ომიდან დღემდე ათ წელზე მეტი გავიდა, ამ პერიოდში კი არაერთი დაზარალებული გარდაიცვალა და მტკიცებულებები განადგურდა. 

სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ წარმოებულ გამოძიებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას ასევე, წარმოადგენს რუსეთის უარი თანამშრომლობაზე. უარის არსებობის პირობებში კი მაღალია რისკი, რომ პროკურორის ოფისის მიერ ვერ მოხდება სრულყოფილი გამოძიების წარმოება. 

დამატებით ანგარიშმა გამოკვეთა, რომ საქართველოს ეროვნული საგამოძიებო ორგანოები მხოლოდ დაზარალებულთა მცირე რაოდენობას დაუკავშირდა აგვისტოს ომიდან დღემდე, შესაბამისად დაზარალებულთა უმრავლესობას არ აქვს ინფორმაცია ეროვნულ დონეზე მიმდინარე გამოძიებისა და აღნიშნულ პროცესში მათი უფლებების შესახებ. 

ანგარიშის დასასრულს წარმოდგენილია რეკომენდაციები სახელმწიფო ინსტიტუტებისა და სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს შესაბამისი ორგანოებისთვის.

 

სხვა სიახლეები