GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

27 ნოემბერი, 2019

,,დაკარგული თვალის მიღმა“ არის 20-21 ივნისის მოვლენების შესახებ საიას მიერ მომზადებული ანგარიშია, რომლის პრეზენტაციაც 27 ნოემბერს გაიმართა. ანგარიშში შეფასებულია: 2019 წლის 20-21 ივნისს აქციის დაშლის შესახებ მიღებული გადაწყვეტილების ლეგიტიმურობა და პროპორციულობა; არასათანადო მოპყრობის ფაქტები; ჟურნალისტთა წინააღმდეგ ძალის გადამეტებისა და ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ჩარევის შემთხვევები. ანგარიშში ასევე შეფასებულია 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ადმინისტრაციული წესით დაკავებისა და სასამართლოებში სამართალდარღვევათა საქმეების განხილვის პრაქტიკა. 

საია მიიჩნევს, რომ:

- 20 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვერ მოახერხა დაძაბული ვითარების სათანადო მართვა და დეესკალაციის უზრუნველსაყოფად არ გამოიყენა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსი, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს აქციის მშვიდობიანი მონაწილეების წინააღმდეგ ძალის გამოყენების ლეგიტიმურობას;

- შინაგან საქმეთა სამინისტრომ, ძირითადად, გამოიყენა უკანონო და არაპროპორციული ძალა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ დაიწყო აქციის მონაწილეთა მიმართულებით რეზინის ტყვიების სროლა. სავარაუდოდ, რეზინის ტყვიების გამოყენება ხდებოდა ფართო დისკრეციის პირობებში, წინასწარი თანხმობისა და ინსტრუქციის გარეშე, რაც აღნიშნული ქმედების უკანონობის კიდევ ერთ საფუძველზე მიუთითებს. რეზინის ტყვიების გამოყენება მოხდა იმ პირების მიმართ, ვისი მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე დასტურდება, რომ სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს ახლო მანძილიდან და სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით ისროდნენ;

- დაფიქსიდა სამართალდამცავი პირების მხრიდან ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის არაერთი ფაქტი. სამართალდამცავთა მხრიდან განხორციელებული ქმედებები უტოლდება არასათანადო მოპყრობას და სახელმწიფოს მხრიდან ეფექტიან და ობიექტურ გამოძიებას საჭიროებს;

- არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარნენ ის პირებიც, რომლებიც დაკავების შემდეგ სამართალდამცავთა ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ. პარლამენტის ეზოს შესასვლელ კიბეებთან მოწყობილმა ე.წ. „სამართალდამცავთა კორდონმა“ და პარლამენტის ეზოში განხორციელებულმა ფიზიკურმა და სიტყვიერმა ძალადობამ მიაღწია სისასტიკის მინიმალურ ზღვარს, რაც ქმნის დაკავებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის საფუძველს და საჭიროებს გამოძიებას შესაბამისი პასუხისმგებელი პირების გამოვლენისა და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრების მიზნით;

- ადგილი ჰქონდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების, მათ შორის, გამოხატვის თავისუფლების, არასათანადო მოპყრობისგან დაცვის უფლების, საკუთრების უფლების დარღვევის მძიმე შემთხვევებს, ასევე, ჟურნალისტთათვის პროფესიული საქმიანობის ხელშეშლის ფაქტებს;

- 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, ხოლო მათგან 121 დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას –  ადმინისტრაციულ პატიმრობას. გამოყენებული პრაქტიკა და მისი მასშტაბები ადასტურებს, რომ დღეს მოქმედ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსს სახელმწიფო მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტად ინარჩუნებს. 20-21 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტრომ ადმინისტრაციული დაკავება გამოიყენა განურჩევლად, ინდივიდუალური ქმედებების შეფასების გარეშე, მათ შორის, იმ პირთა მიმართ, რომლებიც არ იყვნენ აქციის მონაწილეები ან/და მათი ქმედებები არ წარმოშობდა ადმინისტრაციული დაკავების სამართლებრივ საფუძვლებს. 

- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა საქმეების სასამართლოში ფორმალურმა განხილვამ კიდევ ერთხელ გამოააშკარავა სამართალდარღვევის საქმეების განხილვისთვის დამახასიათებელი სისტემური და პრაქტიკული პრობლემები;

- 21 ივნისის დღის განმავლობაში და შემდგომ სახდელების გამოყენების პრაქტიკა ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლეთა მხრიდან ადგილი ჰქონდა ურთიერთშეთანხმებულ, მართულ ქმედებას და არა – საქმეთა ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ განხილვას.

ანგარიშს ახლავს რეკომენდაციები, რომლითაც საია საქართველოს გენერალურ პროკურატურას, შინაგან საქმეთა სამინისტროს, პარლამენტს და სასამართლოს მიმართავს. 

 იხილეთ ანგარიში სრულად

სხვა სიახლეები