სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ჩარევის პოზიტიური გავლენა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებაზე

2008-06-08 20:00
Featured image

 2008 წლის 4 ივნისს საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განჩინებით უარი განაცხადა რუსეთის მოქალაქის, ბ-ნ ხაკიმ ჯანგურაზოვის რუსეთში ექსტრადიციაზე.

 2007 წლის დეკემბრიდან ბატონ ჯანგურაზოვს შეფარდებული ჰქონდა საექსტრადიციო პატიმრობა და  2008 წლის 4 ივნისამდე იგი დაკავებული იყო  გლდანის # 8 საპყრობილეში.

 2007 წლის 16 აპრილს რუსეთის ფედერაციის გენერალურმა პროკურატურამ იშუამდგომლა საქართველოს გენერალური პროკურატურის წინაშე ჯანგურაზოვის რუსეთის ფედერაციაში ექსტრადიციის შესახებ. შუამდგომლობის მიხედვით 2006 წლის 4 აპრილიდან ბ-ნ ჯანგურაზოვი ბრალდებულის სახით პასუხისგებაში იყო მიცემული რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სხვადასხვა დანაშაულის ჩადენის გამო, კერძოდ: კრიმინალურ დაჯგუფებაში მონაწილეობა, ბანდიტიზმი, ტერორისტული აქტი, მკვლელობა, რუსეთის ფედერაციის კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და ტერიტორიული მთლიანობის ხელყოფის მიზნით მოწყობილ შეიარაღებულ ამბოხებაში აქტიური მონაწილეობა და სხვა.

 2008 წლის 28 მარტს, საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ მიიღო  დადგენილება განმცხადებლის ექსტრადიციის შესახებ, რომელიც ბ-ნ ჯანგურაზოვის ადვოკატის მიერ გასაჩივრდა ქ. თბილისის საქალაქო სასამართლოში. 2008 წლის 16 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლომ  ძალაში დატოვა საქართველოს გენ. პროკურატურის დადგენილება.

2008 წლის 29 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გააგზავნა დროებითი ღონისძიების მოთხოვნა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში მოთხოვნით შეჩერებულიყო განმცხადებლის ექსტრადიცია  ევროპული სასამართლოს მიერ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების გამოტანამდე. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ადვოკატები დროებითი ღონისძიებები გამოყენების აუცილებლობას  იმით ასაბუთებდნენ, რომ ხაკიმის  რუსეთის ფედერაციისათვის გადაცემის შემთხვევაში იგი დაექვემდებარება კონვენციის მე-3 მუხლის (წამების აკრძალვა) საწინააღმდეგო მოპყრობას, რისი მტკიცების საშუალებას იძლეოდა წამების წინააღმდეგ კომიტეტის (ჩAთ), წამების საკითხებზე სპეციალური მომხსენებლის, რუსეთის ომბუდსმენის, საერთაშორისო ამნისტიის, ადამიანის უფლებათა ცენტრ მემორიალის და რუსეთის სამართლებრივი ინიციატივის სხვადასხვა ანგარიშები, დასკვნებზე და მოხსენებები.

2008 წლის 6 მაისს ევროპულმა სასამართლომ დააკმაყოფილა დროებითი ღონისძიების მოთხოვნა და მიუთითა საქართველოს მთავრობას თავი შეეკავებინა ბ-ნი ჯანგურაზოვის ექსტრადიციისაგან.
როგორც ჩანს ევროპული სასამართლოს მითითებამ პოზიტიური გავლენა იქონია საქართველოს უზენაეს სასამართლოზე, რადგან ამ უკანასკნელს ბევრ საინტერესო დეტალზე გაამახვილებინა ყურადღება და აშკარად დაანახა ის რეალური რისკები, რომლის წინაშეც ჯანგურაზოვი რუსეთის ფედერაციაში მისი ექსტრადიციის შემთხვევაში დადგებოდა.