სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

64 წლის მოხუცს 35 ლარის ღირებულების ფიცრების ქურდობისთვის პატიმრობა შეეფარდა

2011-01-26 17:13
Featured image

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ 2011 წლის 22 იანვარს ლიახვის ხეობიდან დევნილ მოქანდაკეს ვალერიან ჭილაშვილს ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.  64 წლის ჭილაშვილი მცხეთის პროკურატურამ 2010 წლის ოქტომბერში დააკავა და ბრალი 35 ლარად ღირებული ფიცრის მოპარვაში დასდო. პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე დევნილ ჭილაშვილს სასამართლომ 2000 ლარიანი გირაო შეუფარდა. ბრალდებულმა გირაო ვერ გადაიხადა, რის შემდეგაც აღკვეთი ღონისძიება შეეცვალა პატიმრობით.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად დანაშაულს არ წარმოადგენს ქმედება რომელიც ფორმალურად შეიცავს დანაშაულის ნიშნებს, მაგრამ მცირე მნიშვნელობის გამო არ გამოუწვევია ისეთი ზიანი რომელიც აუცილებელს გახდიდა მისი ჩამდენის სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. დევნილი ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე კანონმდებლობის ეს ნორმა არ იქნა გამოყენებული, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნული ნორმის პრაქტიკაში ეფექტურად გამოყენების მიზნით საქართველოს იუსტიციის მინისტრმა / ზურაბ ადეიშვილმა 2010 წლის 8 ოქტომბერს გამოსცა #181- ბრძანება სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპების შესახებ, რომლის თანახმადაც თუ დანაშაულის შედეგად დამდგარი ზიანი მცირე მნიშვნელობისაა პირის მიერ სისხლის სამართლებრივი დევნა არ უნდა განხორციელდეს.

იუსტიციის მინისტრი ზემოთ აღნიშნულ ბრძანებაში საუბრობს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებისათვის აუცილებელ ორ ტესტზე:

1) მტკიცებულებათა ტესტი;

2) საჯაროობის ტესტი.

ბრძანების შესაბამისად ერთ-ერთი ტესტის არ არსებობა გამორიცხავს პირის მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყების შესაძლებლობას.

საქართველოს პრეზიდენტის 2006 წლის 26 დეკემბრის  #767   ბრძანებულების თანახმად, მინიმალურ ხელფასთან დაკავშირებული სანქციების ჯარიმებისა და სამართალდარღვევებისთვის გათვალისწინებული სხვა გადასახადებისათვის შრომის ანაზღაურების მინიმალური ოდენობა განისაზღვრა 40 ლარით, რის გამოც 35 ლარის ზიანი უნდა შეფასებულიყო მცირე მნიშვნელობის ზიანად რაც სისხლის სამართლებრივი დევნის შეწყვეტის საფუძველი უნდა ყოფილიყო.

ამასთან აღსანიშნავია, რომ ზიანის ოდენობა 35 ლარი არ არის ზუსტად დადგენილი, ვინაიდან ზემოაღნიშნულ ფიცრებს არ ჩატარებია სასაქონლო ექსპერტიზა, შესაბამისად, ისიც არ არის დადასტურებული, რომ მათი ღირებულება ნამდვილად 35 ლარი იყო და არა ნაკლები.

ვალერიან ჭილაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ სცნობს, ბრალდებას საკმარისი მტკიცებულება არ გააჩნდა გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, ჭილაშვილის ბრალდების საქმეზე არ იყო დაკმაყოფილებული არც მტკიცებულებითი ტესტი (რომელიც მოიცავს მტკიცებულებათა ერთობლიობას) და არც საჯაროობის ტესტი.

ჭილაშვილის საქმეზე ბრალდების მთავარ მოწმეს წარმოადგენდა საქმეზე დაზარალებულად ცნობილი . ბუჩუკური რომლის მიერ გამოძიებაში და სასამართლოში მიცემული ჩვენებები ურთიერთსაწინააღმდეგოა, რაც რეალურად საფუძვლიან ეჭვს ბადებს მისი ჩვენების ობიექტურობაში.

სისხლის სამართლებრივი დევნა დასრულდა ვალერიან ჭილაშვილის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენით და 1 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთით. გარდა იმისა, რომ გამამტყუნებელი განაჩენი არ არის დასაბუთებული და კანონიერი, იგი არც სამართლიანია, ვინაიდან სასჯელი აშკარად არაპროპორციულია, რაც უთანაბრდება პირის თავისუფლების ხელშეუხებლობის უფლების დარღვევას.

მიგვაჩნია, რომ ვალერიან ჭილაშვილის საქმეზე საქართველოს მთავარ პროკურატურას და საერთო სასამართლოებს, ჰქონდათ რეალური შესაძლებლობა პრაქტიკაში დაენერგათ სისხლის სამართლის ახალი საპროცესო კანონმდებლობის პრინციპები, რომელთა ინოვაციურობა სწორედ იმაში მდგომარეობდა, რომ მსგავსი საქმეების მიმართ ახლებური და ლიბერალური მიდგომები გაჩნდებოდა. სამწუხაროდ, ზემოაღნიშნულ საქმეში იკვეთება, როგორც სხვადასხვა პროცედურულ დარღვევები, ასევე, მეტისმეტად მკაცრი და შეუწყნარებელი სისხლის სამართლის პოლიტიკა.

ვალერიან ჭილაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჟურნალისტური გამოძიება ჩაატარა სტუდია "მონიტორმა". გამოძიების შედეგებზე გადაღებული ფილმის ხილვა შესაძლებელია შემდეგ მისამართზე: http://monitori.ge/video_blank.php?vid=231