GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

30 ოქტომბერი, 2021

2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის სადამკვირვებლო მისიის ფარგლებში საია საზოგადოებას კენჭისყრის მიმდინარეობის შესახებ 20:00 საათის მდგომარეობით არსებულ ინფორმაციას გააცნობს. საიას დამკვირვებლების მიერ მოწოდებულ მონაცემებზე დაყრდნობით, წარმოგიდგენთ ინფორმაციას უბნების დახურვისა და ხმის დათვლის პროცედურის დაწყების, ასევე იმტენდენციების შესახებ, რომლებიც კენჭისყრის დღის მეორე ნახევარში საარჩევნო უბნებსა და მათ პერიმეტრებზე გამოვლინდა.

დღის მეორე ნახევარში განსაკუთრებით გაძლიერდა დაძაბულობა, რამაც რამდენიმე უბანზე საარჩევნო პროცესი შეაფერხა. ზუგდიდის 21-ე, 53-ე და 103-ე, რუსთავის მე-16, ისნის 81-ე და 62-ე და ბათუმის 49-ე საარჩევნო უბნებზე საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა ვერ განმუხტეს სიტუაცია. Ზოგიერთ შემთხვევაში საჭირო გახდა საპატრულო პოლიციის გამოძახება. ისნის 62-ე უბანზე კი დაძაბულობა თანამდებობის პირებს შორის დაპირისპირებაში გადაიზარდა.

დარღვევები გამოვლინდა ხმის მიცემის დროს, კერძოდ:

- სამგორის 94-ე უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის გამყოლ კომისიის წევრებს ამომრჩეველმა ბიულეტენის გადაცემის შემდეგ კარი აღარ გაუღო. ვერ მოხდა იდენტიფიცირება, ვინ მოაწერა ხელი, ასევე, რეალურად ვინ მისცა ხმა. ამის შემდეგ ამომრჩეველმა გადასატანი საარჩევნო ყუთის სია ჩადო კონვერტში, რომელიც კომისიის წევრებმა ჩააგდეს ყუთში. ხოლო მას შემდეგ, რაც უბანზე დაბრუნდნენ, სიის ამოსაღებად გახსნეს ყუთი და დაარღვიეს მისი მთლიანობა;

- სენაკის მე-14 უბანზე დამკვირვებელმა შენიშნა, რომ ამომრჩეველმა რეგისტრაციის დროს სხვის ადგილას მოაწერა ხელი. მან რეგისტრატორს მოსთხოვა, ხელმოწერის გრაფა ეჩვენებინა, თუმცა კომისიის წევრმა მაშინვე დახურა სამაგიდო სია. ამ დროს კი ამომრჩეველი შევიდა კაბინაში და შემოხაზული ბიულეტენი, წინააღმდეგობის მიუხედავად, საარჩევნო ყუთში ჩააგდო;

- რუსთავის 75-ე უბანზე მარკირებული ამომრჩეველი განმეორებით ცდილობდა ხმის მიცემას;

- რუსთავის მე-8 უბანზე რეგისტრატორი ინიშნავდა ამომრჩევლის რიგით ნომრებს;

- ბათუმის 91-ე უბანზე კომისიის თავმჯდომარის მხრიდან გამოვლინდა ამომრჩევლის ნების კონტროლი, კერძოდ, მან რეგისტრატორებს სთხოვა, აღერიცხათ და დაერეკათ იმ პირებისთვის, რომლებიც ხმის მისაცემად არ მოვიდნენ;

- ზუგდიდის 55-ე უბანზე ამომრჩეველი სურათს უღებდა ბიულეტენს, რომელსაც შემდეგ საარჩევნო უბნის დამლაგებელს აჩვენებდა;

- სამგორის 28-ე უბანზე ფოტო/ვიდეო გადაღება მიმდინარეობს იმგვარად, რომ შესაძლებელია ამომრჩევლის იდენტიფიცირება;

- სენაკის 25-ე უბანზე ამომრჩეველმა, რომელიც ასევე ამ უბანზე აკვირდებოდა კენჭისყრის მიმდინარეობას, საჯაროდ შემოხაზა ბიულეტენზე კანდიდატი, რასაც კომისიის მხრიდან სათანადო რეაგირება არ მოჰყოლია;

- ზუგდიდის 29-ე უბანზე იმყოფებოდნენ ორგანიზაციის „საზოგადოებრივი გაერთიანება ჯერ საქართველოდან” ორი პირი. მათი განმარტებით, ისინი ეუთოს წარმოადგენდნენ. მიუხედავად საიას დამკვირვებლის შენიშვნისა, კომისიის თავმჯდომარემ ორივე დატოვა უბნის ტერიტორიაზე;

- ბათუმის 89-ე და გლდანის 28-ე უბნებზე გამოვლინდა მარკირების წესების დარღვევა.

Საიას დამკვირვებლებმა დააფიქსირეს, რომ გლდანის 31-ე უბანზე ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციის („ვი პი ენ ჯორჯია“) დამკვირვებლის სტატუსით იმყოფებოდა ელენე ხოშტარია. Ის სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირია, რაც გამორიცხავს მისთვის ამ სტატუსის მინიჭებას. Საია ამ ფაქტზე რეაგირებისთვის, სტატუსის მოხსნის მოთხოვნით, ცენტრალურ საარჩევნო კომისიას მიმართავს.

Ზოგიერთ შემთხვევაში დაირღვა COVID-19-ის რეგულაციები, კერძოდ, ვაკის მე-18, მე-40, 53-ე, 56-ე, 64-ე და77-ე უბნებზე დამკვირვებლებს არ უზომავდნენ ტემპერატურას.

კვლავ გრძელდება დამკვირვებლებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტები. ასეთი შემთხვევები დაფიქსირდა Ზუგდიდის მე-18, 29-ე და 78-ე უბნებზე.  

20 საათის მდგომარეობით, ჩამოთვლილი დარღვევების შესაბამისად, საიას დამკვირვებლებმა 32 საჩივარი და 13 შენიშვნა დაწერეს.  

საიას სადამკვირვებლო მისია კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას 2021 წლის 30 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურზე ქვეყნის მასშტაბით 9 მუნიციპალიტეტში 300-მდე საოლქო და საუბნო დამკვირვებელი ჰყავს.

არჩევნების დღეს საიაში მუშაობს ცხელი ხაზი  ნებისმიერი მოქალაქისთვის, რომელსაც სურს, მიიღოს სამართლებრივი დახმარება საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ. 

ცხელი ხაზის ნომერია: 577 36 15 20

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობაზე საია დღის განმავლობაში 3 პრესკონფერენციას ჩაატარებს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედიაცენტრში. პრესკონფერენცია კენჭისყრის დღეს 12:00, 16:30 და 21:00 საათზე გაიმართება.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მოკლევადიანი სადამკვირვებლო მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის საელჩოს და ღია საზოგადოების ფონდის (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით.  

განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთაასოციაციას“ და მისი შინაარსი, შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციისშეხედულებებს.

 

 


 

სხვა სიახლეები