GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

09 ოქტომბერი, 2016

8 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 9 რეგიონის 61 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.

 

ხმის მიცემის პროცესი ძირითადად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობდა, თუმცა რიგ უბნებზე დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები.  ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი, არაერთ შემთხვევაში, ძირითადად უბნის გარე პერიმეტრზე, უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა, რაც გამოიხატებოდა ძალადობრივ მოვლენებში.  დაფიქსირდა უბნებზე შეჭრის ცალკეული შემთხვევებიც. აღნიშნულმა გავლენა მოახდინა კონკრეტულ უბნებზე არჩევნების შედეგებზე და მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა კენჭისყრის დღის საერთო სურათს.

 

ამ ეტაპზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია აგრძელებს  კენჭისყრის დღის შემდგომი პერიოდის მონიტორინგს (შედეგების შეჯამებას ზემდგომ საარჩევნო კომისიებში და შემაჯამებელი ოქმების შესწავლას) და მოგვიანებით კვლავ მიაწვდის საზოგადოებას მონიტორინგის შედეგებს.

 

ხმის მიცემის პროცესი

 

ამომრჩეველს ძირითადად ჰქონდა ნების თავისუფალი გამოვლენის შესაძლებლობა, თუმცა

კვლავ გაგრძელდა ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი კონტროლის მცდელობები, რაც გამოიხატებოდა უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე საარჩევნო სუბიექტების აქტივისტების მიერ ამომრჩეველთა აღრიცხვაში. აღსანიშნავია, რომ არაერთი უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე შეინიშნებოდნენ გაურკვეველი სტატუსის მქონე პირები.

 

ხმის მიცემის პროცესში დაფიქსირდა საყურადღებო დარღვევები, მაგალითად:

საარჩევნო სუბიექტის („ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“) 2 წარმომადგენლის ფიზიკური ანგარიშსწორების ფაქტი დაფიქსირდა საბურთალოს #48 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე. გამოძიება დაწყებულია სსკ-ის 125-ე მუხლით (ცემა), თუმცა მიგვაჩნია, რომ მომხდარის კვალიფიკაცია არასწორია და უნდა შეიცვალოს. სასურველი იქნებოდა გამოძიება დაწყებულიყო სპეციალური მუხლით, რომელიც ითვალისწინებს საარჩევნო კომისიის მიმდებარე ტერიტორიაზე ცემას ან სხვაგვარ ძალადობას.

 

საიას დამკვირვებლების მისამართით სიტყვიერი შურაცხყოფა/მუქარა (თელავის 45-ე უბნებზე), საჩივრის დარეგისტრირებაზე უარის თქმა (ზუგდიდის 93-ე უბანი).

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ფაქტი (სენაკის 10 უბანი),

არაუფლებამოსილ პირთა ყოფნის ფაქტი უბნის გარე პერიმეტრზე (სამგორის, ნაძალადევის, დიდუბის, თელავის და ლაგოდეხის უბნებზე).

შემაჯამებელ ოქმზე წინასაწარ ხელმოწერების გაკეთება (დიდუბის 14 უბანი),

ამომრჩევლის მონაცემების მოგროვება მისი თანხმობის გარეშე (ნაძალადევის 18)

წილისყრის ფუნქციის თვითნებურად გადანაწილება (ჩუღურეთის 39) 

ყუთის გახსნის დროს არ მოხდა საკონტროლო ფურცლების შედარება (გორის #101 უბანი).

წილისყრის პროცედურების დარღვევები პოლიტიკური გაერთიანების მიერ დანიშნული წევრების მხრიდან (მთაწმინდის #20, #16 და #26 უბნები, ჩუღურეთის #14 და #32 უბნები, დიდუბის #38, ნაძალადევის #51, თელავის #2, #1, #10, #12, #7, #4 უბნები),

რამდენიმე სადამკვირვებლო ორგანიზაციის წარმომადგენლების არასათანადო ქცევა საარჩევნო უბნებზე (საარჩევნო კომისიების საქმიანობის მართვის მცდელობა) (ნაძალადევის #26 უბანზე და დიდუბის #11).

 

ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი

 

ხმის მიცემის პროცესისგან განსხვავებით, ხმის დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების ეტაპი, რიგ შემთხვევებში, უხეში დარღვევების ფონზე წარიმართა. საიას დამკვირვებლების მიერ მოპოვებული ინფორმაციის საფუძველზე, ხმის მიცემის პროცესის დასრულების შემდეგ მთელ რიგ შემთხვევებში საარჩევნო უბნებზე ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ადგილი ჰქონდა ძალადობრივ ქმედებებს, ფიზიკურ და სიტყვიერ დაპირისპირებას საარჩევნო სუბიექტების მხარდამჭერებსა და აქტივისტებს შორის, საარჩევნო უბნებისა და  დოკუმენტაციის დაზიანებას, ზეწოლას დამკვირვებლებზე, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციის სადამკვირვებლო ორგანიზაციის 2 წარმომადგენლის ფიზიკურ შეურაცხყოფას. 

ცესკომ პირველადი შედეგები მხოლოდ ღამის 01:40 საათისთვის გამოაცხადა, თუმცა არ განუხორციელებია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება, რაც საუბნო საარჩევნო კომისიებიდან შემოღებული უბნის შემაჯამებელი ოქმების დაუყოვნებლივ ატვირთვას გულისხმობს. (საარჩევნო კოდექსის 76.8 მუხლი)

 

განსაკუთრებით უხეშ დარღვევებს ადგილი ჰქონდა მარნეულის #48-ე უბანზე. ჩაიშალა ხმის მიცემა,  ადგილი ჰქონდა ძალადობას და საარჩევნო უბნის ქვების ჩამსხვრევა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაზიანება უბნის გარეთ), საარჩევნო უბნის შენობაში ფანჯრების ქვებით ჩამსხვრევა, დამკვირვებელთა დაშინება და მათი ფიზიკური შეურაცხყოფა, სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა ჯანმრთელობის დაზიანება უბნის გარეთ.

 

უბნის დარბევას ჰქონდა ადგილი ზუგდიდის #108-ე უბანზე. საფრთხე შეექმნა უბანზე მყოფი პირების უსაფრთხოებას, მათ შორის საიას დამკვირვებელს, რომელმაც ფანჯრის მეშვეობით დატოვა უბანი, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციის, ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტის 2 წარმომადგენელს, რომლებიც ცდილობდნენ ტელეფონით გადაეღოთ ინციდენტი.

 

უბნის გარე პერიმეტრზე ფიზიკური დაპირისპირება ქუთაისის 90-ე უბანზე.

 

მედიით გავრცელდა არაერთი ინფორმაცია უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული დაძაბულობებისა და დაპირისპირებების შესახებ.

 

გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნები (სპეციალური უბნები)

 

პოზიტიურად უნდა შეფასდეს კენჭისყრის პროცესის მიმდინარეობა სპეციალურ უბნებზე. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ განსხვავებით წინა პერიოდების არჩევნებისაგან, ამ არჩევნებზე შემცირებული იყო მათი რაოდენობა, რაც განპირობებული იყო ბოლო პერიოდის საკანონმდებლო ცვლილებები, რომელთა ადვოკატირებაშიც საიას მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვის.

საიას ჩარევის შემდეგ, სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის უშუალო მითითების შედეგად, ჟურნალისტებს მიეცათ ფოტო-ვიდეო სგადაღების უფლება გამონაკლის შემთხვევაში საპატიმრო დაწესებულებაში შექმნილ უბანზე ქუთაისის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში.

 

შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობა

 

კენჭისყრის დღეს დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყო პოლიცია შესაძლო დარღვევების პრევენციის მიზნით, ძირითადად თბილისსა და სხვა დიდ ქალაქებში. თუმცა, ჯიხაშკარის და მარნეულის მაგალითზე ნათელი გახდა, რომ პოლიცია არ იყო სათანადო რაოდენობით წარმოდგენილი იქ, სადაც რეალური საფრთხე შეემნა კენჭისყრის შენობაში და მის გარეთ მყოფი პირების უსაფრთხოებას. მარნეულში განვითარებული მოვლენების შედეგად თავად პოლიციის წარმომადგნლებიც დაშავდნენ. ასევე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც პოლიციამ არასათანადოდ იმოქმედა, როდესაც ჩვენს დამკვირვებელს ხელს უშლიდნენ უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით (მთაწმინდის 24-ე უბანი).

 

სხვა მიგნებები

 

არჩევნებმა კიდევ ერთხელ წარმოაჩინა მთელი რიგი საკანონმდებლო ხარვეზები, რომელთა გადაწყვეტა საჭიროებს სისტემურ საკანონმდებლო და ინსტიტუციურ ცვლილებებს, მათ შორის საარჩევნო ადმინისტრაციის დაკომპლექტების წესის კუთხით რეფორმის გატარების აუცილებლობა,[1] საუბნო და საოლქო საარჩევნო ადმინისტრაციების  წევრების შერჩევის კრიტერიუმებისა და პროცედურების გადახედვა-დახვეწა; უბნის მიმდებარე ტერიტორიის ცნების განსაზღვრა[2]

საიას საქმიანობა

 

საარჩევნო ადმინისტრაცია ძირითადად ადეკვატურად რეაგირებდა საიას დამკვირვებლების მიერ მიცემულ შენიშვნებზე და ასწორებდა საარჩევნო კანონმდებლობის პროცედურულ დარღვევებს.  დარღვევების გამოსწორების შემთხვევაში, როგორც წესი, საიას დამკვირვებლები საჩივრებს აღარ წერდნენ.

 

საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 150-მდე საჩივარი და 100-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში. ასევე დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც დარღვევა საიას დამკვირვებლის მითითების ან ზემდგომი საარჩევნო კომისიის მითითების შედეგად აღმოიფხვრა.

 

დღის განმავლობაში საიამ რამდენიმე დაგეგმილი და საგანგებო განცხადება გაავრცელა და საარჩევნო პროცესების მშვიდობიან და უსაფრთხო გარემოში წარმართვის მიზნით საარჩევნო პროცესებში ჩართულ მხარეებს კანონის ფარგლებში მოქმედებისკენ მოუწოდა.

 

არჩევნების შეჯამების შემდეგ საია წარმოადგენს მთლიან ანგარიშს, სადაც გაანალიზებული იქნება არჩევნების მთლიანი სურათი წინასაარჩევნო პერიოდის, კენჭისყრის დღის, დავების განხილვისა და არჩევნების შედეგების შეჯამების პროცესის ჩათვლით.

 

დამატებითი ინფორმაცია

 

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

 

2016 წლის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა დიდი ბრიტანეთის სამეფოს საელჩოს, ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID)  და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 


[1] რაც შერეული წესით საარჩევნო კომისიების დაკომპლექტებიდან (ნაწილი პროფესიული ნიშნით და ნაწილი პარტიების მიერ დანიშნული) პროფესიული წესით საარჩევნო კომისიებით დაკომპლექტებას  გულისხმობს.

[2]

სხვა სიახლეები