სიახლეები
2019 წლის 20-21 ივნისს ადამიანის უფლებების დარღვევის სისტემურმა და ინდივიდუალურმა შემთხვევებმა, მისი მასშტაბების გათვალისწინებით, საქართველოს უახლოეს ისტორიაში მძიმე კვალი დატოვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ მოვლენებიდან ერთი წელი გავიდა, საქართველოს გენერალურ პროკურატურას, დაწყებული გამოძიების ფარგლებში, დღემდე არ გაუკეთებია მოვლენების სისტემური ანალიზი. აღსანიშნავია, რომ ამ დროისთვის არცერთი სამართალდამცავი არ არის დასჯილი და სისხლისსამართლებრივი დევნა მხოლოდ 3 პოლიციელის მიმართ მიმდინარეობს. ამასთან, შესაბამის უწყებებს არ გაუტარებიათ ის მნიშვნელოვანი რეფორმები, რომლებიც მსგავსი შემთხვევების პრევენციას შეუწყობდა ხელს.
საიას მიერ შესწავლილი ფაქტები ადასტურებს, რომ 20-21 ივნისის ღამეს შინაგან საქმეთა სამინისტრომ სათანადოდ ვერ უზრუნველყო დაძაბული ვითარების კონტროლი, დეესკალაციის მისაღწევად არ მიმართა კომუნიკაციის, მოლაპარაკებისა და დიალოგის რესურსს. ამის საპირისპიროდ, მან, ძირითადად, არამართლზომიერი და არაპროპორციული ძალა გამოიყენა. ცრემლსადენი გაზის პარალელურად, შსს-მ უკანონოდ ისროლა რეზინის ტყვიები, მათ შორის, აქციის იმ მონაწილეების მიმართულებით, რომელთა მხრიდანაც საფრთხე არ მომდინარეობდა. ასევე, რიგ შემთხვევაში სამართალდამცავებმა ტყვიები ისროლეს ახლო მანძილიდან, სასიცოცხლო ორგანოებზე დამიზნებით. 20-21 ივნისს არაერთი პირი, როგორც დაკავების პროცესში, ისე შემდგომ, არასათანადო მოპყრობას დაექვემდებარა. პოლიციამ გადამეტებული და არასაჭირო ძალა გამოიყენა მაშინაც, როდესაც დაკავებულები მათი ეფექტიანი კონტროლის ქვეშ იმყოფებოდნენ და წინააღმდეგობას არ უწევდნენ. სამართალდამცავები რეზინის ტყვიებს მიზანმიმართულად ისროდნენ მედიის წარმომადგენლების მისამართითაც, მიუხედავად იმისა, რომ მათ მაიდენტიფიცირებელი ნიშნები ეკეთათ. შედეგად, ჟურნალისტებს ხელი შეეშალათ პროფესიული საქმიანობის განხორციელებაში. შესაბამისად, 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენები გამოირჩეოდა მედიის წარმომადგენელთა უფლებების დარღვევის მასშტაბურობითაც.
ოფიციალური მონაცემებით, 20-21 ივნისის ღამეს 275-მა პირმა სხვადასხვა სიმძიმის ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო. მათ შორის, უმრავლესობა სამოქალაქო პირი და ჟურნალისტი იყო. ამასთან, შინაგან საქმეთა სამინისტრომ მასობრივად გამოიყენა აქციის მონაწილეების ადმინისტრაციული წესით დაკავების პრაქტიკა. შედეგად, 342 პირს შეეზღუდა თავისუფლება, აქედან 121 კი დაექვემდებარა ყველაზე მძიმე სანქციას – ადმინისტრაციულ პატიმრობას.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით და იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე მიმდინარე გამოძიება
მიუხედავად იმისა, რომ 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროს ცალკეული მოხელეების მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების ძალადობით ან იარაღით შესაძლო გადამეტების ფაქტზე საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ გამოძიება მალევე დაიწყო, ამ დრომდე არ მომხდარა მოვლენების სისტემური ანალიზი და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა. საგამოძიებო ორგანოებს დღემდე არ ჩაუტარებიათ მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედებები, რომლებიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სრული სურათის აღსადგენად. მათ შორის, არ არის სათანადოდ შესწავლილი რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და აღნიშნულთან მიმართებით ხელმძღვანელ პირთა უმოქმედობით გამოწვეული კანონსაწინააღმდეგო ქმედებები.
გარდა ამისა, პროკურატურასთან საიას კომუნიკაცია და ორგანიზაციის მიერ შესწავლილი საქმის მასალები ადასტურებს, რომ პროკურატურა ორიენტირებულია რიგითი სამართალდამცავების დანაშაულებრივი ქმედებების იდენტიფიცირებასა და არა იმ ხელმძღვანელ პირთა პასუხისმგებლობის გამოკვეთაზე, რომლებსაც ოპერაციის კონტროლი, მართვა და შესაბამისი ბრძანებების გაცემა ევალებოდათ.
პროკურატურის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მიმდინარე გამოძიების ფარგლებში სისხლისსამართლებრივი დევნა დაწყებულია შსს-ს მხოლოდ 3 თანამშრომლის მიმართ. სამწუხაროდ, დაშავებულ პირთა უმრავლესობას პროკურატურა ამ დრომდე დაუსაბუთებლად არ ანიჭებს დაზარალებულის სტატუსს. მათ შორის, საიას დაცვის ქვეშ მყოფი 27 დაზარალებულიდან (აქედან 11 ჟურნალისტია) ამ დროისთვის სტატუსი მხოლოდ 3-ს აქვს მინიჭებული. აღნიშნულ 3 პირს, სათანადო სტატუსის არსებობის მიუხედავად, პროკურატურა უსაფუძვლოდ ეუბნება უარს საქმის მასალების სრულად გაცნობაზე.
გარდა იმისა, რომ პროკურატურა დაზარალებულებს არ აძლევს შესაძლებლობას, სათანადოდ ჩაერთონ სამართალწარმოების პროცესში, საქმის ობიექტურ და სრულყოფილ გამოძიებას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ის გარემოებაც, რომ პროკურატურამ ამ დრომდე ვერ შეძლო დაშავებულ პირთა დაზიანებების გამომწვევი მიზეზების დადასტურება და შესაბამისი ექსპერტიზის დასკვნების მოპოვება. ასევე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მიუხედავად, საზოგადოებას არ მიეწოდება რეგულარული ინფორმაცია გამოძიების პროგრესის შესახებ. ამდენად, 20-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით მიმდინარე საქმის დინამიკა გამოძიების პროცესში გამოვლენილ მნიშვნელოვან ხარვეზებზე მიუთითებს.
დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ გენერალური პროკურატურის პარალელურად, გამოძიებას ასევე აწარმოებს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელიც მოქალაქეების მხრიდან ჩადენილი სავარაუდო დანაშაულების ფაქტებს სწავლობს. აღნიშნულ საქმეში დაზარალებულად ცნობილია 69 პირი, მათ შორის 68 სამართალდამცავი. გარდა ამისა, სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო 16 პირის მიმართ. აღნიშნული სტატისტიკა დამატებით აჩენს კითხვის ნიშნებს პროკურატურის მიერ გამოძიების მიუკერძოებლად და ობიექტურად წარმართვასთან დაკავშირებით და შერჩევითი მიდგომის განცდას ტოვებს.
ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსი - საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტი
20-21 ივნისს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის გამოყენებით შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მიერ აქციის მონაწილეთა მასობრივი დაკავების პრაქტიკამ და დაკავებული პირების საქმეების სასამართლოში განხილვამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა მოქმედი კოდექსი მშვიდობიანი შეკრებისა და მანიფესტაციის უფლების დაუსაბუთებლად შეზღუდვის ინსტრუმენტს წარმოადგენს, ვინაიდან სამართალდარღვევის საქმეებზე არ არის უზრუნველყოფილი მიუკერძოებელი და სამართლიანი განხილვის პროცესი. სათანადო პროცედურული გარანტიების არარსებობის პირობებში ამ კოდექსის საფუძველზე საქმის წარმოება, ადმინისტრაციული წესით დაკავების მომენტიდან ბოლო ინსტანციის სასამართლოში განხილვის ჩათვლით, დაკავებული პირების ფუნდამენტური უფლებების დარღვევას იწვევს და არასათანადო მოპყრობის მაღალ რისკებს წარმოშობს. მიუხედავად ამისა, სახელმწიფოს დღემდე არ გადაუდგამს პოზიტიური ნაბიჯები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმის გასატარებლად. ამის საპირისპიროდ, საქართველო ინარჩუნებს არსებულ კანონმდებლობას, რომელიც პოლიტიკური მიზნებით მისი გამოყენების შესაძლებლობას იძლევა და საპოლიციო რეჟიმის უკანონო ინსტრუმენტს წარმოადგენს.
ყოველივე ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს:
საქართველოს გენერალურ პროკურატურას
- დროულად ჩაატაროს ეფექტიანი, ობიექტური და მიუკერძოებელი გამოძიება 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან, ასევე, აქციის დროს დაშავებულ პირთა, მათ შორის, მედიის წარმომადგენელთა მიმართ განხორციელებულ ქმედებებთან დაკავშირებით;
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმის ფარგლებში განახორციელოს ყველა ის მნიშვნელოვანი საგამოძიებო მოქმედება, რომელიც აუცილებელია 20-21 ივნისის მოვლენების სისტემური ანალიზისთვის;
- გამოძიების ფარგლებში სათანადოდ შეისწავლოს რეზინის ტყვიების გამოყენების კანონიერების საკითხი და, ამ მიმართულებით, ხელმძღვანელ პირთა მიერ სავარაუდოდ ჩადენილი კანონსაწინააღმდეგო ქმედებები;
- გამოძიების ფარგლებში ყურადღება გაამახვილოს არა მხოლოდ რიგითი სამართალდამცავების მიერ სავარაუდო დანაშაულის ჩადენაზე, არამედ აქციის დაშლის დაგეგმვისა და განხორციელების პროცესში ხელმძღვანელი თანამდებობის პირების, მათ შორის, შინაგან საქმეთა ყოფილი მინისტრის გიორგი გახარიას შესაძლო პასუხისმგებლობაზე;
- სათანადოდ შეისწავლოს დაკავების დროს და შემდგომ პოლიციელთა მხრიდან აქციის მონაწილეთა მიმართ განხორციელებული არასათანადო მოპყრობის ფაქტები, სამართალდამცავთა ქმედებებში სავარაუდო დანაშაულის ნიშნების გამოკვეთისა და მათთვის პასუხისმგებლობის შესაბამისი ზომების დაკისრების მიზნით;
- აქციის დაშავებულ მონაწილეებს, ასევე, უბრალო გამვლელებს, რომლებიც აქციის ტერიტორიაზე შემთხვევით აღმოჩნდნენ, აგრეთვე, მედიის წარმომადგენლებს მიანიჭოს დაზარალებულის სტატუსი და უზრუნველყოს მათი ეფექტიანი ჩართვა გამოძიების პროცესში;
- საიას დაცვის ქვეშ მყოფ სამ პირს, რომლებსაც გამოძიების ფარგლებში დაზარალებულის სტატუსი აქვთ მინიჭებული, მიეცეთ სისხლის სამართლის საქმის მასალების სრულად გაცნობის უფლება;
- სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების პარალელურად, გამოძიება გაგრძელდეს სისხლის სამართლის კოდექსის 1443-ე მუხლით, რაც არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას გულისხმობს, ასევე – 154-ე მუხლით, რომლის მიხედვითაც ჟურნალისტებისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონო ხელშეშლა დასჯად ქმედებას წარმოადგენს;
- მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე არსებული მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის გათვალისწინებით, საზოგადოებას პერიოდულად მიაწოდოს ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობისა და ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შესახებ.
საქართველოს პარლამენტს
- განახორციელოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ფუნდამენტური რეფორმა, რომლის შედეგად, არსებული კანონმდებლობა შეიცვლება კონსტიტუციასა და საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისი ახალი კოდექსით და დასრულდება მისი გამოყენების პრაქტიკა პოლიტიკური მიზნებით, საპოლიციო რეჟიმის ინსტრუმენტად;
- გააუქმოს ადმინისტრაციული პატიმრობა, როგორც ადმინისტრაციული სამართალდარღვევისთვის გათვალისწინებული სანქციის სახე;
- ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ სისხლის სამართლის ბუნების გადაცდომებზე გაავრცელოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით ბრალდებულისთვის გარანტირებული საპროცესო უფლებები.
გააზიარე: