GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

საია ეხმიანება თეატრალური უნივერსიტეტის სტუდენტებისათვის სტუდენტის სტატუსის შეწყვეტას

10 მარტი, 2025

2025 წლის 10 მარტს ცნობილი გახდა, რომ უნივერსიტეტში მიმდინარე პროტესტში მონაწილე სტუდენტებს შეუწყდათ სტუდენტის სტატუსი. აღნიშნულის საფუძვლად უნივერსიტეტის ადმინისტრაცია ასახელებს ეთიკის კომისიის გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც სტუდენტებმა დაარღვიეს ნორმები. დაუსაბუთებელი და ბუნდოვანი გადაწყვეტილება სტატუსის შეწყვეტის შესახებ სტუდენტებს ეცნობათ მეილის საშუალებით 10 მარტს, ორშაბათს დილის 10:04 საათზე. შემაშფოთებელია, რომ ამ ფაქტს თან ერთვის წინა დღეს უნივერსიტეტში მომხდარი ინციდენტი, როდესაც პროტესტის მონაწილე სტუდენტებს ჯერ მოსთხოვეს სასწავლებლის შენობის დატოვება, შემდეგ კი პოლიციის წარმომადგენლებმა 9 სტუდენტი 5 000 ლარით დააჯარიმა.


სადეზინფექციო სამუშაოების ჩატარების საბაბით, უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ სტუდენტებს მოსთხოვა შენობის დატოვება. სტუდენტებმა მიმართეს თხოვნით მათთვის გამოეყოთ სხვა სივრცე, სადაც ისინი  შეძლებდნენ მშვიდობიანად პროტესტის გაგრძელებას. მიუხედავად ამ თხოვნისა უნივერსიტეტის ადმინისტრაციამ არ უზრუნველყო სტუდენტებისთვის ალტერნატიული სივრცე და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლების ჩართულობით მოსთხოვა შენობის დატოვება. საიამ არაერთხელ მოუწოდა საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულების ადმინისტრაციებს პატივი სცენ და დაიცვან სტუდენტების გამოხატვის თავისუფლება. თუმცა, თეატრალური უნივერსიტეტის ადმინისტრაციის წარმომადგენლების ზემოხსენებული ქმედებები ნათლად ცხადყოფენ, რომ ისინი არ იცავენ სტუდენტების უფლებებს, არამედ პირიქით არა მხოლოდ სტუდენტების გამოხატვის თავისუფლებას არღვევენ, არამედ განათლების უფლებასაც.


„ქართული ოცნების“ მიერ მიღებული რეპრესიული კანონები, მათ შორის დახურულ სივრცეში პროტესტის ჩატარების აკრძალვა მესაკუთრის წერილობითი ნებართვის გარეშე, პირდაპირ კავშირშია სტუდენტების პროტესტთან და ცხადყოფს ამ საკანონმდებლო ცვლილებების მიზანს - ჩახშობილ იქნას ლეგიტიმური მშვიდობიანი პროტესტი.


პროტესტის მონაწილე სტუდენტებისათვის სტატუსის შეწყვეტა მიუთითებს დისკრიმინაციაზეც. განათლების უფლება დაცული და გარანტირებულია არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციის 27-ე მუხლით,  არამედ ისეთი საერთაშორისო აქტებით, რომლის ხელშემკვრელიცაა საქართველო, მათ შორისაა, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი და ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი.


არავის შეიძლება აღეკვეთოს განათლების უფლება.[1] განათლება მიმართული უნდა იყოს ადამიანის პიროვნებისა და მისი ღირსებების შემეცნების სრულად განვითარებისაკენ და განამტკიცებდეს ადამიანის უფლებებისა და ძირითადი თავისუფლებებისადმი პატივისცემას.[2] ამის გათვალისწინებით, პირს არ უნდა შეეზღუდოს განათლების მიღების უფლება პირადი თუ პოლიტიკური შეხედულებებისა და გამოხატვის თავისუფლების გამო, პირიქით, სწორედ განათლების საშუალებით შეუძლია ადამიანს განვითარდეს როგორც პიროვნულად, ისე ინტელექტუალურად. განათლება არამხოლოდ ხელს უწყობს პიროვნულ ზრდას, არამედ უზრუნველყოფს ადამიანის აქტიურ ჩართვას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, ასევე, პოლიტიკური და სოციალური უფლებების განხორციელებას. შესაბამისად, სტუდენტს, როგორც ნებისმიერ სხვა მოქალაქეს, აქვს უფლება, ისარგებლოს თავისი პოლიტიკური და სოციალური უფლებებით, მიიღოს მონაწილეობა პროტესტებში და გამოხატოს საკუთარი აზრი და დაუშვებელია მისთვის ამ უფლების შეზღუდვა.


ამგვარად, სტუდენტებისთვის ადმინისტრაციული ჯარიმის სახით ისეთი თანხის დაკისრება, რომელიც მნიშვნელოვნად აღემატება ქვეყანაში საშუალო ხელფასს და შემდეგ მათთვის სტუდენტური სტატუსის შეწყვეტა, წარმოადგენს პოლიტიკური რეპრესიების კიდევ ერთ გამოხატულებას, რომლის მიზანიცაა სტუდენტური პროტესტის ჩახშობა.


[1] ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის კონვენციის დამატებითი ოქმი, მუხლი 2.

[2] ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი, მუხლი 13.