შედეგები
საია ეხმიანება სასამართლო სხდომის დაუსაბუთებლად - ნაწილობრივ დახურვას, რის შედეგადაც უფლებადაცვითი ორგანიზაციის სასამართლო მონიტორინგის განხორციელებას ხელი შეეშალა
05 მარტი, 2025შემაშფოთებელია დღევანდელი სასამართლო სხდომის ნაწილობრივ დახურვა, რომელიც ეხებოდა ბრალდებული დემონსტრანტების მიმართ წარმოებული სისხლის სამართლის საქმის განხილვას. კერძოდ, წინასასამართლო ეტაპზე სხდომა ნაწილობრივ დაიხურა: ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ჯანო არჩაიას, ლუკა ჯაბუას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი კუხარჩუკის და ირაკლი ქერაშვილის საქმეზე. მათ პროკურატურა სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც გულისხმობს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას.
საჯარო სასამართლო განხილვა არის სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური გარანტია, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო პროცესების ღიაობასა და მათზე საზოგადოებრივ კონტროლს.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ორი თვის წინ დანიშნული მოსამართლე ირაკლი შვანგირაძის გადაწყვეტილებამ სხდომის დახურვის შესახებ (რომელიც დასაბუთდა დარბაზში არსებული სიტუაციით – კერძოდ, იმით, რომ დარბაზში მყოფი პირების ნაწილი ბრალდებულთა სიტყვის შემდეგ მცირედი ტაშით გამოხატავდა ემოციას) გამოიწვია საზოგადოების ყველა დამსწრის, მათ შორის მედიასაშუალებების, დარბაზიდან უხეში ფორმებით გაძევება, გარდა საზოგადოებრივი მაუწყებლისა, რომელიც არ უზრუნველყოფდა პროცესის პირდაპირ ტრანსლაციას.
მნიშვნელოვანია ხაზგასმით აღინიშნოს, რომ მხოლოდ საზოგადოებრივი მაუწყებლის დარბაზში დატოვება ვერ შეფასდება როგორც სასამართლო პროცესის საჯაროობის უზრუნველყოფა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მაუწყებელი არ უზრუნველყოფს პროცესის პირდაპირ გაშუქებას.
მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს აქვს ვალდებულება, უზრუნველყოს წესრიგი სასამართლო დარბაზში, საჯაროობის შეზღუდვის ნებისმიერი გადაწყვეტილება უნდა იყოს აუცილებელი და პროპორციული. მოცემულ შემთხვევაში, სხდომის ნაწილობრივ დახურვა და დამოუკიდებელი მედიისა და საზოგადოების სრული გამორიცხვა, მათ შორის, საიას სასამართლო პროცესების სადამკვირვებლო მისიის, ძირს უთხრის სასამართლო პროცესის გამჭვირვალობას.
მოვუწოდებთ სასამართლოს, დაიცვას სამართლიანი სასამართლოს პროცედურული სტანდარტები და უზრუნველყოს, რომ საჯარო სხდომები რეალურად ხელმისაწვდომი დარჩეს, განსაკუთრებით იმ საქმეებში, რომლებიც ბრალდებული დემონსტრანტების სისხლისსამართლებრივ დევნას უკავშირდება და საზოგადოებრივი ინტერესი მაღალია.
საია აგრძელებს მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლო სხდომების მონიტორინგს და საზოგადოებას ეტაპობრივად გააცნობს ორგანიზაციის შეფასებას.
გააზიარე: