GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

შედეგები

result img

სტუდია მონიტორის სარჩელის საფუძველზე ეროვნულ სატყეო სააგენტოს საჯარო ინფორმაციის გაცემა დაევალა

22 აპრილი, 2024

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2024 წლის 11 აპრილის გადაწყვეტილებით, უკანონოდ იქნა ცნობილი სსიპ ეროვნული სატყეო სააგენტოს (შემდეგში - „სააგენტო“) მიერ ა(ა)იპ „სტუდია მონიტორისთვის“ საჯარო ინფორმაციის გადაცემაზე უარი და შედეგად ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა მოსარჩელისთვის მოთხოვნილი ინფორმაციის გაცემა.

საქმეში არსებული მტკიცებულებების თანახმად, მედია ორგანიზაციამ სააგენტოს რამდენჯერმე მიმართა განცხადებით და მოითხოვა დაწესებულებაში არსებული საჯარო ინფორმაციის გადმოცემა კანონით დადგენილი წესით. კერძოდ, მოთხოვნილი იყო სახელმწიფო ტყის ფონდით გრძელვადიანი სარგებლობის შესახებ არსებული ხელშეკრულებების ასლები, ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლების თანამდებობრივი სარგოსა და პრემია-დანამატების შესახებ ინფორმაცია.

სააგენტომ განცხადებები სრულიად უპასუხოდ დატოვა და ვერც საქმის განხილვის პროცესზე წარმოადგინა სასამართლოში რაიმე დასაბუთება, თუ რა გახდა ამ ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის საფუძველი.

საია წლების განმავლობაში არაერთ დავას აწარმოებს, რომლებიც სწორედ ადმინისტრაციული ორგანოების მიერ სრულიად უკანონოდ საჯარო ინფორმაციის გაუცემლობას შეეხება. არსებული სასამართლო პრაქტიკის მიუხედავად, ადმინისტრაციული ორგანოები არ ცდილობენ შიდა პრაქტიკის სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანას. შედეგად, მედია ორგანიზაციებს მუდმივად უწევთ ამ ტიპის დავების წარმოება, რაც დაკავშირებულია რამდენიმე წლიან პროცესებთან. გრძელვადიანი პროცესების წარმოება ხელს უშლის მედიებს საქმიანობის განხორციელებაში.

თბილისის საქალაქო სასამართლოში ა(ა)იპ „სტუდია მონიტორის“ ინტერესებს წარმოადგენდა საია.