GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 აპრილი, 202610:53

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, საია აწარმოებს აქციების კონტექსტში დაკავებული პირების სისხლის სამართლის საქმეების მონიტორინგს. ამ საქმეებში ერთ-ერთ საგანგაშო გარემოებად იკვეთება არასათანადო მოპყრობის შემთხვევები, რომლებიც, თავისი არსით, უთანაბრდება საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალულ, სისხლის სამართლის წესით დასჯად ქმედებებს (მათ შორის, გარემოებების მიხედვით, თითოეული შეიძლება გაუთანაბრდეს სსკ-ის 1441-ე, 1442-ე, 1443-ე მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებს - წამებას, წამების მუქარას, დამამცირებელ ან არაადამიანურ მოპყრობას).


არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე სხვადასხვა დროს მიუთითა 17-მა პირმა, ხოლო 10-მა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში ისეთ პირობებზე, რომლებიც შეიძლება გაუთანაბრდეს არასათანადო მოპყრობას.


საია გთავაზობთ მცირე ფაქტობრივ მიმოხილვასა და შეფასებას, რომელიც შეეხება, როგორც დაკავების პროცესში, ისე - შემდგომ, პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობას ან ასეთ პირობებს.


საია ამ საქმეებიდან არასათანადო მოპყრობის ნაწილში იცავს სახაროვის პრემიის ლაურეატის, „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლის, ჟურნალისტ მზია ამაღლობელისა და კიდევ ერთი პირის, საბა სხვიტარიძის ინტერესებს, ხოლო ყველა სხვა საქმეზე ინფორმაცია ეყრდნობა სასამართლოს ღია სხდომებზე დაკვირვების პროცესში დასახელებული პირების მიერ გავრცელებულ ცნობებს, ასევე, შესაბამისი წყაროს მითითებით, მედიამონიტორინგის შედეგად მიღებულ მასალებს.


I. დაკავების ან/და შემდგომ პერიოდში არასათანადო მოპყრობა


1. მზია ამაღლობელი: 2025 წლის 12 იანვარს, დაახლოებით ღამის პირველ საათზე, აჭარის პოლიციის დეპარტამენტის შესასვლელთან პოლიციამ მზია ამაღლობელი უკანონოდ და ძალადობრივი მეთოდებით დააკავა. შედეგად, მან მიიღო ფიზიკური დაზიანება და დაეხა ქურთუკი. პოლიციის დეპარტამენტის ეზოში შეყვანისას, ბათუმის პოლიციის უფროსი ირაკლი დგებუაძე მას სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა, აგინებდა და „სისხლით დაჭერით“ ემუქრებოდა. მან პოლიციის დეპარტამენტის ეზოში მზია ამაღლობელზე ფიზიკური ძალადობაც სცადა, თუმცა საკუთარმა თანამშრომლებმა შეაკავეს. მზია ამაღლობელის მიმართ არასათანადო მოპყრობა პოლიციის დეპარტამენტის შენობაში გაგრძელდა, სადაც დგებუაძემ მზია ამაღლობელს სახეში შეაფურთხა, არ მისცა წყლის დალევის უფლება და აუკრძალა საპირფარეშოთი სარგებლობა.


გარდა ამისა, მზია ამაღლობელს რამდენიმე საათის განმავლობაში არ მიეცა უფლება, ესარგებლა ადვოკატის მომსახურებით. მას ჩხრეკა ადვოკატების დასწრების გარეშე ჩაუტარდა და ხელბორკილები, დამცირების მიზნით, ზურგს უკან დაადეს, მიუხედავად იმისა, რომ ამის არანაირი საჭიროება არ არსებობდა. საია ამ საქმეს უკვე სტრასბურგის სასამართლოში აწარმოებს. მზია ამაღლობელს პროკურატურა დაზარალებულის სტატუსსაც კი არ ანიჭებს.


2. საბა სხვიტარიძე: 2024 წლის 5 დეკემბერს, ღამის საათებში, საბა სხვიტარიძე, მამასთან, ზაზა სხვიტარიძესთან ერთად, გადაადგილდებოდა თბილისიდან გურიის მიმართულებით. ქალაქ ზესტაფონთან პოლიციამ ის ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე დააკავა და საპატრულო პოლიციის ავტომობილში ჩასვა. რაც შეეხება ზაზა სხვიტარიძეს, მას ჩამოართვეს მობილური ტელეფონი და არ მისცეს საშუალება, მომხდარის შესახებ ინფორმაცია ადვოკატისთვის მიეწოდებინა. მოთხოვნის მიუხედავად, შსს-ის წარმომადგენლებმა არ ჩართეს სამხრე კამერები და არ გააკეთეს არანაირი განმარტება დაკავების მიზეზთან დაკავშირებით.


ქალაქ გორთან ახლოს საბა სხვიტარიძე საპატრულო პოლიციის ავტომობილიდან გადასვეს „ტოიოტა ქემრის“ ავტომობილის უკანა სავარძელზე. ავტომობილში მასთან ერთად ჩაჯდა 4 ადამიანი და გაემართნენ თბილისის მიმართულებით. ამ ავტომობილში საბა სხვიტარიძეს აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას. ერთ-ერთი პირი მას დაემუქრა ე.წ. დუბინკით გაუპატიურებით.


ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მისვლისას სხვიტარიძე აიყვანეს მე-5 სართულზე, სადაც ამ ოთხმა პირმა დაიწყო მასზე ფსიქოლოგიური ძალადობა. მას სთხოვდნენ, რომ ეღიარებინა პოლიციელზე თავდასხმა. საბა სხვიტარიძე უარყოფდა დანაშაულის ჩადენას, რის შემდგომაც მასთან ოთახში შევიდა ხაკისფერ ტაქტიკურ სამოსიანი 4 ნიღბიანი პირი, რომლებმაც 5-10 წუთის განმავლობაში ფიზიკურად იძალადეს საბა სხვიტარიძეზე. მას სცემდნენ ხელებითა და ფეხებით, ურტყამდნენ კიდურების, მუცლის, მკერდისა და თავის არეში, წაქცეულს ურტყეს ფეხები, მარცხენა ხელის ნეკა თითზე დააჭირეს ფეხი და სცადეს ხელის მოტეხვა. ძალადობის შედეგად, საბა სხვიტარიძემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ჰქონდა გონების დაკარგვის ეპიზოდი, მიიღო ტვინის შერყევა. ამის შემდგომ ოთახში კვლავ დაბრუნდა სხვიტარიძის ტრანსპორტირებაში მონაწილე 4 პირი და მისგან ისევ მოითხოვდნენ აღიარებით ჩვენებას. ემუქრებოდნენ, რომ პენიტენციურ დაწესებულებაში იგი მოხვდებოდა ე.წ. „ქათმების“ კამერაში.


სხვიტარიძის მიმართ ძალადობის კიდევ ერთი ეპიზოდი უკავშირდება ამავე შენობის მე-8 სართულზე აყვანას, სადაც ის შეიყვანეს ჯერ ერთ-ერთ ხელმძღვანელ პირთან, რომელმაც მას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა, შემდგომ კი - გამომძიებელ სალომე ედიშერაშვილთან. მას შემდეგ, რაც დარწმუნდნენ, რომ სხვიტარიძე კითხვებს არ პასუხობდა, ედიშერაშვილმა ოთახი დატოვა, ხოლო 5-მა პირმა საბა სხვიტარიძეზე ფიზიკურად იძალადა. ის გააკავეს, ურტყამდნენ ტანისა და თავის არეში, ასევე, თავზე გადაამტვრიეს ხის ნივთი, რომელიც იდო ედიშერაშვილის მაგიდაზე. ტვინის შერყევის გამო, საბა სხვიტარიძეს კიდევ ერთხელ აერია გული, რის შემდგომაც შეწყდა მასზე ძალადობა. ოთახში დაბრუნდა ედიშერაშვილი, რომელმაც კვლავ დაიწყო კითხვების დასმა, რაზეც ისევ ვერ მიიღო პასუხები. ამის შემდეგ, დაახლოებით 05:00 საათზე, საბა სხვიტარიძე შეასახლეს დროებითი მოთავსების იზოლატორში. მისი დაზიანებები აღწერა იზოლატორის ექიმმა, ასევე, გადაუღეს ფოტოსურათები.


საბა სხვიტარიძე ცნობილია დაზარალებულად. საია საქმეში ჩაერთო 2026 წლის თებერვალში, რის შემდგომაც განახლდა საგამოძიებო მოქმედებები, გამოჰკითხეს საბას დედა და ძმა. საია განაგრძობს დაზარალებულის სახელით ამ საქმის წარმოებას ადგილობრივ და, საჭიროების შემთხვევაში, საერთაშორისო დონეზე.


3. რევაზ კიკნაძე: მიუთითებდა, რომ მას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და სიტყვიერი შეურაცხყოფის პირობებში აიძულებდნენ, ეღიარებინა დანაშაული და დაედანაშაულებინა სხვები, რაც გამოიწვევდა მის მიმართ სისტემის მხრიდან ლოიალურ დამოკიდებულებას. იგი გატაცებული ჰყავდათ ლისის ტბის მიმდებარედ და ემუქრებოდნენ ცოცხლად დამარხვით. კიკნაძემ ასევე აღნიშნა, რომ ორთაჭალაში გადაყვანის შემდეგ კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის შენობაში მასზე განხორციელდა შემდეგი შინაარსის მუქარა (ერთ-ერთი პირი: „დაბლა ჩავიყვანოთ და „კლიზმაზე“ დავსვათ ან შამპანურის ბოთლზე“; მეორემ უპასუხა: „შეიძლება გაეპაროს, ბინძური საქმეა, ხელთათმანები გავიკეთოთ“).


4. ნიკოლოზ კაცია: მიუთითებდა, რომ დაკავებისას მას ექცეოდნენ დამცინავად და შეურაცხმყოფელად, უწოდებდნენ „რიჟიკას“, ბილწსიტყვაობდნენ მისი მისამართით და ეუბნებოდნენ, რომ, რასაც ეტყოდნენ, ის უნდა დაედასტურებინა.


5. ანატოლი გიგაური: დაცვის მხარემ პროცესზე აღნიშნა, რომ გიგაურს თავად პოლიციელმა მიაყენა ფიზიკური დაზიანება სახის არეში მუშტის არაერთი დარტყმით და ეს ყველაფერი დასტურდებოდა ვიდეომტკიცებულებით.


6. დავით ხომერიკი: მიუთითებდა სექსუალური ძალადობის მუქარის, ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის, ასევე, გაშიშვლების ფაქტებზე.


7. დავით ლომიძე: მიუთითებდა, რომ სცემეს დაკავებისას. მას ჰქონდა ხერხემლის პრობლემები. ცემის შედეგად, გაურთულდა მდგომარეობა და დასჭირდა ოპერაცია.


8. თემურ ზასოხაშვილი: აღნიშნავდა, რომ სამართალდამცავები მასაც გაუსწორდნენ ფიზიკურად დაკავების დროს. ადვოკატის თქმით, ზაჰესის იზოლატორში მას, ლომიძის მსგავსად, ფსიქოლოგიური ზეწოლის ქვეშ აღიარებით ჩვენებაზე მოაწერინეს ხელი.1


9. არჩილ მუსელიანცი: მიუთითებდა, რომ მას ემუქრებოდნენ და სთავაზობდნენ თანამშრომლობას. ეუბნებოდნენ, რომ ხელი დაედო პოლიტიკური თანამდებობის პირებისთვის.


10. ანასტასია ზინოვკინა: განმარტავდა, რომ მის მიმართ განხორციელდა სიცოცხლის მოსპობის მუქარა, ძალადობა, სექსუალური ძალადობის მუქარა. ერთ-ერთ პოლიციელს ხელი თავის სასქესო ორგანოზე ედო და ემუქრებოდა, თუ გაინძრეოდა, ამ ადგილით დასჯიდა. ის მოწმის და ვიდეოგადაღების გარეშე დააკავეს. ზინოვკინამ მიუთითა, რომ შეეძლო იმ პოლიციელის ამოცნობა, რომელმაც მას ტელეფონი წაართვა. ამავე პოლიციელმა ჩაუდო ნარკოტიკი ქურთუკის ჯიბეში. ზინოვკინა იხსენებდა, რომ „პოლიციელი“ ემუქრებოდა, თუ გააგრძელებდა ქურთუკის ყურებას, მას „იხმარდა“. მას შემდეგ, რაც დაკავებულის ქურთუკში ნარკოტიკული საშუალება განათავსეს, ჩაცმა აიძულეს. მხოლოდ ამ „ოპერაციის“ შემდეგ დაიწყო ოფიციალური ჩხრეკა. ქალი ცდილობდა ყველაფრის დანახვას, თუმცა, ემუქრებოდნენ, რომ მასზე იძალადებდნენ, თუ აქეთ-იქით ყურებას გააგრძელებდა.


11. არტემ გრიბული: დაკავებისას აგრესიულ მოპყრობასა და სექსუალური ძალადობის მუქარაზე მიუთითებდა.


12. ალეკო ელისაშვილი: პირველი წარდგენის სხდომაზე განაცხადა,2 რომ დაკავებისას მანქანაში ჩასვეს და სცემეს.


13. თევდორე აბრამოვი: აღნიშნავდა, რომ ის პოლიციის სამმართველოში გადაყვანის შემდგომ გააშიშვლეს და ბუქნები აკეთებინეს. დასცინოდნენ საყურის და ტატუს გამო, შეურაცხმყოფელ სიტყვებს ეუბნებოდნენ აქციებთან კავშირისთვის.


14. თორნიკე მჭედლიშვილი: სასამართლო პროცესზე აღნიშნავდა, რომ დაკავების შემდგომ, გურჯაანიდან წამოყვანისას, მას აგინებდნენ, ჯანმრთელობის დაზიანებითა და გაუპატიურებით ემუქრებოდნენ, იყენებდნენ შემდეგ ფორმულირებას: „გიხმართ“.


15. ვახტანგ ფიცხელაური: აცხადებდა, რომ მის მიმართ ადგილი ჰქონდა ძალადობასა და შეურაცხყოფას, მათ შორის, ოჯახის მიმართულებით. იგი გადმოათრიეს მანქანიდან, ათრიეს გარკვეულ მანძილზე, მხრებში ჩაარტყეს სამჯერ და ემუქრებოდნენ: „ბურჭულაძეს ნუ უდგები გვერდით... ახლა ნახავ“. როგორც პროცესზე გამოიკვეთა, ვახტანგ ფიცხელაურს ხელებსა და ტანზე აღენიშნებოდა ზედაპირული თვალსაჩინო დაზიანებები. მისი ადვოკატის თქმით, ფიცხელაური გაიტაცეს, მას დაკავების დროს არ განემარტა უფლებები და არც დაკავების ოქმის ასლი გადასცემია.3


16. დავით ჟღენტი: მიუთითებდა, რომ დაკავებისას და შემდეგაც სცემეს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის (გდდ) თანამშრომლებმა. ადვოკატის განმარტებით, დაკავებისას მათ დავით ჟღენტი შეიყვანეს პრეზიდენტის სასახლეში, სადაც არაერთმა პირმა მასზე ფიზიკურად იძალადა. ადვოკატის თქმით, დავით ჟღენტს დაზიანებები აღენიშნებოდა თვალბუდის, თავის, ყელის, ხელების, ზურგის და მკერდის არეში.


17. ამირან დოლიშვილმა აღნიშნა, რომ დაკავებისას სახლში სპეცრაზმელმა დაარტყა.


II. პენიტენციურ დაწესებულებაში არასათანადო მოპყრობა


10-მა ბრალდებულმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ მდგომარეობასა და მოპყრობაზე. კონკრეტულად: ნიკოლოზ კაცია, გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი, ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, თავად ან მათი უფლებადამცველების მეშვეობით, მიუთითებდნენ პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ გამოწვევებზე. მათი მონათხრობი ეხება როგორც ელემენტარულ საცხოვრებელ პირობებს, ისე კვებას, უსაფრთხოებასა და სამედიცინო მომსახურებაზე წვდომას.


2.1. კვება, ფინანსური რესურსები და უსაფრთხოება (ნიკოლოზ კაცია, ანასტასია ზინოვკინა)


საჯარო წყაროებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ნიკოლოზ კაციას4 პენიტენციურ დაწესებულებაში არ უზრუნველყოფდნენ საკვებით, ხოლო მის პირად საბანკო ანგარიშზე არსებული თანხებით სხვა მსჯავრდადებულები სარგებლობდნენ. ამის თაობაზე საქართველოს სახალხო დამცველის აპარატმაც გაავრცელა ინფორმაცია, რომლის თანახმად, ნიკოლოზ კაციამ სახალხო დამცველის რწმუნებულებთან შეხვედრისას მიუთითა პენიტენციურ დაწესებულებაში მისი უფლებების დარღვევის ფაქტებზე.5 2025 წლის 21 თებერვლის სასამართლო სხდომაზე ნიკოლოზ კაციამ აღნიშნა, რომ საბადრაგო სამსახურის თანამშრომლები პროცესამდე მას „ბუქნებს“ აკეთებინებდნენ.

ანასტასია ზინოვკინას ადვოკატი აღნიშნავდა, რომ ზინოვკინას აქვს ალერგია სტაფილოზე: „ამბობს, რომ სტაფილო ყველა საკვებშია და, ამის გამო, ვერ იღებს იმ საჭმელს, რომელსაც ციხის ადმინისტრაცია სთავაზობს“.6

ადგილობრივი კანონმდებლობით და საერთაშორისო აქტებით, პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია, უზრუნველყოს როგორც ბრალდებულთა და მსჯავრდადებულთა სათანადო კვება, აგრეთვე მათი სათანადო საცხოვრებელი პირობები. დაუშვებელია, მათი დასჯის მიზნით, არათუ საკვების მიცემაზე უარის თქმა, არამედ კალორიულობის შემცირებაც კი.7 აღნიშნული, შესაძლოა, შეიცავდეს წამების/არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს.

პენიტენციური სამსახური ვალდებულია, პატიმარი დაიცვას სხვა პატიმართა მხრიდან ძალადობისა და ექსპლუატაციისგან,8 ხოლო კვების შეზღუდვა ან მისით მანიპულაცია, შესაძლოა, წამების ან არაადამიანური მოპყრობის ნიშნებს შეიცავდეს.9 საიამ სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს მოუწოდა, ნიკოლოზ კაციას მიმართ გამოყენებული პატიმრობა აღესრულებინა საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით და პენიტენციური კოდექსით გარანტირებული უფლებების დაცვით. ასევე, ორგანიზაციამ იმ დროისთვის არსებულ სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს ნიკოლოზ კაციას არაადამიანურ საპატიმრო პირობებზე რეაგირებისა და ეფექტიანი გამოძიებისკენ მოუწოდა. 10

ამასთანავე, სისხლის სამართლის საქმეების სასამართლო განხილვის ეტაპზე არაერთი ბრალდებული მიმართავდა პროტესტის უკიდურეს ფორმას – შიმშილობას.

საყურადღებოა, რომ პატიმრების მიერ შიმშილობის დაწყება არის პროტესტის უკიდურესი ფორმა, რომელიც მიმართულია როგორც მათ მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეების არსებითი გარემოებების, ასევე პენიტენციურ დაწესებულებაში არსებული სავარაუდო არასათანადო მოპყრობის/პირობების წინააღმდეგ.


2.2. ანტისანიტარია და საცხოვრებელი პირობები (გიორგი ახობაძე, ინსაფ ალიევი, ზურაბ მენთეშაშვილი, დენის კულანინი, არტემ გრიბული, ანტონ ჩეჩინი)


რამდენიმე ბრალდებული პენიტენციურ დაწესებულებაში არსებულ სხვა პრობლემებზე მიუთითებდა. კონკრეტულად:

2025 წლის 19 ივლისს საჯაროდ გავრცელდა გიორგი ახობაძის წერილი,11 რომელშიც ის მიუთითებდა დაწესებულებაში არსებულ გაუსაძლის სიცხესა და ვენტილაციის პრობლემაზე: „დიდი ხანია, ვითხოვთ ვენტილატორის შემოტანას მაღაზიაში, წარმოუდგენელი სიცხეა, ვიხრჩობით ფაქტიურად ამ კოლოფებში, შეუძლებელია ღამე ძილი. ორი კვირის განმავლობაში რანაირად შეიძლება ვენტილატორი ვერ მიეწოდებოდეს მაღაზიას“.

2025 წლის 11 აგვისტოს ინსაფ ალიევის ადვოკატმა განაცხადა, რომ ბრალდებულმა დაიწყო შიმშილობა. ადვოკატი აღნიშნავდა, რომ საკანში იყო ტარაკნები, რის გამოც, ალიევი და მისი თანამესაკნეები გადაიყვანეს სხვა საკანში, სადაც, ადვოკატის მიერ გავრცელებული ინფორმაციით: „არ იყო წყალი და კანალიზაცია იყო გაჭედილი. მათ არ შეეძლოთ ხელ-პირის დაბანა და ჭურჭლის რეცხვა, რის გამოც, ვერ იღებდნენ საკვებს და, ფაქტობრივად, შეეზღუდათ წვდომა კვებაზე“.

პენიტენციურ დაწესებულებაში ტარაკნების არსებობასა და არაჰიგიენურ პირობებზე მიუთითებდა კიდევ ორი პატიმარი - ზურაბ მენთეშაშვილი12 და დენის კულანინი. სახალხო დამცველის წარმომადგენელმა, რომელმაც დენის კულანინი მოინახულა, ვიზიტთან დაკავშირებით შედგენილ ოქმში მწვავე რეალობა ასახა. როგორც ის აღწერს, დენის კულანინმა აცნობა, რომ კარცერში გადაყვანის შემდგომ 1 კვირის განმავლობაში არ ჰქონდა საწოლი და ძირს მდებარე მატრასზე ეძინა. არ ჰქონდა საშუალება, ესარგებლა საშხაპით და ელემენტარული ჰიგიენით. „[...] P.S. მსჯავრდებულმა მთხოვა, დამეთვალიერებინა საკარანტინე ოთახი. N2 საკარანტინე ოთახი არის მძიმე მდგომარეობაში. არის ტარაკნები (სკამზე ორი მკვდარი ტარაკანი ვნახე). ტუალეტი არის მძიმე მდგომარეობაში, არის ანტისანიტარია. საწოლის [ბალიშები] არის უბინძურესი,“ – აღნიშნავს სახალხო დამცველის წარმომადგენელი.13

როგორც არტემ გრიბულის ადვოკატმა აღნიშნა, არტემ გრიბული და ანტონ ჩეჩინი გადაიყვანეს საკარანტინე სივრცეში, სადაც ასევე იყო ანტისანიტარია, ტარაკნები, დასვრილი კედლები და იატაკი.14


2.3. სამედიცინო მომსახურებაზე შეზღუდული წვდომა (ნანა სანდერი, ნინო დათაშვილი, ანასტასია ზინოვკინა, ინსაფ ალიევი)


2025 წლის 11 აგვისტოს, სხვა გამოწვევებთან ერთად, ინსაფ ალიევის ადვოკატმა ისაუბრა პენიტენციურ დაწესებულებაში არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე: „ინსაფ ალიევს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, საჭიროებს მედიკამენტებს და ნემსს ორ დღეში ერთხელ. მიუხედავად დაპირებისა, რომ მედიკამენტებს მიუტანდნენ, ამ დრომდე მას კვლავ შეზღუდული აქვს წვდომა მისთვის აუცილებელ სამკურნალო საშუალებებზე“.

4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებით დაკავებული ნანა სანდერი ასევე მიუთითებდა არასაკმარის სამედიცინო დახმარებაზე პენიტენციურ დაწესებულებაში და ამბობდა, რომ მას სჭირდებოდა მედიკამენტი, რომელიც არ მიუტანეს. მისივე თქმით, როდესაც ერთ-ერთ სხდომაზე დააანონსა შიმშილობა, საპყრობილეში დაბრუნებულს ციხის დირექტორი ნესტან ვერულაშვილი და ადმინისტრაციის სხვა თანამშრომლები ატერორებდნენ.

„[...] ჩემი შიმშილობის პერიოდში მომიტანეს ქსეროასლები იმისა, თუ ჩემი საპყრობილეში მიყვანის დღიდან რამდენჯერაც მქონდა მიმართული ექიმისთვის, ექთნისთვის, რომლებიც მანამდე მქონდა მოთხოვნილი. 20%-იც არ არის დაფიქსირებული იმ პრობლემებისა, რაც მე მაწუხებს. იმის მაგივრად, რომ ექიმზე, რომელიც პასუხისმგებელი იყო, რაღაც პასუხისმგებლობა დაეკისრებინა, მე მომიწყო ციხის დირექტორმა ტერორი.

[...] ჩემ მიმართ ციხეში მიყვანის პირველივე წუთებიდან განხორციელდა სისხლის სამართლის დანაშაული. ადამიანის ღირსების შემლახველი მოპყრობა, არაადამიანური მოპყრობა, რაც, როგორც ვიცი, 3 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება. ამას დავამატოთ სექსუალური შევიწროება გაშიშვლების მოთხოვნით. ამაში მინიმუმ 5 ადამიანი იყო ჩართული. მათ შორის, ციხის დირექტორი და მისი მოადგილეები – მზია და დაჯი. არ ვიცი, შეიძლება ის ცუდი ადამიანი არ იყოს, მაგრამ ჩემ მიმართ ეს არის შერჩევითი დამოკიდებულება. არაადამიანობაა“ – აღნიშნა სასამართლო სხდომაზე ნანა სანდერმა.15

პენიტენციურ დაწესებულებაში დროული სამედიცინო დახმარების პრობლემები გამოიკვეთა ნინო დათაშვილის შემთხვევაშიც. დაცვის მხარის აქტიური მოთხოვნისა და შუამდგომლობის მიუხედავად, საბოლოოდ, დათაშვილმა მხოლოდ პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე გირაოს სანაცვლოდ და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების მიზეზით დატოვა პენიტენციური დაწესებულება.16 საკუთარი ჯანმრთელობის გამოწვევებზე საუბრობდა და პენიტენციური დაწესებულებისგან შესაბამის მხარდაჭერას, მკურნალობას მოითხოვდა ანასტასია ზინოვკინაც.

არასათანადო სამედიცინო დახმარებაზე მიუთითებდა ანასტასია ზინოვკინას ადვოკატიც: „ზინოვკინას აღენიშნება ხერხემლის პრობლემები. მას ტკივილგამაყუჩებელს აძლევენ, მაგრამ ვერ მკურნალობენ. ასევე გაუმკაცრეს თავისუფლების აღკვეთის პირობები“.17


III. გამოძიების არაეფექტიანობა


საერთო ჯამში, ზემოხსენებულ საქმეებზე გამოძიება ხასიათდება არაეფექტიანობით. ამასთანავე, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით, „ქართულმა ოცნებამ“ კიდევ ერთხელ, დემონსტრაციულად გამოხატა, რომ არ აპირებს საპოლიციო ძალადობის და არასათანადო მოპყრობის ეფექტიან გამოძიებას, ევროკავშირთან ასოცირების პროცესში ნაკისრი ვალდებულებების შესრულებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულებას და ვენეციის კომისიის რეკომენდაციების გათვალისწინებას.

ყურადსაღებია, რომ არცერთ საქმეზე, გარდა საბა სხვიტარიძისა, სავარაუდო არასათანადო მოპყრობის თაობაზე განმცხადებელი არცერთი პირი დაზარალებულად არ არის ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ ეფექტიანი გამოძიება მოითხოვს ხუთ კრიტერიუმს: (1) გამოძიების დამოუკიდებლობა, (2) მისი ადეკვატურობა, (3) გამოძიების სწრაფი წარმოება, (4) საჯაროობა, (5) მასში დაზარალებულის ჩართულობა. დღეს არსებული მოცემულობით, დასაბუთებულია ეჭვები ამ კრიტერიუმების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით. შესაბამისად, საგამოძიებო ორგანომ უნდა უპასუხოს ამ შეკითხვებს და მიაწოდოს საზოგადოებას სწორი ინფორმაცია, რატომ არ აქვთ აქამდე დაზარალებულის სტატუსი პატიმრების თითქმის აბსოლუტურ უმრავლესობას, რომლებიც არასათანადო მოპყრობაზე მიუთითებენ და როგორია გამოძიების პროგრესი.

გარდა ამისა, საყურადღებოა, რომ აქციების დროს აქტივისტების და ჟურნალისტების მიმართ განხორციელებულ ძალადობაზე, უმეტესად, არ დაწყებულა სისხლისსამართლებრივი დევნა. საქართველოს პროკურატურის ანგარიშში18 ასახული მონაცემებიც (რომლებიც ქვემოთ არის წარმოდგენილი) ცხადყოფს საქართველოს პროკურატურის დამოკიდებულებას მსგავსი ტიპის საქმეებზე ეფექტიანი საპროცესო ზედამხედველობის განხორციელების კუთხით.

2024 წელს სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა გამოძიება დაიწყო სისხლის სამართლის 413 საქმეზე, სისხლისსამართლებრივი დევნა კი განხორციელდა მხოლოდ 105 პირის მიმართ, რომელთაგან: 24 იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 2 - თავდაცვის სამინისტროს, ხოლო 4 - პენიტენციური დეპარტამენტის თანამშრომელი.19

ყურადსაღებია, რომ სახალხო დამცველი ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ 2024 წლის ანგარიშში ასევე ხაზგასმით მიუთითებს არასათანადო მოპყრობის საქმეთა გამოუძიებლობის მსუსხავ ნეგატიურ ეფექტზე. 2024 წლის გაზაფხულის საპროტესტო აქციების დროს ჩადენილი ძალადობის ფაქტებზე სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლებისთვის პასუხისმგებლობის დაუკისრებლობამ, ასევე, ეფექტიანი პრევენციული ღონისძიებების გაუტარებლობამ (მაგალითად, სპეცრაზმელების აღჭურვა ამოსაცნობი ნიშნებით), 2024 წლის 28 ნოემბრიდან 2025 წლის 1-ელ მარტამდე საპროტესტო აქციებზე (ზამთრის აქციები) არაპროპორციული ძალისა და არასათანადო მოპყრობის კიდევ უფრო მასშტაბური გამოყენების წინაპირობა შექმნა.20

ასევე, დაუსჯელობის, უფრო ზუსტად კი, სამართალდამცავი ორგანოებისა და ციხის თანამშრომლების მხრიდან ყოველგვარი შესაძლო არასათანადო მოპყრობის ეფექტიანი გამოძიების საკითხი ვრცლად იყო განხილული წამების პრევენციის კომიტეტის საქართველოში ვიზიტის წლევანდელ ანგარიშში. ამ კონტექსტში, კომიტეტი შეშფოთებულია სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებით და მისი ფუნქციების კვლავ პროკურატურისთვის გადაცემის ინიციატივით. კომიტეტი იხსენებს, რომ სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არასათანადო მოპყრობის ბრალდებების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი მექანიზმის შექმნა კომიტეტისა და სხვა საერთაშორისო აქტორების დიდი ხნის რეკომენდაცია იყო. ამას საფუძვლად ედო სწორედ ის ფაქტორი, რომ არასაკმარისად იყო მიჩნეული პროკურატურის მიერ ასეთი ბრალდებების გამოძიების ეფექტიანობა. დამოუკიდებელი საგამოძიებო ორგანოს გაუქმება, მისი გაძლიერების ნაცვლად, იმის სრულიად საპირისპირო მიმართულებით სვლაზე მიანიშნებს, რომლის ადვოკატირებასა და მხარდაჭერასაც კომიტეტი დიდი ხნის განმავლობაში ცდილობდა.21 2026 წლის 9-11 მარტს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა განიხილა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების პროგრესი. მინისტრთა კომიტეტმა ყურადღება გაამახვილა სამართალდამცავთა მხრიდან არასათანადო მოპყრობის პრაქტიკაზე, არაეფექტიან გამოძიებასა და სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმებაზე, რაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის ეფექტიანობას. კომიტეტმა მკაცრად მოუწოდა სახელმწიფოს, გამოიძიოს არასათანადო მოპყრობის შესახებ ყველა ბრალდება, მათ შორის, 2024-2025 წლების აქციების კონტექსტში, ასევე, უზრუნველყოს მსხვერპლთა უფლებების დაცვა და დანერგოს მყარი პრევენციული მექანიზმები.22


IV. შეჯამება


წინამდებარე შეფასებაში განხილულია ის შემთხვევები, რომლებშიც აქციების კონტექსტში დაკავებულ პირებთან დაკავშირებით კონსტიტუციით და საერთაშორისო ხელშეკრულებებით აკრძალული მოპყრობის მთელი სპექტრი იკვეთება. სხვადასხვა საქმეში აღწერილი ფიზიკური ძალადობა (ცემა, ტვინის შერყევა, ჯანმრთელობის გაუარესება), სექსუალური ხასიათის მუქარები და გაუპატიურების მუქარის ტოლფასი ქცევები, სიცოცხლის მოსპობისა და ცოცხლად დამარხვის მუქარა, ასევე, აღიარებითი ჩვენების იძულება ქმნის ისეთ ინტენსივობას და მიზანმიმართულობას, რომლებიც სწორედ არასათანადო მოპყრობის ფორმებად შეიძლება შეფასდეს და, არა მხოლოდ, უფლებამოსილების გადამეტებად.

თანაბრად მნიშვნელოვანია ისიც, რომ პენიტენციურ დაწესებულებებში აღწერილი მდგომარეობა – ტარაკნები, ანტისანიტარიული საკნები, საწოლის გარეშე დარჩენა, წყალსა და სანიტარიაზე წვდომის შეზღუდვა, საკვების შეზღუდვა ან მისით მანიპულირება, ქრონიკული ჯანმრთელობის პრობლემებზე სათანადო რეაგირების არქონა – ადასტურებს არა ერთეული ინციდენტების არსებობას, არამედ იმ პრაქტიკას, რომელიც თავისუფლებაწართმეულ პირთა ღირსებას, ფიზიკურ და ფსიქიკურ ხელშეუხებლობას არ უზრუნველყოფს. ასეთ პირობებში ადამიანი მუდმივად იმყოფება შიშის, დაუცველობის და სრული დამოკიდებულების ქვეშ, რაც ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის ლოგიკით, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობის კლასიკურ მაგალითებს იმეორებს. ამას ემატება ისიც, რომ ამ საქმეებში მაღალია პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკი.

ფაქტი, რომ თითქმის არცერთ პირს (გარდა საბა სხვიტარიძისა) არ ენიჭება დაზარალებულის სტატუსი, ფაქტობრივად, ნიშნავს სახელმწიფოს მხრიდან პოზიტიური ვალდებულების შეუსრულებლობას, უზრუნველყოს ეფექტიანი, დამოუკიდებელი, სწრაფი და დაზარალებულის ჩართულობაზე დამყარებული გამოძიება. ამას მოწმობს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და ასეთი დანაშაულების გამოძიების დაბრუნება იმ ინსტიტუციაში, რომლის მიმართაც წლების განმავლობაში არსებობდა ეჭვი არაეფექტიანობასა და ინტერესთა კონფლიქტზე. ამასთანავე, დამოუკიდებელი საგამოძიებო მექანიზმის შექმნა „ცინცაბაძის ჯგუფის“ საქმეების აღსრულების ერთ-ერთი მთავარი ღონისძიება იყო და კომიტეტი მიესალმებოდა ამ ინიციატივას. შარშან კომიტეტმა მოუწოდა სახელმწიფოს, არ გაეუქმებინა სპეციალური საგამოძიებო სამსახური, არამედ, პირიქით, გაეძლიერებინა მისი დამოუკიდებლობა. ვინაიდან ეს რეკომენდაცია არ შესრულდა, მინისტრთა კომიტეტი მოუწოდებს სახელმწიფოს, დეტალურად წარმოადგინოს ახსნა-განმარტება, როგორ უზრუნველყოფს ამჟამინდელი ინსტიტუციური და ოპერატიული მექანიზმები პროკურატურის დამოუკიდებლობასა და ეფექტიანობას სპეციალური საგამოძიებო სამსახურის კომპეტენციების შესრულებისას.23 ამ გარემოებების ერთობლიობა ქმნის ვარაუდის საფუძველს, რომ ხელისუფლების მიერ აღებული პოლიტიკური კურსი შორდება კონვენციურ სტანდარტებს. 



1 ცემა და ფსიქოლოგიური ზეწოლა დაკავების შემდეგ, დავით ლომიძის და თემურ ზასოხაშვილის საქმე, ინდიგო, 25.04.2025, ხელმისაწვდომია: https://indigo.com.ge/articles/davit-lomidzis-da-temur-zasoxashvilis-saqme.

2 მიუთითებდა მისი პირველი ბრალის ფარგლებში დაკავებისას (სსკ-ის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული).

3 ეს მოხდა ადმინისტრაციული დაკავებისას, თუმცა უკავშირდება შემდგომ სისხლის წესით დაკავებას.

4 ნიკოლოზ კაციამ პენიტენციური დაწესებულება გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე დატოვა.

5 24 იანვარს სახალხო დამცველის რწმუნებულმა პენიტენციურ დაწესებულებაში ნიკოლოზ კაცია მოინახულა, საქართველოს სახალხო დამცველის facebook-გვერდი, 24.01.2025. ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/photo?fbid=1156605119167393&set=a.251767382984509 (განახლებულია: 01.04.2026)

6 იქვე.

7 პენიტენციური კოდექსი, მუხლი 111.

8 პრევენციის ეროვნული მექანიზმის 2024 წლის ანგარიში, სახალხო დამცველი, 2025, გვ. 29-32, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2025073016431741922.pdf?utm_source=chatgpt.com (განახლებულია: 01.04.2026).

9 პატიმრობის კოდექსი, მუხლი 23 (1).

10 საია ნიკოლოზ კაციას არასათანადო საპატიმრო პირობებს ეხმიანება, საია, 24.01.2025. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/saia-nikoloz-kacias-arasatanado-sapatimro-pirobebs-ekhmianeba (განახლებულია: 01.04.2026).

11 გიორგი ახობაძემ გამამართლებელი განაჩენის საფუძველზე დატოვა პენიტენციური დაწესებულება.

12 „პენიტენციური სამსახურის მიერ გადაღებული ვიდეომასალა მხოლოდ ერთ მიზანს ემსახურება - შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება და გავრცელებული კადრებით ყურადღება სხვა თემაზე გადაიტანოს“, „პუბლიკას“ ფეისბუქ-გვერდი, 11.03.2026, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/publika.ge/posts/-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%90%E1%83%91-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A8%E1%83%90%E1%83%A8%E1%83%95%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%95%E1%83%9D%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98-%E1%83%AF%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%9D-%E1%83%AD%E1%83%99%E1%83%90%E1%83%93%E1%83%A3%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98-%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%A3%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0-%E1%83%92%E1%83%90%E1%83%95%E1%83%A0%E1%83%AA%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91/1702879701111573/ (განახლებულია: 01.04.2026).

13 „მსჯავრდებული არის არაადამიანურ პირობებში“ - რას წერს ომბუდსმენის წარმომადგენელი დენის კულანინზე, „პუბლიკა“, 13.03.2026, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/msjavrdebuli-aris-araadamianur-pirobebshi-ras-wers-ombudsmenis-warmomadgeneli-denis-kulaninze/ (განახლებულია: 27.03.2026)

14 არტემ გრიბული ციხის თანამშრომელს დამამცირებელ მოპყრობაში ადანაშაულებს, ადვოკატი პროკურატურას მიმართავს, „ნეტგაზეთი“, 03.03.2026, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/800190/ (27.03.2026).

15 „ჩემს სიკვდილზე აქვთ ხელი მოწერილი“ - ნანა სანდერი ციხეში არაადამიანურ მოპყრობაზე საუბრობს, 20.01.2026, „ნეტგაზეთი“, ხელმისაწვდომია: https://netgazeti.ge/news/796226/ (განახლებულია: 27.03.2026).

16 ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა, „ინტერპრესნიუსი“, 29.10.2025, ხელმისაწვდომია: ნინო დათაშვილმა საპატიმრო დატოვა | საინფორმაციო სააგენტო „ინტერპრესნიუსი" (განახლებულია: 01.04.2026).

17 ანასტასია ზინოვკინა - რატომ ჩათვალა „საიდუმლო სხდომამ“, რომ ის საშიშროების რისკს ქმნის? 21.01.2026. ხელმისაწვდომია: ანასტასია ზინოვკინა - რატომ ჩათვალა „საიდუმლო სხდომამ“ რომ ის საშიშროების რისკს ქმნის? (განახლებულია: 01.04.2026).

18 საქართველოს პროკურატურა, 2024 წლის საქმიანობის ანგარიში, გვ. 61, ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpVDOUQu.pdf?subject=https://pog.gov.ge/uploads_script/resources/tmp/phpVDOUQu.pdf (განახლებულია: 01.04.2026).

19 2024-2025 წლებში აქციების კონტექსტში დაკავებული პირების პოლიტიკურად მოტივირებული საქმეების პირველი ინსტანციის სასამართლოში დაკვირვების შედეგები, საია, 2025, გვ. 28, ხელმისაწვდომია: https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/2024-2025%20wlebSi%20politikurad%20motivirebuli%20saqmeebi_geo.pdf (განახლებულია: 01.04.2026).

20 „საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიში საქართველოში ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის მდგომარეობის შესახებ, 2024 წელი“, გვ. 77. ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/res/docs/2025040121291438156.pdf (განახლებულია: 01.04.2026).

21 CPT - შემაჯამებელი ანგარიში, გვ. 2-3, ხელმისაწვდომია: 48802b13b8 (განალხებულია: 01.04.2026)

22 ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2026 წლის 11 მარტის გადაწყვეტილება არასათანადო მოპყრობის / სიცოცხლის უფლების სისტემურ გამოწვევებზე, საია, 24.03.2026. ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/GYLA-tsintsabadzisjgupissaqmeebi-2026-11martis?fbclid=IwdGRjcAQ3qIJleHRuA2FlbQIxMQBzcnRjBmFwcF9pZAo2NjI4NTY4Mzc5AAEerJCV0onoyrWwAAD2rPFGdilOVJbx_1xTDDt6PgmKVWso4aZ6ynnhgMtytRM_aem_lAh8brUHdmTNyFyVyaurLg (განახლებულია: 01.04.2026).

23 იქვე.


სხვა სიახლეები