GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 დეკემბერი, 2014
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალს უკრაინიდან  დაუკავშირდა საქართველოს მოქალაქე გიორგი ბერიძე, რომელიც მისი განცხადებით, აჭარის შსს სამმართველოს მაღალჩინოსნების გადაწყვეტილებით იძულებით იმყოფება საქართველოს ფარგლებს გარეთ.
 
გიორგი ბერიძის განმარტებით, მას როგორც ნასამართლევ პირს, აჭარის შსს სამმართველოს თანამშრომლებმა მოსთხოვეს ქვეყნის 10 დღით დატოვება, წინააღმდეგ შემთხვევაში აჭარის მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე, ლევან ხარაბაძე, მას იარაღის ჩადებით დაემუქრა. განხორციელებული ზეწოლის შედეგად ის იძულებული გახდა 2014 წლის 21 აგვისტოს ქვეყანა დაეტოვებინა. როგორც გიორგი ბერიძე აცხადებს, მიმდინარე წლის 7 სექტემბერს, საქართველოში დაბრუნებისას, ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში, მას დახვდნენ აჭარის შსს მთავარი სამმართველოს თანამშრომლები, რომლებმაც უკანონოდ არ მისცეს ქვეყანაში შემოსვლის უფლება, ჩასვეს ავტომანქანაში, მიიყვანეს სარფის სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან და კვლავ იძულებით დაატოვებინეს ქვეყნის ტერიტორია. გიორგი ბერიძის განმარტებით, ფაქტის დადასტურება შეუძლიათ მამა ანდრია (თურმანიძეს) და მამა იაკობ (ბენიძეს). 
 
გვსურს აღვნიშნოთ, რომ საქართველოს კონსტიტუციის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტის  თანახმად  საქართველოს მოქალაქეს შეუძლია თავისუფლად შემოვიდეს ქვეყანაში და  მე-13 მუხლის  მე-3 პუნქტის თანახმად  საქართველოდან საქართველოს მოქალაქის გაძევება დაუშვებელია.
საია მოუწოდებს საქართველოს მთავარ პროკურატურას დაინტერესდეს ზემოთ აღნიშნული ფაქტით და დაიწყოს დროული გამოძიება.
 

სხვა სიახლეები