სიახლეები
გურიასა და აჭარაში მიმდინარე მოვლენები ცხადჰყოფს, რომ „ქართული ოცნება“ კვლავ ვერ/არ ასრულებს სახელმწიფოს პოზიტიურ ვალდებულებას, დაიცვას მოქალაქეების ჯანმრთელობა, სიცოცხლე და უსაფრთხოება. მოსახლეობას საკუთარი ძალებით უწევს დიდთოვლობასთან გამკლავება, ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ძალისხმევა და გატარებული ღონისძიებები, სტიქიის მასშტაბების გათვალისწინებით არ არის ეფექტიანი.
როგორც
საზოგადოებისთვის ცნობილია გურიაში და აჭარაში დიდთოვლობის გამო რთული ვითარებაა.[1] უხვი ნალექის გამო გურიის და აჭარის ნაწილს
არ მიეწოდება წყალი, ბუნებრივი აირი ან/და ელექტორენერგია, დაზიანდა და ჩამოინგრა სახლები,[2] გარესამყაროსაა მოწყვეტილი და დახმარებას საჭიროებს არაერთი მოქალაქე, მათ შორის არიან მოხუცები და ბავშვები.[3] ვრცელდება ინფორმაცია ადამიანების გარდაცვალების
და აუცილებელი დახმარების გარეშე დარჩენილი ადამიანების შესახებ.[4] საია სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილთა ოჯახებს.
ადამიანთა
სიცოცხლე და ფიზიკური ხელშეუხებლობა, ჯანმრთელობის დაცვა და ჯანსაღ გარემოში ცხოვრება
საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებული ფუნდამენტური უფლებებია,[5] ამასთან, სახელმწიფოს აქვს ვალდებულება მოქალაქეებს
დროულად მიაწოდოს ინფორმაცია გარემოს მდგომარეობის შესახებ.[6]
სტიქიის
დროს მოსალოდნელი საფრთხეების შეფასების შედეგად სახელმწიფო ვალდებულია დროულად გაატაროს
ადეკვატური პრევენციული ღონისძიებები. სიცოცხლის უფლება სახელმწიფოს ავალდებულებს სათანადო
ნაბიჯების გადადგმას საკუთარი იურისდიქციის ფარგლებში, რაც, მათ შორის, მოიცავს ისეთი
საფრთხეებისგან დაცვას, რომლებიც უშუალოდ სახელმწიფოსგან არ მომდინარეობს. უფლების
დაცვის ევროპული სტანდარტი მოითხოვს ისეთი ღონისძიებების გატარებას, რომლებიც შესაძლებელს
გახდის სტიქიური უბედურებების დროს სიცოცხლის დაკარგვის თავიდან აცილებას, მაშინაც
კი, თუ თავად სტიქიური მოვლენები ადამიანის კონტროლის მიღმაა.[7]
აღსანიშნავია,
რომ საიამ ჯერ კიდევ 2023 წელს გამოაქვეყნა საადვოკაციო დოკუმენტი „ადამიანის უფლებები
ბუნებრივი კატასტროფების პირისპირ“.[8] რომელშიც წამოჭრილია ბუნებრივი კატასტროფების
პრევენციის, მართვის და მათზე რეაგირების კუთხით არსებული ნიშვნელოვანი გამოწვევები
და შეკითხვები, რომელთა უმრავლესობა დღემდე პასუხგაუცემელი რჩება.
მაგალითად,
საქართველოს სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ კანონის მიხედვით, მუნიციპალიტეტებს უნდა
ჰქონდეთ „მუნიციპალიტეტის უსაფრთხოების პასპორტი“, ეს დოკუმენტი აფასებს საგანგებო
სიტუაციების რისკებს, შესაძლო შედეგებსა და მუნიციპალიტეტის მიერ გადასადგმელ პრევენციულ
ნაბიჯებს. ასევე გამოიყენება რისკების შემცირების ღონისძიებების დაგეგმვისთვის.[9] უცნობია აქვს, თუ არა, უსაფრთხოების პასპორტი
ყველა მუნიციპალიტეტს და ერთვის თუ არა მათ შესაბამისი რისკის მიხედვით ზონირებული
რუკები. უსაფრთხოების პასპორტების არსებობის შემთხვევაში, ისინი არ არის ხელმისაწვდომი.
მაგალითად, ჯერ კიდევ 2023 საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურიდან გამოთხოვილი
ინფორმაციით, სამსახურმა გვაცნობა, რომ დონორული მხარდაჭერით, 21 მუნიციპალიტეტში ჩაატარა
სწავლებები უსაფრთხოების პასპორტის შექმნასთან დაკავშირებით და კოორდინაციას უწევდა
მომზადებული თანამშრომლების მიერ უსაფრთხოების პასპორტის შექმნაზე მუშაობას.[10]
მიუხედავად
ეროვნული კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლებრივი ვალდებულებებისა, სახელმწიფო წლებია
ვერ უზრუნველყოფს სტიქიური უბედურებების ადეკვატურ პრევენციასა და ადმინსტრირებას,
რის შედეგადაც ადამიანებს ტოვებს დაუცველს ისეთი საფრთხეების მიმართ, რომელთა თავიდან
აცილება ან/და რომლებზეც ეფექტიანი რეაგირება სახელმწიფოს მოვალეობაა.
[1] დიდთოვლობის
გამო გურიის სოფლები იზოლირებულია, მოქალაქეები ოჯახის წევრებს ვერ უკავშირდებიან,
პუბლიკა, 25.02.2025, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/didtovlobis-gamo-guriis-soflebi-izolirebulia-moqalaqeebi-ojakhis-wevrebs-ver-ukavshirdebian/
[2] დიდთოვლობის
შედეგად დანგრეული საცხოვრებელი სახლი, მთავარი არხის ფეისბუქგვერდი,
25.02.2025, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/1A8btxyxCs/
[3] დახმარება სჭირდებათ ლანჩხუთის რეიონის სოფ აცანაში,
მთავარი არხის ფეისბუქ გვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/share/p/15vB7LWLCt/
[4] გურიაში, ნატანებში
ქალი გარდაიცვალა, რომელიც მოხუც დედას უვლიდა | დიდთოვლობის გამო ოჯახში მისვლა ვერ
ხერხდება - ადგილობრივი მედია, მთავარი არხი, 25.02.2025, ხელმისაწვდომია: https://mtavari.tv/news/177569-guriashi-natanebshi-kali-gardaitsvala-romelits?fbclid=IwY2xjawIqeKFleHRuA2FlbQIxMQABHRRSBIzi1brsCnA7Hni4w9qyjLRx6ETGIB1_PxFmVG5t3P9z_kB4xW9x1Q_aem_4g1dVRTaoTF5nlbBD_toCg, ასევე პუბლიკას ფეისბუქ
გვერდი: https://www.facebook.com/photo?fbid=1380099610056252&set=a.715406393192247&locale=ka_GE
[5] საქართველოს
კონსტიტუცია, მუხლები 10, 28, 29.
[6] იქვე, მუხლი 29 (1).
[7] ადამიანის
უფლებები ბუნებრივი კატასტროფების პირისპის, საადვოკაციო დოკუმენტი, საია, 2023, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/files/2020/%E1%83%99%E1%83%95%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%95%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98/untitled%20folder/%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A3%E1%83%A1%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%97%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%98/%E1%83%90%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%A3%E1%83%A4%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%91%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%20%E1%83%91%E1%83%A3%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%99%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%90%E1%83%A1%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%A4%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%98%E1%83%A0.pdf .
[8] იქვე.
[9] საქართველოს კანონი
სამოქალაქო უსაფრთხოების შესახებ, მუხლი 10.
[10] საგანგებო სიტუაციების
მართვის სამსახურის 2023 წლის 11 ნოემბრის წერილი ნომერი MIA02303517356
გააზიარე: