სიახლეები
წინა არჩევნებზე (2021,2022), სადაც ელექტრონული ხმის მიცემა სატესტოდ ხდებოდა, საიამ ფარულობის დარღვევის პრობლემა არაერთხელ დააფიქსირა. ეს რისკები აისახა ორგანიზაციის ანგარიშებში, რაც მიუთითებდა, რომ ხმის მიცემის პროცესის დაცულობა სერიოზულ გამოწვევად რჩებოდა. საია მიიჩნევდა, რომ ბიულეტენების ტექნიკური ხარვეზები, კამერების განთავსების პრაქტიკა და სხვა ფაქტორები შესაძლებელს ხდიდა ხმის ფარულობის დარღვევას.
გაგაცნობთ ამონარიდებს საიას ანგარიშებიდან, ასევე ორგანიზაციის შეფასებებს 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების დღეს, სადაც კვლავ მკაფიოდ იყო აღნიშნული ფარულობის დარღვევის პრობლემა.
2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ, როდესაც კრწანისის ოლქში დაიტესტა ელექტორნული ტექნოლოგიების გამოყენება:
,,მარკერის საღებავის ფურცლის მეორე მხარეს გაჟონვის გამო, მეტ-ნაკლებად შესაძლებელი იყო მიცემული ხმის იდენტიფიცირება აპარატში ბიულეტენის მოთავსების პროცესში, ან, თუ აპარატი რაიმე მიზეზით მას უკან დააბრუნებდა.“1
2022 წლის ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნებზე დაკვირვების შემდგომ -
,,საიას დაკვირვებით, 2 აპრილის ბათუმის საკრებულოს შუალედური არჩევნების ძირითადი გამოწვევა ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის რისკებს უკავშირდებოდა. ამის ერთ-ერთი მიზეზი იყო მარკერის სითხის გაჟონვა ბიულეტენის უკანა მხარეს,რის შედეგადაც, მონიშნული წრის მდებარეობის მიხედვით, შესაძლებელი ხდებოდა ამომრჩევლის მიერ დაფიქსირებული არჩევანის გარჩევა.“ 2
2024 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე საიამ აღმოაჩინა ფარულობის დარღვევის რისკები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებთან მიმართებით და ამის შესახებ წინასწარ მიმართა ცესკოს, რომ მიეღო შესაბამისი ზომები ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად. 2024 წლის 28 სექტემბრის წერილით №01-01/1607 საიას ეცნობა, რომ ცესკოს მიერ გამართულ სასწავლო-საინფორმაციო შეხვედრებზე გამოყენებული საარჩევნო ბიულეტენი იყო სატესტო ვერსია, ხოლო კენჭისყრის დღეს გამოყენებული ბიულეტენის ხარისხი იქნებოდა განსხვავებული, რაც უზრუნველყოფდა ფარულობის დაცვას.
რას ამბობდა საია ფარულობის დარღვევის საკითხზე 2024 წლის 26 ოქტომბერს, კენჭისყრის დღის შეფასებებში:
,,საიას მიერ აღრიცხულ უბანთა უმრავლესობაში „ქართული ოცნების” მიერ დამონტაჟებული იყო ვიდეოკამერები, რომლებიც, ზოგ შემთხვევაში, უყურებდა რეგისტრატორის მაგიდებს და ვერიფიკაციის აპარატებს, ზოგ შემთხვევაში კი - ხმის მიცემის კაბინებს და ძირითად საარჩევნო ყუთს. ბიულეტენების ხარისხი ვერ უზრუნველყოფდა იმას, რომ მის უკანა მხარეს არ დაეტოვებინა გაფერადებული წრის კვალი. ამ ორი მოცემულობის თანხვედრა ამომრჩევლის ნებაზე ზემოქმედების მაღალ რისკებს ადასტურებს. ასევე, ფიქსირდებოდა ფარულობის დარღვევის სხვადასხვა ეპიზოდი, მათ შორის, ხმის მიცემა არაუფლებამოსილ თანმხლებ პირთან ერთად.“3
,,21:00 საათისთვის არსებული მონაცემების მიხედვით, საარჩევნო პროცესი კვლავ მნიშვნელოვანი დარღვევების ფონზე წარიმართა. მისიამ 15:00-იდან 20:00-მდე გამოავლინა ხმის ფარულობის დარღვევის, ფიზიკური ძალადობის და მუქარის, დამკვირვებლებისა და ჟურნალისტებისთვის საქმიანობაში ხელშეშლის, აგიტაციის ფაქტები, ასევე, ელექტრონული ტექნოლოგიების გამოყენებასთან დაკავშირებული ხარვეზები.“4
,,საბურთალოს ოლქის 81-ე უბნის საარჩევნო კომისიის წარმომადგენელი ფოტოს უღებდა ამომრჩევლის ბიულეტენს. ქუთაისის ოლქის ერთ-ერთ უბანზე წყლის ჩამოსვლის შედეგად დაზიანდა ხმის მთვლელი აპარატი და ხარვეზებით მუშაობს. აპარატი არ იღებს ამოტრიალებულ ბიულეტენებს, რის გამოც, ამომრჩევლები ხმას აფიქსირებენ ისე, რომ ზედაპირზე ჩანს გაფერადებული/მონიშნული წრე.“5
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 73 ოლქში შემავალი ყველა იმ უბნის (2263) შედეგების ბათილად ცნობას ითხოვს, სადაც არჩევნები ტექნოლოგიების გამოყენებით ჩატარდა. საია დავობს, რომ კენჭისყრის დღეს მასობრივად დაირღვა ამომრჩევლის ხმის ფარულობის პრინციპი, რაც არღვევს საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ საარჩევნო უფლებას.
1 საიას ანგარიში ,,2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების სადამკვირვებლო მისია“, ხელმისაწვდომია - https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/2021%20%E1%83%AC%E1%83%9A%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%93%E1%83%92%E1%83%98%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98%20%E1%83%97%E1%83%95%E1%83%98%E1%83%97%E1%83%9B%E1%83%9B%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%97%E1%83%95%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98.pdf.crdownload_01727961062.pdf
გვ. 51.
2 საიას ანგარიში ,,საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის ქართული გამოცდილება და პერსპექტივები” გვ. 17-18. ხელმისაწვდომია - https://admin.gyla.ge/uploads_script/publications/pdf/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A9%E1%83%94%E1%83%95%E1%83%9C%E1%83%9D%20%E1%83%94%E1%83%9A%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%A2%E1%83%A0%E1%83%9D%E1%83%9C%E1%83%A3%E1%83%9A%E1%83%98%20%E1%83%A2%E1%83%94%E1%83%A5%E1%83%9C%E1%83%9D%E1%83%9A%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%98%E1%83%94%E1%83%91%E1%83%98%E1%83%A1%20%E1%83%93%E1%83%90%E1%83%9C%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%92%E1%83%95%E1%83%90.pdf_01722589748.pdf
3 საიას სადამკვირვებლო მისიის 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების კენჭისყრის დღის შეფასება, 27 ოქტომბერი, 11:00 საათი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gancxadeba-27octomberi-11saati
4 საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები 21:00 საათის მდგომარეობით, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gyla-gancxadeba-21saati
5 საიას სადამკვირვებლო მისიის მიერ გამოვლენილი დარღვევები 15:00 საათის მდგომარეობით, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/gancxadeba-15saatis-monacemebit
გააზიარე: