GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

22 ივლისი, 2021

დღეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ ირაკლი ხვადაგიანის სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. გასაჩივრებული ნორმებით მოწესრიგებულია ეროვნულ საარქივო ფონდს მიკუთვნებული საჯარო ინფორმაციის გაცემის წესი და აღნიშნული ინფორმაციის მიღებისთვის დადგენილი საფასურები.

სადავო ნორმების მიხედვით, არქივი შტრიხავს პერსონალური მონაცემების შემცველ ინფორმაციას და ისე გასცემს ამ მასალას დაინტერესებულ პირზე. არქივი საერთოდ არ გასცემს დაინტერესებულ პირზე სისხლის სამართლის საქმის მასალებს, მათ შორის დაშტრიხული ფორმით[1]. საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკის მიხედვით, ზოგიერთ შემთხვევაში, გამართლებულია საჯარო ინფორმაციის გასაიდუმლოება ადამიანის პირადი ცხოვრების საიდუმლოების დასაცავად, სხვა შემთხვევაში ინფორმაციის გასაჯაროების ინტერესი იმდენად მაღალია, რომ ადამიანის პირადი ცხოვრების დაცვის ინტერესი მეორე ადგილზე გადადის.[2] საკონსტიტუციო სასამართლოში საიას მიერ გასაჩივრებული ნორმები, ყველა შემთხვევაში, უპირატესობას ანიჭებს ადამიანი პირადი ცხოვრების დაცვის უფლებას და ამ მოტივით ხდება არქივში დაცული ინფორმაციის გასაიდუმლოება, მათ შორის მაშინ, როცა ინფორმაცია განსაკუთრებული მნიშვნელობის ისტორიულ მოვლენას ან ისტორიულ მოღვაწის საჯარო საქმიანობას ეხება. 

ეროვნული არქივი ისტორიული კვლევის ჩასატარებლად გასცემს ინფორმაციას გარდაცვლილი ადამიანის შესახებ, თუ ამ ადამიანმა სიცოცხლეში წერილობით არ აკრძალა მის შესახებ ინფორმაციის გაცემა. ამ შემთხვევაში პრობლემას წარმოადგენს ის, რომ არქივიდან ასეთი ინფორმაციის მისაღებად, ისტორიკოსმა უნდა ამტკიცოს, რომ ადამიანი გარდაცვლილია. ადამიანის გარდაცვალებას არეგისტრირებს სერვისების განვითარების სააგენტო. ამ უკანასკნელს აქვს შესაძლებლობა, არქივს მიაწოდოს ინფორმაცია ადამიანის გარდაცვალებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია, ადამიანის გარდაცვალების შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულების ისტორიის მკვლევარისათვის დაკისრება. ამასთან, როდესაც მკვლევარი ეროვნული არქივიდან ითხოვს საჯარო ინფორმაციას, მიღებული ინფორმაცია დაშტრიხულია და არ შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, შესაბამისად, მკვლევარი მოკლებულია შეუძლებლობას, მოიძიოს იმ პირის გარდაცვალების ფაქტი, რომლის შესახებაც  ითხოვს ინფორმაციას.

სადავო ნორმები ასევე ადგენენ ეროვნული არქივის მომსახურების საფასურს. ეროვნულ ფონდს მიკუთვნებული საჯარო ინფორმაციის გამოთხოვისას დოკუმენტის ასლის საფასური ზოგიერთ შემთხვევაში 100-ჯერ უფრო ძვირია ვიდრე სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის შემთხვევაში გადასახდელი საფასური. მაგალითად, ნებისმიერი სხვა ადმინისტრაციული ორგანოდან დოკუმენტის ასლის გადაღების ღირებულებაა 5 თეთრი, ეროვნულ არქივში მე-19 საუკუნის დოკუმენტის ასლის გადაღების საფასური კი 5 ლარს შეადგენს. საია მიიჩნევს, რომ არაგონივრულად მაღალი მოსაკრებელი წარმოადგენს საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობაზე დაწესებულ გაუმართლებელ ბარიერს და ზოგიერთ შემთხვევაში შეუძლებელს ხდის საჯარო დაწესებულებაში დაცული ინფორმაციის მიღების კონსტიტუციური უფლებით სარგებლობას. საიას პოზიციით, დაუშვებელია საჯარო ინფორმაციის ასლის გადაღებაზე დაწესებული საფასური შეადგენდეს ფაქტობრივ ხარჯზე მეტ ოდენობას.

აღნიშნულიდან გამომდინარე საია მიიჩნევს, რომ სადავო ნორმები ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-2 პუნქტით დაცული საჯარო ინფორმაციის ხელმისაწვდომობის უფლებას.

 


[1] ეროვნული საარქივო ფონდისა და ეროვნული არქივის შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის მე-4 პუნქტი. აღნიშნული ნორმის მიხედვით,  სისხლის სამართლის პროცესის მასალების გაცემაზე დაწესებული 75 წლიანი ბარიერი არ მოქმედებს იმ შემთხვევაში, თუ ეროვნულ არქივსა და იმ პირებს შორის, რომლებსაც უშუალოდ ეხებათ ეს მასალები, უფრო მცირე ვადაა განსაზღვრული.

[2] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 14 დეკემბრის N3/1/752 გადაწყვეტილება საქმეზე „ა(ა)იპ „მწვანე ალტერნატივა“ საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-10;

სხვა სიახლეები