GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 აპრილი, 202612:39

4 აპრილი მიუსაფარი ცხოველების დაცვის საერთაშორისო დღეა. საქართველოში ეს დღე გამოწვევებით სავსე რეალობის ფონზე აღინიშნება.


ბოლო დღეები განსაკუთრებით მძიმე აღმოჩნდა ცხოველთა დამცველებისთვის. მიუსაფარი ცხოველების გაუჩინარების,1 მათ მიმართ სასტიკი მოპყრობის2 და გულგრილობის შესახებ3 საჯარო წყაროებში გავრცელებულმა ცნობებმა შეძრა საზოგადოების დიდი ნაწილი.4


საია სოლიდარობას უცხადებს ცხოველთა დამცველებს, რომლებიც ყოველდღიურად იბრძვიან მიუსაფარი ცხოველების გადარჩენის და მათთვის არსებული მძიმე ვითარების შესამსუბუქებლად.


მიუსაფარი ცხოველების პრობლემების მიმართ სახელმწიფოს და საზოგადოების ნაწილის გულგრილმა დამოკიდებულებამ დღეს დაგვაყენა იმ მძიმე რეალობის წინაშე, რაც ქუჩაში მცხოვრები ცხოველების ყოველდღიურ ყოფაში მკაფიოდ იკვეთება — კერძოდ: მათი უკონტროლო გამრავლება, შიმშილი და წყლის დეფიციტი, დაავადებების ფართო გავრცელება, უფასო სამედიცინო სერვისების არარსებობა, ცხოველების მიმართ ძალადობისა და სასტიკი მოპყრობის გახშირებული შემთხვევები.5 კრიზისს სავარაუდოდ იწვევს, ასევე, თავშესაფრების გადატვირთულობა და არასაკმარისი რესურსები, მუნიციპალური და სამედიცინო სერვისების არათანაბარი განვითარება რეგიონებში და მათ შორის, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და რეგისტრაციის სისტემის მიმართულებით არსებული კრიტიკული გამოწვევები, კანონის აღსრულების მექანიზმების გამართული სისტემური ჯაჭვის არარსებობა, ასევე საზოგადოების ნაწილში დაბალი ინფორმირებულობა პასუხისმგებლიანი პატრონობისა და ჰუმანური დამოკიდებულების შესახებ, რაც კიდევ უფრო ამძიმებს არსებულ მდგომარეობას.


მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მოგვარება სახელმწიფოს მხრიდან უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანურობის პრინციპს, რაც გულისხმობს არა ძალადობრივ ან ფორმალურ, არამედ გრძელვადიან, ეთიკურ და ეფექტიან მიდგომებს, როგორიცაა მასშტაბური სტერილიზაცია/კასტრაცია, დიაგნოსტიკა, ვაქცინაცია, თავშესაფრების განვითარება და საზოგადოების ინფორმირებულობის ამაღლება, მიუსაფარ ცხოველებთან მომუშავე პირების შესაბამისი კვალიფიკაცია.


ამ პროცესში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ პოლიტიკის შემქნელი და აღმასრულებელი აცნობიერებდეს, რამდენად ძლიერი სტრესია ცხოველისთვის მისი ბუნებრივი გარემოდან მოწყვეტა, გადაყვანა და შემდეგ სხვა ადგილას დაბრუნება, ან მისთვის უცნობ გარემოში მოთავსება.6 მიუსაფარი ცხოველების პრობლემის მართვა საზოგადოებრივი უსაფრთხოების ინტერესის გათვალისწინებით უნდა მოხდეს მხოლოდ ეთიკური და ჰუმანური მიდგომების გამოყენებით. მიუსაფარ ცხოველბთან დაკავშირებული გამოწვევები არ გადაიჭრება მათი ერთი ადგილიდან გაქრობით და სხვა ადგილას გადაყვანით. მით უფრო, იმ პირობებში, რომ გაურკვეველია სად უნდა მოხდეს აღნიშნული ცხოველების გადაყვანა და როგორ შეძლებენ კვებითი საჭიროების ან/ და სხვა გამოწვევების ფონზე გადარჩენას.7


ამასთანავე, არსებითი მნიშვნელობა აქვს პროცესის გამჭვირვალობას და საზოგადოებრივი ჯგუფების ჩართულობას. კერძოდ, ცხოველთა მოყვარულების, მოხალისეებისა და მიმკედლებლების ჩართულობა, მათთვის დროული და სრული ინფორმაციის მიწოდება მნიშვნელოვანია, რათა ჩამოყალიბდეს პროცესის მიმართ ნდობა და უზრუნველყოფილი იყოს თითოეული ცხოველის კეთილდღეობის კონტროლი. ნებისმიერი ქმედება, რომელიც უკავშირდება სისასტიკეს ან არაჰუმანურ მოპყრობას, არა მხოლოდ არღვევს ცხოველთა დაცვის კანონმდებლობას და წარმოადგენს დანაშაულს, არამედ აზიანებს საზოგადოების მორალურ ფუნდამენტებსაც, ამიტომ სახელმწიფოს პოლიტიკა უნდა იყოს მკაფიოდ ორიენტირებული სიცოცხლის დაცვაზე, ტკივილის შემცირებაზე და პასუხისმგებლიანი, ცივილური გარემოს შექმნაზე.


აქვე, ხაზგასმით აღვნიშნავთ შემდეგს: 2024-2025 წლებში ქვეყანაში დემონსტრანტების მიმართ განხორციელდა სისტემური წამება/არასათანადო მოპყრობის შემთხვევები.8 ერთი მხრივ, სახელმწიფოს მხრიდან გამოვლენილი ძალადობა და, მეორე მხრივ, ამ ფაქტების გამოუძიებლობა, კიდევ უფრო აძლიერებს განცდას, რომ, იქ სადაც, დაუცველია ადამიანი, დაუცველია ცხოველიც. ამიტომ, ადამიანის უფლებების დაცვა და სამართლიანობის უზრუნველყოფა მხოლოდ ინდივიდების უსაფრთხოებას არ ემსახურება. ეს არის საფუძველი ჰუმანური, პასუხისმგებლიანი და თანასწორი საზოგადოების ჩამოყალიბებისთვის.


ცხოველების მიმართ ჰუმანური დამოკიდებულება არის ის მინიმალური სტანდარტი, რომლის მიხედვითაც შესაძლოა შეფასდეს, რამდენად ცივილიზებული და პასუხისმგებლიანია სახელმწიფო და საზოგადოება.



1 ნუ აქრობ - ახალი კამპანია მიუსაფარი ძაღლების გადასარჩენად, 31.03.2026, TV პირველი, ხელმისაწვდომია : https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/124575-nu-aqrob-akhali-kampania-miusapari-dzaglebis-gadasarchenad . განახლებულია: 04.04.2024.

2 გორის თავშესაფარში ღამით ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის საშინელი სუნი დგას - ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი, 01.04 .2026, TV პირველი, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/124601-goris-tavshesaparshi-gamit-dzagldamcheri-manqanebi-shevidnen-agugunda-krematoriumi . განახლებულია: 04.04.2024

3 ცხოველთა დამცველები და აქტივისტები თბილისის მუნიციპალურ თავშესაფარში მიკედლებული ძაღლების სანახავ , პუბლიკას Facebook პოსტი, 03.04.2026.

4 გორის თავშესაფარში ღამით ძაღლდამჭერი მანქანები შევიდნენ, აგუგუნდა კრემატორიუმი, ირგვლივ დამწვარი ხორცის საშინელი სუნი დგას - ელიზბარაშვილის ძაღლთა თავშესაფარი, 01.04 .2026, TV პირველი, ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/sazogadoeba/124601-goris-tavshesaparshi-gamit-dzagldamcheri-manqanebi-shevidnen-agugunda-krematoriumi . განახლებულია: 04.04.2024.

5 ტელეკომპანია ფორმულას ეთერში გაჟღერებულ მონაცემებზე დაყრდნობით 2025 წელს ცხოველის წამების მისდამი სასტიკი მოპყრობის ან სხვაგვარი ძალადობის 41 ფაქტი გამოვლინდა . იხ. გოგა ხატიაშვილის საავტორო რუბრიკა , ტელეკომპანია ფორმულა Facebook გვერდი, ხელმისაწვდომია: https://www.facebook.com/reel/1599528094463307 განახლებულია: 04.04.2024.

6 2027 წლის პირველი იანვრიდან აკრძალულია ძაღლის ადრეული და სკოლამდელი აღზრდისა და განათლების დაწესებულებასთან, ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებასთან, სამედიცინო დაწესებულებასთან, საზოგადოებრივი კვების ობიექტთან, აგრარულ ბაზრებთან, სასტუმროსთან და საბავშვო და სპორტულ მოედნებთან დაბრუნება. ასეთ შემთხვევაში, უნდა შეიცვალოს გარემოში დაბრუნების ლოკაცია . იხ. ძაღლების ჰიპერპოპულაციის მართვის რეგულირების დროებითი წესის (პროგრამის) დამტკიცებიშესახებ საქართველოს მთავრობის 2026 წლის 27 თებერვალი №92 დადგენილება ,27.02.2026. ხელმისაწვდომია: https://matsne.gov.ge/ka/document/view/6800501?publication=0 :განახლებულია:04.04.2026.

7 იქვე.

8 იხ. ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასება 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობა შესახებ, ხელმისაწვდომია: https://shorturl.at/VdpU2 :განახლებულია:04.04.2026.


სხვა სიახლეები