სიახლეები

ცინცაბაძის ჯგუფის საქმეები აერთიანებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს (ECtHR) მიერ საქართველოს წინააღმდეგ მიღებულ 22 გადაწყვეტილებას, რომლებშიც სასამართლომ დაადგინა სამართალდამცავი ორგანოების მიერ წამების აკრძალვის და სიცოცხლის უფლების დარღვევა, აგრეთვე ამავე საქმეების არაეფექტიანი გამოძიება. აღსანიშნავია, რომ საქმეთა ეს ჯგუფი კომიტეტის გაძლიერებულ ზედამხედველობას ექვემდებარება, რაც გულისხმობს კომიტეტის მიერ ყოველწლიურად წამების პრევენციის მიმართულებით არსებული მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით სახელმწიფოს მიერ განხორციელებული ღონისძიებების შეფასებას ადამიანის უფლებათა სხდომებზე. 1
კომიტეტისთვის წარდგენილ დოკუმენტში მწვავედ არის გაკრიტიკებული საქართველოში 2025 წლის განმავლობაში არასათანადო მოპყრობის პრევენციის და გამოძიების მიმართულებით არსებული მდგომარეობა და ხელისუფლების მიერ მინისტრთა კომიტეტის მიერ აქამდე გაცემული რეკომენდაციების განგრძობითი უგულებელყოფა. კერძოდ, ანგარიშში ყურადღება გამახვილებულია შემდეგ საკითხებზე:
– საქართველოში სამართალდამცავი ორგანოების მიერ ძალადობის და არასათანადო მოპყრობის პრაქტიკის და ხელისუფლების უმაღლესი პირების მიერ ამგვარი ქმედებების წახალისების სისტემური პრობლემები;
– საქართველოს კანონმდებლობაში არსებული სისტემური ხარვეზები, რომლებიც ხელს უწყობს არასათანადო მოპყრობის პრაქტიკების გაგრძელებას;
– სპეციალური საგამოძიებო სამსახურის გაუქმება და ბოლო წლებში მშვიდობიანი დემონსტრანტების მიმართ საპოლიციო ძალადობის, წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების ფუნდამენტურად ხარვეზიანი გამოძიების პროცესი;
– 2024 წლის საპროტესტო აქციების დაშლისას დემონსტრანტების წინააღმდეგ სპეციალური საშუალებების გამოყენების წესების დარღვევა და მომწამვლელი ქიმიური ნივთიერებების სავარაუდო გამოყენება, ისევე როგორც ამ საკითხის ირგვლივ ეფექტიანი გამოძიების ჩატარების ნაცვლად ხელისუფლების მიერ BBC-ის საგამოძიებო ფილმთან დაკავშირებული გამოძიების დაწყება;
– ხელისუფლების მიერ იმ სამოქალაქო ორგანიზაციების დევნა, რეპრესირება და მადისკრედიტებელი დეზინფორმაციული კამპანიები, რომლებიც წამების პრევენციის მიმართულებით მსხვერპლებს უფასო იურიდიულ და სხვა სახის მხარდაჭერას უწევენ.
ანგარიშის ბოლოს, საქართველოში არსებული უმწვავესი ადამიანის უფლებათა კრიზისის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტს მივმართავთ, თავის შეფასებაში განსაზღვროს რიგი საკანონმდებლო და პრაქტიკული ღონისძიებები, რათა საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის სხვა ფორმების პრევენციის მიმართულებით არსებული მდგომარეობა გაუმჯობესდეს.
ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტი ცინცაბაძის ჯგუფის საქმეებზე არსებულ მდგომარეობას მიმდინარე წლის 9–11 მარტს დაგეგმილი ადამიანის უფლებათა სხდომის ფარგლებში შეაფასებს და ვიმედოვნებთ, რომ კომიტეტი ჩვენს მოთხოვნებს გაიზიარებს.
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები გავაგრძელებთ საქართველოში წამების და არასათანადო მოპყრობის პრევენციის მიმართულებით აქტიურ მუშაობას და ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტისთვის განახლებული ინფორმაციის წარდგენას.
2026 წლის 23 იანვარს სოციალური სამართლიანობის ცენტრმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) და ადამიანის უფლებების ადვოკატირების ევროპულმა ცენტრმა (EHRAC) ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტს ცინცაბაძის ჯგუფის საქმეების აღსრულების პროგრესის თაობაზე წერილობითი მოსაზრებები წარუდგინეს.
გააზიარე: