სიახლეები
28 იანვარს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანისა (მამუკა ჯორბენაძისა) და ოთხი სტუდენტის (გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის, გიორგი დავითაძისა და ანდრო კაკაბაძის) სისხლის სამართლის საქმეზე წინასასამართლო სხდომა გაიმართა.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, მათ სახელმწიფო ბრალდება ედავება ჯგუფურ ძალადობას ორი ან მეტი პირის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით.
ყურადსაღებია, რომ ოთხი ბრალდებულის მიმართ პირველი წარდგენის სხდომაზე გამოყენებული პატიმრობა სასამართლომ გირაოთი შეცვლა. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე დაცვის მხარემ იშუამდგომლა პატიმრობის ნაცვლად გირაოს გამოყენება შემდეგ არგუმენტებზე დაყრდნობით, რომ დაზარალებულებმა 2025 წლის 13 იანვარს თავად მიმართეს პროკურატურას ბრალდებულთათვის არასაპატიმრო ღონისძიების გამოყენების თაობაზე, საქმეზე აღარ არსებობს მტკიცებულების მოპოვებისთვის ხელშეშლის ალბათობა, რადგან ამ დროის განმავლობაში მოხდა ყველა მასალის შეგროვება და ურთიერთგაცვლა, ამასთან, საქმე ეხება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულს. სხდომაზე ასევე ხაზი გაესვა ბრალდებულთა პიროვნულ მახასიათებლებს, რომ ისინი საზოგადოებაში დადებითად ხასიათდებიან, არიან სტუდენტები -20-21 წლის ახალგაზრდები, ხოლო მამუკა ჯორბენაძე არის ბათუმის ხელოვნების უნივერსიტეტის დეკანი, რომელიც უნივერსიტეტში ერთადერთი პირია ვინც პროფესიონალია უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხში. ადვოკატმა სასამართლოს ასევე წარუდგინა ამავე უნივერსიტეტის რექტორის მოადგილის (რომელიც ამჟამად რექტორის მოვალეობას ასრულებს) განცხადება, სადაც ის სასამართლოს სთხოვს მამუკა ჯორბენაძის გათავისუფლებას, რათა მან შეძლოს უნივერსიტეტის ავტორიზაციის პროცესში ჩართვა.
პროკურატურა ნაწილობრივ დაეთანხმა დაცვის მხარის შუამდგომლობას. კერძოდ, მისთვის მისაღები იყო ყველა ბრალდებულთან მიმართებით პატიმრობის ნაცვლად გირაოს 5000 ლარის ოდენობით გამოყენება, მხოლოდ ანრი კაკაბაძის მიმართ არ დაეთანხმა პატიმრობის არასაპატიმრო აღკვეთის ღონისძიების სახით შეცვლას და მიუთითა, რომ ამ პირის მიმართ არსებობდა ამავე ხასიათის სხვა დანაშაულში ბრალდება და იმ საქმეზე გამოყენებულმა გირაომ ვერ უზურნველყო მისი სათანადო ქცევა.
მოსამართლე ლევან ყოლბაიამ მხედველობაში მიიღო პროკურორის არგუმენტაცია და საბოლოოდ მამუკა ჯორბენაძის, გურამ მიქელაძის, დავით გვიანიძის და გიორგი დავითაძის მიმართ გირაო 5000-5000 ლარის ოდენობით განსაზღვრა და ისინი სხდომის დარბაზიდანვე გათავისუფლდნენ, ხოლო ანრი კაკბაძე პატიმრობაში დატოვა.
საია სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგის ანგარიშებში სისტემატიურად აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის პროცესის კონკრეტულ ეტაპზე, როდესაც ნაკლებად არსებობს ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის აუცილებლობა, პროკურატურა თავად იყოს პატიმრობის შეცვლის ინიციატორი.
ორგანიზაცია აგრძელებს აღნიშნული საქმის მონიტორინგს და საზოგადოებას მიაწვდის ინფორმაციას პროცესებზე მიმდინარე საკითხებთან დაკავშირებით.
გააზიარე: