GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

02 ნოემბერი, 202609:41

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ოჯახისა და ადვოკატის მომართვის საფუძველზე შეისწავლა პაატა მანჯგალაძის მიმართ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმე.


პაატა მანჯგალაძის საქმეზე პირველი ინსტანციის სასამართლოში გამამტყუნებელი განაჩენი დადგა.¹ საქმე, ამჟამად, თბილისის სააპელაციო სასამართლოში განიხილება.


აღსანიშნავია, რომ პ. მაჯგალაძის საქმე, 2026 წლის 4 ოქტომბრის მოვლენებთან დაკავშირებულ საქმეებზე სახელმწიფოს მიერ გატარებული მკაცრი სისხლის სამართლის პოლიტიკის ფონზე განიხილება.² ბრალდებულთა უმრავლესობას თავდაპირველად პატიმრობა შეეფარდა, ხოლო წინამდებარე განცხადების მომზადების დროისთვის დასრულებულ ყველა საქმეზე გამამტყუნებელი განაჩენი დადგა³, მათ შორის, ნაწილზე - საპროცესო შეთანხმების საფუძველზე⁴. მანჯგალაძეს დამატებით შეეზღუდა გარე სამყაროსთან კომუნიკაცია; დაცვის მხარის მიერ ზემდგომ პროკურორთან გასაჩივრების მიუხედავად, შეზღუდვა ძალაში დარჩა. ამ კონტექსტში გასათვალისწინებელია, რომ საპროცესო შეთანხმებაზე დათანხმება შესაძლოა უკავშირდებოდეს არა მხოლოდ ბრალდების აღიარებას, არამედ მკაცრი სასჯელისა და ხანგრძლივი თავისუფლების აღკვეთის რისკს, აგრეთვე საქმის სამართლიანი განხილვის მიმართ უნდობლობას. შესაბამისად, სხვა ბრალდებულთა აღიარებები და მათ მიმართ გამოტანილი განაჩენები ვერ ჩაანაცვლებს მანჯგალაძის ინდივიდუალური ქმედებისა და განზრახვის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.


საიას შეფასებით, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არასაკმარისია პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობის გონივრულ ეჭვს მიღმა დასადასტურებლად. ბრალდების დასაბუთებაში მისი პოლიტიკური აქტივობა და საპროტესტო აქციასთან კავშირი არ არის გამიჯნული ძალადობის ორგანიზებაში ინდივიდუალური მონაწილეობისგან. კერძოდ, არ დასტურდება არც პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან მისი კონკრეტული კავშირი, არც ძალადობის დაგეგმვაში, მითითებების გაცემასა თუ კოორდინაციაში მონაწილეობა და არც შესაბამისი განზრახვა. ამ მტკიცებულებით დანაკლისს ვერ ავსებს წარსული პოლიტიკური განცხადებები, რომელთა დროითი კონტექსტის ბუნდოვანება დამატებით ქმნის მათი მნიშვნელობის გადაჭარბებით შეფასების რისკს. აღნიშნული ხარვეზები არსებით ეჭვს წარმოშობს პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის მიმართ და სააპელაციო განხილვისას მოითხოვს მანჯგალაძის ინდივიდუალური პასუხისმგებლობის საფუძვლებისა და დაცვის არსებითი არგუმენტების სრულყოფილ შეფასებას.


აქვე, აღსანიშნავია, რომ პაატა მანჯგალაძის საქმეზე წარდგენილ სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრებაში სახალხო დამცველმა ყურადღება გაამახვილა ბრალდების ბუნდოვანებასა და მტკიცებულებათა ნაკლებობაზე. მისი შეფასებით, არ იკვეთება მანჯგალაძის კონკრეტული როლი ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში, ხოლო აქციის ორგანიზატორად დასახელება, ინდივიდუალური ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის დადგენის გარეშე, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დასაკისრებლად საკმარისი არ არის.⁵


1. ბრალდების არსი


1.1. პროკურატურის მიერ აღწერილი მოვლენები


2025 წლის 6 ოქტომბერს საქართველოს პროკურატურამ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ხელმძღვანელობის, სტრატეგიული და განსაკუთრებული მნიშვნელობის ობიექტის ხელში ჩაგდების მცდელობის, საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების ფაქტებზე პაატა ბურჭულაძეს, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძეს, პაატა მანჯგალაძეს და ლაშა ბერიძეს ბრალდება წარუდგინა.⁶


პროკურატურის ვერსიით, ზოდელავა, ბურჭულაძე და ნადირაძე არჩევნებამდე და 4 ოქტომბერს მოქალაქეებს ხელისუფლების ძალადობით დამხობისკენ მოუწოდებდნენ. ბრალდების მხარე ასევე ამტკიცებს, რომ 4 ოქტომბერს ხუთივე ბრალდებულმა, მათ შორის, პ. მაჯგალაძემ და სხვა პირებმა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება გადაწყვიტეს. იმავე დღეს, თავისუფლების მოედანზე გამართულ აქციაზე ბურჭულაძემ გააცხადა გეგმა, რომელიც ხელისუფლების ცალკეული წარმომადგენლების დაკავებასა და არასასურველ პირებზე არამართლზომიერ ზემოქმედებას ითვალისწინებდა, ხოლო ზოდელავამ შეკრებილებს პრეზიდენტის ადმინისტრაციული შენობისკენ გადაადგილების, მისი ძალით დაკავებისა და სამართალდამცველებისადმი დაუმორჩილებლობისკენ მოუწოდა.


ბრალის დადგენილებაში პროკურატურა გამოყოფს მტკიცებულებებს, რაც ამავე უწყების შეფასებით, საკმარისია იმის დასადგენად, რომ ბრალდებულებმა ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაული. ესენია, მოწმეების: ა. კ.-ს, ნ. ბ.-ს, გ. თ.-ს, შ. ლ.-ს გამოკითხვის ოქმები, საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებებზე მიღებული ინფორმაციები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებების დათვალიერების ოქმები, დანაშაულებრივი ქმედებების ამსახველი აუდიო და ვიდეო ჩანაწერები, წერილობითი მტკიცებულებები, ჰაბიტოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნები, სასაქონლო და ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, შემთხვევის ადგილების დათვალიერების ოქმები, თანდართული ფოტოსურათებით და ვიდეო ჩანაწერებით, შემთხვევის ადგილების დათვალიერებისას ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, მათ შორის, დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენისას გამოყენებული სხვადასხვა ნივთი და დაზიანებული ინვენტარი, ჩხრეკისა და ამოღების ოქმები, ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ოქმები და სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული სხვა მტკიცებულებები.


1.2. პაატა მანჯგალაძისთვის შერაცხული ქმედება და მითითებული მტკიცებულებები


პაატა მანჯგალაძეს საქართველოს პროკურატურა ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავება, თუმცა, კვლავ აგრძლელებს ბრალის ინდივიდუალიზაციისთვის საგანგაშო ტენდენციას და ბრალის დადგენილებაში არ აკონკრეტებს, კონკრეტულად რომელი პირის მიერ ჩადენილ ქმედებას რომელი მტკიცებულება მიესადაგება.


1.2.1. ბრალდებისა და გამამტყუნებელი განაჩენის სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძვლები


მნიშვნელოვანია იმის შეფასება, რა სტანდარტით წყვეტს პროკურორი პირის ბრალდებას და რა სამართლებრივ ჩარჩოს უნდა აკმაყოფილებდეს დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი (აღნიშნული სტანდარტი არ ნიშნავს მხოლოდ ეჭვის არსებობას).


საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირის ბრალდებულად ცნობის საფუძველია გამოძიების ეტაპზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც საკმარისია დასაბუთებული ვარაუდისთვის, რომ პირმა დანაშაული ჩაიდინა.


დასაბუთებული ვარაუდის სტანდარტი გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭირო მტკიცებულებით სტანდარტზე დაბალია, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ პროკურორს შეუძლია ბრალი მხოლოდ ვარაუდის, პოლიტიკური კავშირის აქციაზე დგომის, ორგანიზატორებად მიჩნეულ პირებთან ფოტო სურათის გადაღების ან თუნდაც სხვა მოვლენათა თანმიმდევრობის საფუძველზე წარადგინოს. კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებები და მტკიცებულებები ბრალდების მხარეს უნდა უქმნიდეს დასაბუთებულ საფუძველს, რომ პირმა ჩაიდინა ბრალად შერაცხული დანაშაული. ამასთან, რადგან კონკრეტული პირი წარმოადგენს პოლიტიკურად აქტიურ ფიგურას, ბრალდების მხარე მაქსიმალურად უნდა იყოს ორიენტირებული იმისკენ, რომ გამოირიცხოს პოლიტიკურად მოტივირებული სისხლის სამართლის დევნის ყველა შესაძლო ეჭვი.


საწყის ეტაპზე, მნიშვნელოვანია ერთმანეთისგან განვასხვაოთ:


(1) ვარაუდი, რომ 4 ოქტომბერს გარკვეულ ადგილებზე ჯგუფური ძალადობა მართლაც მოხდა;

(2) ვარაუდი, რომ ამ ძალადობის ორგანიზებაში კონკრეტული პირები მონაწილეობდნენ;

(3) ვარაუდი, რომ პაატა მანჯგალაძემ განახორციელა სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ორგანიზატორული ან ხელმძღვანელობითი ქმედება, შესაბამისი განზრახვით.


პირველი გარემოების დასადასტურებლად საკმარისი მტკიცებულებების არსებობა ავტომატურად არ ადასტურებს მეორე და მესამე გარემოებებს. ბრალდების საფუძველი ინდივიდუალურად უნდა უკავშირდებოდეს თითოეულ ბრალდებულს.


სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილისთვის დასაბუთებული ვარაუდის შესაფასებლად პროკურატურას უნდა ჰქონდეს მტკიცებულებებით გამყარებული ფაქტობრივი საფუძველი შემდეგ საკითხებზე:


ა. არსებობდა თუ არა შესაბამისი ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება?


აქ მნიშვნელოვანია, გამოიკვეთა თუ არა კანონში მითითებული ძალადობრივი ან სხვა შესაბამისი ქმედებები. მხოლოდ საპროტესტო აქციის გამართვა, ხალხის შეკრება ან ხელისუფლების და მისი პოლიტიკის წინააღმდეგ პოლიტიკური განცხადებების გაკეთება ამ შემადგენლობას თავისთავად არ ქმნის, მით უფრო, როცა პირი ხელისუფლების ოპონენტია.


ბ. კონკრეტულად რა ორგანიზატორული ან ხელმძღვანელობითი მოქმედება განახორციელა პაატა მანჯგალაძემ?


უნდა არსებობდეს ფაქტობრივი საფუძველი, რომ მან ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში მიიღო მონაწილეობა. მაგალითად, მონაწილეობდა შესაბამისი გეგმის შემუშავებაში, განსაზღვრავდა მოქმედების ხერხს, აძლევდა ჯგუფს მითითებებს ან სხვაგვარად მართავდა ძალადობრივ მოქმედებას. კონკრეტული ფორმა საქმის გარემოებებზეა დამოკიდებული.


გ. რა მტკიცებულება მიუთითებს პაატა მანჯგალაძის პირდაპირ განზრახვაზე?


სისხლის სამართლის საქმეში უნდა იკვეთებოდეს ფაქტობრივი საფუძველი იმის, რომ პაატა მანჯგალაძემ განახორციელა რაიმე სახის მოქმედება და მისი მოქმედება განზრახ იყო მიმართული სწორედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზების ან ხელმძღვანელობისკენ. დანაშაულებრივი განზრახვა შეიძლება ირიბი მტკიცებულებებითაც დასაბუთდეს, მაგრამ იგი მხოლოდ აქციაზე ყოფნის, მანამდე აქციასთან დაკავშირებით პოლიტიკური განცხადებების კავშირის ან თუნდაც მოგვიანებით განვითარებული მოვლენების ცოდნის საფუძველზე ვერ იქნება ნავარაუდევი.


დ. მნიშვნელოვანია პროკურატურამ უპასუხოს, როგორ უკავშირდება მისი მოქმედება იმ ჯგუფურ ძალადობას, რომელსაც ბრალდება აღწერს?


აუცილებელია, ბრალდების მხარემ დაასაბუთოს კავშირი ორგანიზატორის ქმედებისა და ბრალად შერაცხულ ძალადობრივ მოქმედებას შორის. მხოლოდ ის, რომ პირი ერთსა და იმავე დღეს აქციაზე იმყოფებოდა, ან წარსულში ერთად გადაიღეს ფოტო და ვინმემ ის ორგანიზატორად დაასახელა ან აღიქვა, მოგვიანებით კი სხვა ადგილას ძალადობა მოხდა, ამ კავშირს ავტომატურად არ ქმნის. ბრალის წარდგენამდე პროკურორის სახელმძღვანელოს უნდა წარმოადგენდეს მსგავსი ტიპის ჩარჩო.


1.2.2. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი და მტკიცებულებათა შეფასება


პროკურატურისგან განსხვავებით სასამართლო ვალდებულია მტკიცებულებები, უფრო მაღალი სტანდარტით, მათ შორის, საქმესთან შემხებლობის და დროითი კონტექსტის გათვალისიწინებითაც შეაფასოს. მეტიც, ბრალდების მხარისგან განსხვავებით, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილისა და 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენისთვის საჭიროა ისეთი შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ბრალდებულის ბრალეულობაში. მტკიცებულებები უნდა შეფასდეს რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და არც ერთ მათგანს წინასწარ დადგენილი ძალა არ აქვს.


მოცემული საქმის კონტექსტში აღნიშნული გულისხმობს შემდეგს: სასამართლომ უნდა შეაფასოს ჩანაწერის სრული შინაარსი, თარიღი, კონტექსტი და ის, კონკრეტულად რას ადასტურებს. განცხადება, რომ პირი აქციის ორგანიზატორი იყო, ავტომატურად არ ნიშნავს, რომ იგი ჯგუფური ძალადობის ორგანიზატორიც იყო. სისხლის სამართლის საქმეში არსებული პაატა მანჯგალაძის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებების მნიშვნელობა არ უნდა განისაზღვროს მხოლოდ იმით, რომ ისინი ბრალდებულის პოლიტიკურ შეხედულებებს ან წარსულ მოსაზრებებს ასახავს. სასამართლომ უნდა დაადგინოს, არსებობს თუ არა კონკრეტული კავშირი ამ განცხადებებსა და ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებას შორის. მხოლოდ ქრონოლოგიურად ადრინდელი პოლიტიკური განცხადებები ვერ ჩაანაცვლებს მტკიცებულებას, რომელიც კონკრეტული ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებას ადასტურებს.


სასამართლომ უნდა დაადგინოს კონკრეტული ჯგუფური ძალადობრივი მოქმედება განხორციელდა და რა გარემოებებში. მხოლოდ აქციის მიმდინარეობისას ძალადობრივი მოვლენების განვითარება არ პასუხობს კითხვას, ვინ მოაწყო ან ხელმძღვანელობდა ამ ძალადობას. ამასთან საჭიროა გაიმიჯნოს: საპროტესტო აქციის ორგანიზება; ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა; ჯგუფურ ძალადობაში უშუალო მონაწილეობა. ეს ქმედებები ერთმანეთისგან განსხვავდება. ამიტომ სასამართლომ უნდა მიუთითოს, კონკრეტულად რომელი ქმედება შეერაცხება პაატა მანჯგალაძეს და როგორ შეესაბამება იგი სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნებს.


სასამართლოს უნდა შეეფასებინა, რა კონკრეტული მოქმედებით განახორციელა ბრალდებულმა ორგანიზატორის ან ხელმძღვანელის ფუნქცია. მაგალითად: მონაწილეობდა თუ არა ძალადობრივი მოქმედების გეგმის შემუშავებაში; იცოდა თუ არა ძალადობრივი მოქმედების სავარაუდო მიზნისა და ხასიათის შესახებ; იძლეოდა თუ არა მითითებებს, კოორდინაციას უწევდა თუ არა მონაწილეთა მოქმედებებს ან მართავდა თუ არა ძალადობრივ პროცესს; მტკიცებულებები ადასტურებს თუ არა მის რეალურ წვლილს ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებაში და არა მხოლოდ მის პოლიტიკურ ან საჯარო კავშირს აქციასთან.


სასამართლომ უნდა გამოიკვლიოს, რას ადასტურებს ეს გარემოებები რეალურად: აქციასთან კავშირს, საჯარო მონაწილეობას თუ ძალადობრივი მოქმედების ორგანიზებაში კონკრეტულ წვლილს. მხოლოდ სცენაზე ყოფნა ან სხვა პირის მიერ დასახელება თავისთავად არ წყვეტს ბრალეულობის საკითხს. პაატა ბურჭულაძის, მურთაზ ზოდელავას, ირაკლი ნადირაძისა და ლაშა ბერიძის ჩვენებები უნდა შეფასდეს მათი თანმიმდევრულობის, სანდოობის, სხვა მტკიცებულებებთან შესაბამისობისა და შესაძლო წინააღმდეგობების გათვალისწინებით. თუ ისინი მიუთითებენ, რომ რეალური საორგანიზაციო კომიტეტი არ არსებობდა ან მანჯგალაძემ წინასწარ არ იცოდა გამოსვლის შინაარსი, სასამართლომ უნდა განმარტოს, რომელმა მტკიცებულებამ დაადასტურა პაატა მანჯგალაძის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედება.


2. პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების შეფასება


საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების მთავარი პრობლემა მის პოლიტიკურ აქტივობასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას შორის კონკრეტული კავშირის დაუსაბუთებლობაა. განხილული მასალები არ ადასტურებს არც მის კავშირს პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ ძალადობრივ მოვლენებთან და არც იმ კონკრეტულ ქმედებასა და განზრახვას, რომლებიც ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას დაადასტურებდა.


2.1. პრეზიდენტის სასახლესთან განვითარებულ მოვლენებთან კავშირის დაუდასტურებლობა


ბრალდების მხარის მტკიცება, რომ პაატა მანჯგალაძე თავისუფლების მოედნიდან პრეზიდენტის სასახლისკენ გაემართა, კონკრეტული მტკიცებულებით არ დასტურდება. საქმის მასალებში არ იკვეთება ვიდეოჩანაწერი, მოწმის ჩვენება ან ოპერატიული ინფორმაცია, რომელიც მის უშუალოდ სასახლესთან ყოფნას დაადასტურებდა. არც ორბელიანის მოედანზე განვითარებულ მოვლენებთან მისი სატელეფონო ან სხვაგვარი კავშირის დამადასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი.


ამის საპირისპიროდ, მანჯგალაძემ ჩვენებაში განმარტა, რომ თავისუფლების მოედნიდან თაბუკაშვილის ქუჩაზე შვილთან შესახვედრად წავიდა. ამ განმარტების ფონზე, ბრალდების ვერსიას მისი გადაადგილების შესახებ დამოუკიდებელი მტკიცებულებითი დასაყრდენი აკლია.


საიას შეფასებით, აღნიშნული ხარვეზი მნიშვნელოვანია, რადგან ბრალდების მიერ აღწერილ მოვლენებთან მანჯგალაძის კავშირის ერთ-ერთი ფაქტობრივი წინაპირობა დაუდასტურებელი რჩება. ამასთან, პრეზიდენტის სასახლესთან გადაადგილებაც კი, თავისთავად, ვერ დაადასტურებდა ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას. ამისთვის აუცილებელი იქნებოდა მისი კონკრეტული დანაშაულებრივი ქმედებისა და შესაბამისი განზრახვის გამოვლენა.


სასახლესთან ყოფნის დაუდასტურებლობა თავისთავად არ გამორიცხავს ძალადობის დისტანციურად ორგანიზების შესაძლებლობას. თუმცა მოცემულ საქმეში არც ასეთი საქმიანობის დამადასტურებელი კავშირები იკვეთება.


2.2. აქციასთან კავშირისა და ძალადობის ორგანიზების გაუმიჯნაობა


მანჯგალაძის პოლიტიკური განცხადებები, ხელისუფლების შეცვლის მოთხოვნა და საპროტესტო აქციის მხარდაჭერა თავისთავად არ ადასტურებს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას. ამ გარემოებებით შესაძლებელია აქციასთან მისი პოლიტიკური ან ორგანიზაციული კავშირის ჩვენება, მაგრამ არა იმ დასკვნის გამოტანა, რომ იგი ძალადობრივ მოქმედებებს გეგმავდა, მონაწილეებს მითითებებს აძლევდა ან მათ მოქმედებებს კოორდინაციას უწევდა.


საიას შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულებები სწორედ ამ განსხვავებას ვერ ავსებს. არ იკვეთება კონკრეტული მოქმედება, რომელიც მანჯგალაძის საჯარო პოლიტიკურ აქტივობას ძალადობის ორგანიზებასთან დააკავშირებდა. შედეგად, ბრალდების დასაბუთებაში აქციასთან კავშირი იკავებს იმ მტკიცებულების ადგილს, რომელიც უშუალოდ დანაშაულებრივ ქმედებას უნდა ადასტურებდეს.


ეს ხარვეზი არსებითია გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის შეფასებისთვის. აქციასთან პოლიტიკური ან ორგანიზაციული კავშირი ვერ გახდება ძალადობის ორგანიზებისთვის პასუხისმგებლობის საფუძველი, თუ არ დასტურდება, რაში გამოიხატა კონკრეტულად ბრალდებულის ინდივიდუალური წვლილი.


2.3. წარსული განცხადებების დროითი კონტექსტის ბუნდოვანება


ცალკე პრობლემას ქმნის მანჯგალაძის წარსული განცხადებების თარიღების მიუთითებლობა. თარიღის გარეშე წარმოდგენილმა განცხადებამ შეიძლება შექმნას შთაბეჭდილება, რომ იგი უშუალოდ 4 ოქტომბრის მოვლენებს უკავშირდება, მაშინ როდესაც რეალურად სხვა დროსა და განსხვავებულ ვითარებაშია გაკეთებული.


საიას შეფასებით, აღნიშნული ვერ შეფასდება როგორც მხოლოდ ტექნიკური უზუსტობის საკითხი, რადგან სისხლის სამართლის საქმეში მტკიცებულების დროითი კონტექსტი არსებით გავლენას ახდენს მის აღქმასა და მტკიცებულებით მნიშვნელობაზე. თუ თარიღის გამოტოვება მიზნად ისახავს ან შედეგად იწვევს სასამართლოს შეცდომაში შეყვანას, რათა წარსულში გაკეთებული განცხადებები ბრალდებით გათვალისწინებულ ქმედებებთან უფრო მჭიდროდ დაკავშირებულად წარმოჩნდეს, ვიდრე ამას მათი რეალური შინაარსი და კონტექსტი იძლევა, ეს სახელმწიფო ბრალდების კეთილსინდისიერებისა და პროფესიული ეთიკის სერიოზულ პრობლემას წარმოადგენს. პროკურატურის ფუნქცია ბრალდებულის ბრალეულობის შესახებ შთაბეჭდილების ხელოვნურად გაძლიერება კი არა, სასამართლოსთვის ისეთი მტკიცებულებების წარდგენაა, რომელთა შინაარსის, წარმომავლობისა და დროითი კავშირის ობიექტური შეფასებაც შესაძლებელია.


მით უფრო, რომ პაატა მანჯგალაძის მიერ წარსულში გაკეთებული განცხადებები არც ცალკე და არც ერთობლიობაში არანაირი დანაშაულის ნიშნებს არ შეიცავს.


ადვოკატები ბოლო დროს არაერთ სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით საუბრობენ, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები არ მიემართება კონკრეტული საქმის გარემოებებს და ისინი შესაძლოა მიზნად ისახავდეს მტკიცებულებითი ილუზიის შექმნის ხარჯზე საქმის მოცულობის ზრდას.


2.4. ძალადობის ორგანიზების განზრახვის დაუსაბუთებლობა


წარმოდგენილი მასალები არასაკმარისია მანჯგალაძის შესაბამისი განზრახვის დასადგენადაც.


საიას შეფასებით, არ იკვეთება კონკრეტული მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მანჯგალაძემ იცოდა ძალადობრივი მოქმედების გეგმის შესახებ და შეგნებულად მონაწილეობდა მის ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში. არც მისი პოლიტიკური განცხადებები და არც აქციასთან კავშირი ამ მტკიცებულებით დანაკლისს არ ავსებს.


ძალადობისკენ პირდაპირი მოწოდების არარსებობა თავისთავად არ გამორიცხავს ორგანიზატორულ საქმიანობას. თუმცა, ასეთ შემთხვევაში, შესაბამისი ქმედება და განზრახვა სხვა მტკიცებულებებით უნდა დასტურდებოდეს. განხილულ მასალებში სწორედ ასეთი მტკიცებულებები არ იკვეთება.


2.5. მტკიცებულებათა ერთობლიობის არასაკმარისობა


ზემოაღნიშნულ ხარვეზებს მტკიცებულებების ერთობლივი განხილვაც ვერ აღმოფხვრის. რამდენიმე გარემოება, რომლებიც მხოლოდ მანჯგალაძის პოლიტიკურ პოზიციასა და აქციასთან კავშირს აჩვენებს, ერთობლიობაშიც ვერ ადასტურებს ძალადობის ორგანიზებას, თუ მათ შორის არ ჩანს შესაბამისი ქმედებისა და განზრახვის დამადასტურებელი კავშირი.


მოცემულ შემთხვევაში დაუდასტურებელი რჩება ბრალდების რამდენიმე საკვანძო გარემოება: მანჯგალაძის პრეზიდენტის სასახლესთან ყოფნა ან იქ განვითარებულ მოვლენებთან სხვაგვარი კავშირი; ძალადობრივი მოქმედებების დაგეგმვაში, მითითებების გაცემასა თუ კოორდინაციაში მისი მონაწილეობა; შესაბამისი გეგმის ცოდნა და მისი განხორციელების განზრახვა. ამ დანაკლისს ვერ ანაცვლებს წარსული პოლიტიკური განცხადებები ან საპროტესტო აქციასთან ორგანიზაციული კავშირი.


შესაბამისად, საიას შეფასებით, განხილული მტკიცებულებები არ ქმნის ისეთ შეთანხმებულ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პაატა მანჯგალაძის მიერ ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას. პირველი ინსტანციის გამამტყუნებელი განაჩენის დასაბუთებულობის მიმართ არსებით ეჭვს სწორედ ეს მტკიცებულებითი წყვეტა წარმოშობს - აქციასთან კავშირის დამადასტურებელ გარემოებებსა და ბრალად შერაცხული დანაშაულის კონკრეტულ ნიშნებს შორის.


3. სააპელაციო სასამართლოს მიერ შესამოწმებელი საკითხები


3.1. განაჩენის დასაბუთების ინდივიდუალიზაცია


სააპელაციო სასამართლომ ყურადღება გაამახვილოს არის თუ არა განაჩენის დასაბუთება ინდივიდუალიზებული

სასამართლომ უნდა ახსნას არა ზოგადად, რატომ მიიჩნევს აქციასთან დაკავშირებულ მოვლენებს დანაშაულებრივად, არამედ კონკრეტულად რატომ მიიჩნევს პაატა მანჯგალაძეს სსკ-ის 225-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩამდენად.


განაჩენის დასაბუთებაში უნდა ჩანდეს:


  1. რომელი კონკრეტული ქმედება მიეწერება მანჯგალაძეს;
  2. რომელი დასაშვები და სანდო მტკიცებულებები ადასტურებს ამ ქმედებას;
  3. როგორ უკავშირდება ეს ქმედება ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას;
  4. რა ამყარებს აუცილებელი განზრახვის არსებობას;
  5. როგორ შეფასდა დაცვის საწინააღმდეგო არგუმენტები და მტკიცებულებები;
  6. რატომ არ ტოვებს მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს ბრალეულობის შესახებ.


პროკურატურის მიერ ბრალდების დადგენილებაში აღწერილი ფაქტები თავისთავად არ არის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება; ბრალეულობა უნდა დადგინდეს სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით.


3.2. მტკიცებულებებისა და დაცვის არსებითი არგუმენტების შეფასების სრულყოფილება


სააპელაციო სასამართლომ, პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის შემოწმებისას, განსაკუთრებული ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, დადგენილია თუ არა მტკიცებულებებით პაატა მანჯგალაძის მიერ სწორედ ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა და არა მხოლოდ მისი როგორც პოლიტიკოსის ან მონაწილის კავშირი საპროტესტო აქცისთან. კერძოდ, უნდა შეფასდეს, რა კონკრეტული მოქმედებებით გამოიხატა სავარაუდო ორგანიზება ან ხელმძღვანელობა — მონაწილეობდა თუ არა იგი ძალადობრივი მოქმედების დაგეგმვაში, მონაწილეთა მობილიზებაში, მათთვის მითითებების მიცემაში ან მათი მოქმედებების კოორდინაციაში; რა მტკიცებულებები ადასტურებს, რომ მას ჰქონდა ინფორმაცია ძალადობრივი მოქმედების შესახებ და განზრახ მონაწილეობდა მის ორგანიზებაში ან ხელმძღვანელობაში. ამასთან, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს, რომ ფორმალური საორგანიზაციო კომიტეტის არარსებობა თავისთავად არ გამორიცხავს ორგანიზებას, თუმცა არც აქციის ორგანიზატორად მოხსენიება, სცენაზე ყოფნა ან საჯარო პოლიტიკური განცხადებები ადასტურებს ავტომატურად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ან ხელმძღვანელობას.


სააპელაციო სასამართლომ ასევე უნდა შეამოწმოს, შეაფასა თუ არა პირველი ინსტანციის სასამართლომ თითოეული მტკიცებულების რეალური შინაარსი, დროითი და ფაქტობრივი კონტექსტი, ურთიერთკავშირი და სანდოობა; სათანადო პასუხი გასცა თუ არა დაცვის მხარის არგუმენტებსა და მოწმეების ჩვენებებს, მათ შორის იმ გარემოებებს, რომლებიც შესაძლოა ეჭვქვეშ აყენებდეს ბრალდების ვერსიას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განასხვავოს მტკიცებულებებით დადასტურებული ფაქტები იმ დასკვნებისგან, რომელთა მისაღებად მხოლოდ ვარაუდების დაკავშირებაა საჭირო. საბოლოოდ, სააპელაციო სასამართლომ უნდა დაადგინოს, ამყარებს თუ არა მტკიცებულებათა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა დასკვნას, რომ მანჯგალაძემ განზრახ განახორციელა ჯგუფური ძალადობის ორგანიზება ან ხელმძღვანელობა. ამასთან სასამართლომ მკაფიოდ უნდა გამიჯნოს აქციაზე ყოფნა და ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობა. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლის სამართლის საქმის განხილვისას სასამართლო არ იყოს ორიენტირებული პირის ბრალდებაზე და, თუ აღნიშნულს სათანადო კომპეტენციითა და მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ ართმევს თავს საქართველოს პროკურატურა, არ მოევლინოს მას დამხმარედ.


საიას შეფასებით, პაატა მანჯგალაძის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იყო საკმარისი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით მისი ბრალეულობის დასადასტურებლად. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ კრიტიკულად უნდა შეაფასოს პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, მტკიცებულებათა შეფასების სისწორე და მიღებული გადაწყვეტილების კანონიერება და დასაბუთებულობა. თუ სააპელაციო სასამართლო გაიზიარებს სახალხო დამცველისა და საიას პოზიციებს, მნიშვნელოვანია, მან თავი შეიკავოს ბრალდების კვალიფიკაციის ცვლილების მანკიერი პრაქტიკის გაგრძელებისგან და, სათანადო სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, მიიღოს პაატა მანჯგალაძის მიმართ გამამართლებელი განაჩენის სახით კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი გადაწყვეტილება.


ამასთან, სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის ინდივიდუალური ხასიათის პრინციპით და თითოეული ბრალდებულის ბრალეულობა შეაფასოს მხოლოდ მის წინააღმდეგ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. სხვა ბრალდებულის მიერ საპროცესო შეთანხმების დადება შესაძლოა განპირობებული იყოს სხვადასხვა ფაქტორით, მათ შორის, შესაძლო სასჯელის სიმძიმით, ხანგრძლივი პატიმრობის შიშით, საქმის განხილვის გაჭიანურებით ან სასამართლო პროცესის სამართლიანობის მიმართ უნდობლობით. შესაბამისად, მხოლოდ აღიარების ფაქტი არ იძლევა საფუძველს დასკვნისთვის, რომ აღიარებული გარემოებები სრულად შეესაბამება მომხდარის ობიექტურ სურათს ან რომ სხვა ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდება იმავე საფუძვლით დასაბუთებულია პაატა მანჯგალაძის შემთხვევაშიც. ეს გარემოებები თავისთავად არ გამორიცხავს აღიარების მტკიცებულებით მნიშვნელობას, თუმცა მოითხოვს მისი შინაარსის, სანდოობისა და სხვა მტკიცებულებებთან კავშირის კრიტიკულ შეფასებას.





¹ 7 წლით პატიმრობა მიუსაჯეს პაატა ბურჭულაძესა და სხვა პოლიტიკოსებს „4 ოქტომბრის საქმეზე", რადიოთავისუფლება, 07.05.2026, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33751911.html [განახლებულია: 28.10.2026].

² ჯამში 65 პირი იქნა დაკავებული, მათ შორისაა პაატა მანჯგალაძე. საყურადღებოა, რომ პირველ ეტაპზე ბრალდების მხარე ითხოვდა და სასამართლო უმეტესწილად აკმაყოფილებდა ბრალდების მხარის მიერ მოთხოვნილი ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობებს. სასამართლომ ყველა პირს პატიმრობა შეუფარდა გარდა - მარიამ მეყანწიშვილისა და ია დარახველიძისა, რომელთაც - გირაო 10 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით განუსაზღვრა და გიორგი ჩახუნაშვილისა, რომელსაც - გირაო 20 000 ლარის ოდენობით, პატიმრობის უზრუნველყოფით განუსაზღვრა. მხოლოდ ერთი ბრალდებულის ევა შაშიაშვილის მიმართ კი პირველ ეტაპზე გამოყენებული პატიმრობა შეიცვალა გირაოთი 5000 ლარის ოდენობით. ვრცალდ იხ. საია - მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეები, რომლებიც შეიცავს პოლიტიკური მდგენელის არსებობის რისკს, გვ. 34, ხელმისაწვდომია: მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეები (4).pdf [განახლებულია: 28.10.2026].

³ სია | „4 ოქტომბრის" 64-ივე ბრალდებული დამნაშავედ ცნეს - ვის რამდენი მიესაჯა, პუბლიკას ვებგვერდი, 24.06.2026, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/sia-4-oqtombris-64-ive-braldebuli-damnashaved-cnes-vis-ramdeni-miesaja/ [განახლებულია: 30.10.2026].

⁴ მურთაზ ზოდელავას, ლაშა ბერიძეს, გური ჟვანიასა და ირაკლი ჩხვირკვიას საპროცესო შეთანხმება გაუფორმდათ, პუბლიკას ვებგვერდი, 28.10.2026, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/murtaz-zodelavas-lasha-beridzes-guri-djvaniasa-da-irakli-chkhvirkvias-saproceso-shetankhmeba-gauformdat/ აქვე იხ. პუბლიკას ვებგვერდზე - 4 ოქტომბრის მოვლენების საქმე, https://publika.ge/tag/4-oqtombris-movlenebis-saqme/ [განახლებულია: 30.10.2026].

⁵ სახალხო დამცველმა პაატა მანჯგალაძის საქმეზე სასამართლოს მეგობრის (Amicus Curiae) მოსაზრება წარადგინა, 23.03.2026, ხელმისაწვდომია: https://ombudsman.ge/geo/akhali-ambebi/sakhalkho-damtsvelma-paata-manjgaladzis-sakmeze-sasamartlos-megobris-amicus-curiae-mosazreba-tsaradgina [განახლებულია: 28.10.2026].

⁶ საქართველოს პროკურატურის განცხადება 06.10.2025. ხელმისაწვდომია: https://pog.gov.ge/news/prokuraturam-jgufuri-dzaladobis-organizebis-da-khelmdzghvanelobis-strategiuli-da-gansakutrebuli-mnishvnelobis-obieqtis-khelshi-chagdebis-mtsdelobis-saqartvelos-konstitutsiuri-tskobilebis-dzaladobit-shetsvlis-da-sakhelmtsifo-khelisuflebis-damkhobisken-motsodebis-faqtebze-5-pirs-braldeba-tsarudgina-5103 [განახლებულია: 28.10.2026].

სხვა სიახლეები