სიახლეები

ქართული ოცნების მიერ ინიიცირებული ახალი საკანონმდებლო პაკეტით, კვლავ რეპრესიული ცვლილებები შედის შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში.[1]
ცვლილებების მიხედვით:
- არსებულ მოწესრიგებას ემატება შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულება იმ შემთხვევაშიც, თუ შეკრება “ხალხის სავალ ადგილას” იმართება. (მოქმედი რედაქციით გაფრთხილების ვალდებულება არსებობდა მხოლოდ ტრანსპორტის სავალ ადგილას იმართებოდა. ასევე, გავრთხილება მოქმედი რედაქციით მიემართება არა შსს-ს, არამედ მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოს).[2]
საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლის 1-ლი პუ~ნქტი განამტკიცებს წინასწარი ნებართვის გარეშე შეკრების თავისუფლებას. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, შესაძლოა დაწესდეს წინასწარი გაფრთხილების აუცილებლობა. მნიშვნელოვანია, აღნიშნული არ იქნეს გაგებული ისე, რომ გაფრთხილების ვალდებულებამ de facto სახელმწიფოს თანხმობაზე დამოკიდებული გახადოს შეკრების თავისუფლებით სარგებლობის საკითხი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, “შეკრების/მანიფესტაციის თავისუფლება, ჩვეულებრივ, მოიცავს შეკრების/მანიფესტაციის ადგილის შერჩევის თავისუფლებასაც კანონით გათვალისწინებულ გონივრულ ფარგლებში. შეკრების/მანიფესტაციის მიზნების რეალიზება ზოგჯერ იმაზეა დამოკიდებული, თუ ტერიტორიულად რამდენად ახლოსაა ის პროტესტის ადრესატთან, რამდენად მოსახერხებელია იმ კონკრეტულ ადგილზე ადამიანთა შეკრება ანდა რამდენად დიდი რეზონანსის გამოწვევა შეუძლია მას სწორედ იმ ადგილიდან. ძალზე ხშირად, შეკრება/მანიფესტაცია, მისი მიზნებიდან გამომდინარე, კონკრეტულ ადგილთანაა დაკავშირებული და გულისხმობს მის ჩატარებას ტრანსპორტის სამოძრაო ტერიტორიაზე და, ბუნებრივია, იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას.[9] საკონსტიტუციო სასამართლოს მიხედვით, საკონსტიტუციო სასამართლოს დამკვიდრებული მიდგომების შესაბამისად, შეკრების (მანიფესტაციის) უფლებას უპირატესობა უნდა მიენიჭოს, თუ მისი რეალიზება სხვათა უფლებების შეზღუდვის გარეშე შეუძლებელია, როდესაც გზის სავალი ნაწილის გადაკეტვა ობიექტურ აუცილებლობას წარმოადგენს.[10]
მსგავსად, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მიხედვით, შეკრების თავისუფლება მოიცავს თავისუფლებას, შეარჩიო შეკრების ადგილი და დრო.[11] ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიხედვით, სახელმწიფომ უნდა გამოიჩინოს გარკვეული მიმღებლობა ისეთი შეკრებების მიმართ, რომლებიც ყოველდღიური ცხოვრების შეფერხებას იწვევს.[12] ამასთან, გაფრთხილების სისტემის არსებობა, იმისთვის, რომ ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან შესაბამისი იყოს, არასდროს არ უნდა იქცეს de facto ნებართვის პროცედურად.[13]
შეკრების ადგილისა და დროის შერჩევის შესაძლებლობის მნიშვნელობას ხაზს უსვამს გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტიც.[14] კომიტეტი აღნიშნავს, რომ შეკრებისათვის ხელისუფლებისაგან თანხმობის აუცილებლობა ძირს უთხრის იდეას, რომ შეკრების თავისუფლება ძირითადი უფლებაა.[15] კომიტეტის მიხედვით, გაფრთხილების სისტემა შეკრების უფლების შეფერხების მეთოდად არ უნდა იქცეს, და მხოლოდ შეტყობინების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო, პირს არაპროპორციული სანქციები არ უნდა დაეკისროს.[16]
ქართული ოცნების მიერ ინიციირებული ახალი ცვლილებები, ისევე, როგორც 2024-2025 წლებში განხორციელებული სხვა საკანონმდებლო ცვლილებები, შეკრების თავისუფლებასთან დაკავშირებით, სცდება საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო ხელშეკრულებებით უფლების შეზღუდვის საფუძვლებს და წარმოადგენს არა ლეგიტიმური მიზნის მიღწევის აუცილებელ და პროპორციულ საშუალებას, არამედ შეკრების თავისუფლების ეფექტიანი კრიმინალიზებისთვის გადადგმულ კიდევ ერთ ნაბიჯს.
“ქართული ოცნება”ცდილობს საქართველოს კონსტიტუციასთან, ადამიანის უფლებათა ევროპულ კონვენციასთან და პოლიტიკურ და სამოქალაქო უფლებების შესახებ საერთაშორის პაქტთან შეუსაბამო ნებართვის ინსტიტუტი დააფუძნოს. აღსანიშნავია, რომ ქართულმა ოცნებამ ნებართვას უკვე დაუქვემდებარა დახურულ საჯარო სივრცეში შეკრების და მანიფესტაციის ჩატარება.[17] ახალი ცვლილებები, ფაქტობრივად, არ ტოვებს სივრცეს, რომელშიც შეკრება de facto თანხმობას არ ექვემდებარება და ართმევს ადამიანებს შესაძლებლობას, თავად აირჩიონ შეკრების ადგილი. ამასთან, ტროტუარზე შეკრების და მანიფესტაციის იმავე წესებისთვის დაქვემდებარება, რომელიც ტრანსპორტის სავალ ნაწილზე მოქმედებს, მიუხედავად იმისა, როიმ ასეთი ტიპის შეკრება საზოგადოებრი ცხოვრების ჩვეული რიტმის ბევრად ნაკლები ხარისხით შეზღუდვას შესაძლოა იწვევდეს, მიუთითებს, რომ შეზღუდვის მიზანი არა სხვათა უფლებების ან მართლწესრიგის დაცვა, არამედ შეკრება/მანიფესტაციებისთვის გაუმართლებელი დაბრკოლებების შექმნაა.
გასათვალისწინებელია, რომ ინიციირებული ცვლილებები არის გაგრძლება ავტორიტარული კანონშემოქმედების ტენდენციისა, რომლის ფარგლებშიც 2024-2025 წლებში შეკრების და მანიფესტაციების მომწესრიგებელ ნორმებში შევიდა არაერთი ცვლილება, გაიზარდა სანქციები, გაჩნდა ახალი ადმინისტრაციული და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობების საფუძვლები, ძლიერად არის გაკრიტიკებული საერთაშორისო ინსტიტუტების, მათ შორის ვენეციის კომისიის და ეუთო ოდირის მიერ.[18]
აშკარაა, რომ ამ გზით ქართული ოცნება შეკრების თავისუფლების ფაქტობრივ გაუქმებას ცდილობს.
[1] საკანონმდებლო პაკეტი და მასთან დაკავშირებული დოკუმენტები იხილეთ ბმულზე https://info.parliament.ge/#law-drafting/31646
[2] იხილეთ შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ საქართველოს კანონი, მუხლი 5.
[3] იქვე, მუხლი 8.
[4] იქვე, მუხლი 10.
[5] იქვე, მუხლი 11 პრიმა, პუნქტი 1.
[6] იქვე, მუხლი 11 პრომა, პუქნტი 4.
[7] იქვე, მიხლი 13.
[8] იქვე, მუხლი 13, პუნქტი 5 პრიმა.
[9] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2023 წლის 14 დეკემბris გადაწყვეტილება გადაწყვეტილება №3/3/1635, II-40, https://matsne.gov.ge/ka/document/view/6004741?publication=0, [09.12.2025]
[10] იქვე, II-38
[11] ECtHR, Sáska v. Hungary, 58050/08, 2012, § 21.
[12] ECtHR, Kudrevičius and Others v. Lithuania [GC], 37553/05, 2015, § 155; Malofeyeva v. Russia, 36673/04, 2013, §§ 136-37
[13] Venice Commission, OSCE ODIHR, GUIDELINES ON FREEDOM OF PEACEFUL ASSEMBLY (3rd EDITION),cCDL-AD(2019)017rev, 2020, par. 25, https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-AD(2019)017rev-e, [09.12.2025].
[14] Human Rights Committee, General comment No. 37 (2020) on the right of peaceful assembly (article 21), par 22.
[15] იქვე. 70.
[16] იქვე. 71.
[17] საია, რეპრესიული საკანონმდებლო ცვლილებები “შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ” კანონში მესამე მოსმენით მიიღეს, 07.02.2025, https://gyla.ge/post/represiuli-sakanonmdeblo-cvlilebebi-saias-shefaseba, [09.12.2025].
[18] OSCE ODIHR, URGENT OPINION ON THE AMENDMENTS TO THE LAW ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS, THE CODE OF ADMINISTRATIVE OFFENCES AND THE CRIMINAL CODE OF GEORGIA (AS ADOPTED ON 6 FEBRUARY 2025), Opinion-Nr.: FOPA-GEO/536/2025 [TN], 6 March
2025, para 107. see https://www.osce.org/files/f/documents/d/2/587466.pdf, [09.12.2025]; Venice Commission, GEORGIA URGENT OPINION ON AMENDMENTS TO THE CODE OF ADMINISTRATIVE OFFENCES AND THE LAW ON ASSEMBLIES AND DEMONSTRATIONS, Opinion No. 1226/2024, see https://www.venice.coe.int/webforms/documents/default.aspx?pdffile=CDL-PI(2025)004-e, [09.12.2025]; OSCE ODIHR, Urgent Opinion on the Amendments to the Code of Administrative Offences and the Criminal Code of Georgia (as adopted on 16 October 2025), Opinion-Nr.: FOPA-GEO/564/2025 [ALC/TN], see: https://www.osce.org/odihr/601503, [09.12.2025].
გააზიარე: