GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

04 ივნისი, 202610:05

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოაქვეყნა პუბლიკაცია „პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება საქართველოში, როგორც უფლების არამართლზომიერად შეზღუდვის საშუალება“. დოკუმენტი მიმოიხილავს 2024 წლიდან საქართველოში მიღებულ რეპრესიულ საკანონმდებლო ცვლილებებს და ამასთან დაკავშირებულ ტენდენციებს.


პერსონიფიცირებული კანონმდებლობა გულისხმობს კანონებს, რომლებსაც მმართველი ელიტები, საკანონმდებლო ორგანოს მეშვეობით, საკუთარი ძალაუფლების კონსოლიდაციისა ან პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის იღებენ. პროტესტის ჩახშობისა და პოლიტიკური ოპონენტების უფლებრივი მდგომარეობის გაუარესების მიზნით, 2024 წლიდან პარლამენტმა არაერთი ცვლილება მიიღო, ბევრი მათგანი - დაჩქარებული წესით. 2024 წლის 3 აპრილიდან 2026 წლის 20 თებერვლამდე პერიოდში საკანონმდებლო ორგანოში დაინიციირდა და დაჩქარებული წესით მიიღეს 304 კანონი. აქედან ზოგიერთი მათგანი პაკეტის სახით იყო წარმოდგენილი, ხოლო ზოგი – ცალკე ცვლილების სახით. ცვლილებები საკმარისი მსჯელობის და განხილვის გარეშე მიიღებოდა.


ამ ფორმით მიღებული აქტების ნაწილი სხვადასხვა ძირითად უფლებას ზღუდავს. ცვლილებები შეეხებოდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორებიცაა, მათ შორის, შეკრების თავისუფლება, გამოხატვის თავისუფლება, გაერთიანების თავისუფლება, მედიის თავისუფლება, საჯარო მოსამსახურეთა უფლებები.


2024 წლის მაისში ე.წ. რუსული კანონი, რომელიც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების სტიგმატიზაციას ისახავდა მიზნად, ქართულმა ოცნებამ მშვიდობიანი პროტესტის ძალადობრივი ჩახშობის ფონზე მიიღო. 2025 წელს ე.წ. FARA-მ და 2025-2026 წლებში გრანტების შესახებ კანონში შეტანილმა ცვლილებებმა მნიშვნელოვნად შეზღუდა სამოქალაქო საზოგადოების საქმიანობის შესაძლებლობა და სამოქალაქო აქტიურობის ფაქტობრივი კრიმინალიზებისთვის საკანონმდებლო მექანიზმები შექმნა.


2024 წლის ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებისა და ნოემბერ-დეკემბრის მშვიდობიანი აქციების მონაწილეთა წინააღმდეგ სისტემური წამების გამოყენების შემდგომ, რეპრესიული კანონშემოქმედება კიდევ უფრო ინტენსიური გახდა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსში და შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონში რამდენიმე ტალღად განხორციელებული ცვლილებების შედეგად მნიშვნელოვნად გაიზარდა საპროტესტო აქტივობებთან დაკავშირებული სანქციები, გაჩნდა ახალი, საპროტესტო გამოხატვასთან დაკავშირებული სამართალდარღვევები. შექმნილი საკანონმდებლო მოწესრიგება შეკრებების ფაქტობრივ კრიმინალიზებას იწვევს: საკანონმდებლო ჩარჩო, დღეის მდგომარეობით, ითვალისწინებს შეკრების შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს გაფრთხილების ვალდებულებას, რომელიც შინაარსით ნებართვის მიღების ვალდებულებას უტოლდება, იმის გათვალიწინებით, რომ შესაძლებლობას აძლევს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეცვალოს შეკრების დრო, ადგილი, სვლა-გეზი, ასევე, ხალხის სავალი ნაწილის ნაწილობრივ ან სრულად გადაკეტვის შემთხვევაში, შსს უფლებამოსილია, მიიღოს გადაწყვეტილება გახსნის ან/და ხალხის მოძრაობის აღდგენის შესახებ. გაფრთხილების წესის დარღვევა ან სავალდებულო მითითების შეუსრულებლობა ისჯება ადმინისტრაციული პატიმრობით. ამ ქმედებისთვის სახდელდადებული პირის მიერ იმავე ქმედების ჩადენა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას გამოიწვევს (თავისუფლების აღკვეთით ერთ წლამდე ვადით).


მნიშვნელოვნად გაუარესდა გამოხატვის თავისუფლების მომწესრიგებელი კანონმდებლობა: შეიზღუდა მაუწყებლების მიერ უცხოური დაფინანსების მიღების შესაძლებლობა, გაჩნდა ბუნდოვანი ვალდებულებები მაუწყებლების მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით, ფაქტობრივად აიკრძალა სასამართლოში ფოტო-ვიდეო გადაღება და აუდიო ჩაწერა. შემოღებულ იქნა თანამდებობის პირთა და საჯარო მოსამსახურეთა შეურაცხყოფის ამკრძალავი ნორმა რომელიც თვითნებური გამოყენების და მსუსხავი ეფექტის შემქნის შესაძლებლობას იძლევა.


პერსონიფიცირებული კანონშემოქმედების ტენდენცია 2026 წელსაც აქტიურად გრძელდება. 2026 წლის მარტში მიღებულმა მოცულობითმა ცვლილებებმა კიდევ უფრო გაამკაცრა სამოქალაქო და პოლიტიკური აქტივობისთვის დაწესებული შეზღუდვები, მათ შორის, გრანტებთან დაკავშირებული კანონმდებლობის კიდევ უფრო გამკაცრებით, ახალი, ბუნდოვანი სისხლისსამართლებრივი ნორმების შემოღებით და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენელთათვის პოლიტიკური პარტიის წევრობის ფაქტობრივი აკრძალვის გზით.


გარდა შეკრების, გამოხატვის და გაერთიანების თავისუფლებებისა, რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება შეეხო საზოგადოებრივი ცხოვრების მრავალ სფეროს, მათ შორის, პოლიტიკურ პლურალიზმს, აკადემიურ დამოუკიდებლობას, პირადი ცხოვრების დაცულობის უფლებას, საჯარო მოსამსახურეთა დამოუკიდებლობის გარანტიებს, ლგბტქი ადამიანთა უფლებებს, უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებს.


პერსონიფიცირებული კანონმდებლობის ტენდენციების წარმოსაჩენად, დოკუმენტში გაანალიზებულია 27 საკანონმდებლო აქტი/პაკეტი:


1. რუსული კანონი („უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონი) - მიღების თარიღი: 2024 წლის 28 მაისი;

2. ჰომოფობიური/ტრანსფობიური საკანონმდებლო პაკეტი - მიღების თარიღი: 2024 წლის 17 სექტემბერი;

3. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;

4. ცვლილებები საჯარო სამსახურის შესახებ კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;

5. ცვლილებები სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის შესახებ კანონში - მიღების თარიღი: 2024 წლის 13 დეკემბერი;

6. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 6 თებერვალი;

7. ცვლილებები სისხლის სამართლის კოდექსში - მიღების თარიღი: 2025 წლის 6 თებერვალი;

8. ცვლილებები „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში და გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 20 თებერვალი;

9. ე.წ. FARA და მისგან გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 1-ლი აპრილი;

10. ცვლილებები გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების მონაწილეობის სავალდებულოობის გაუქმებასთან დაკავშირებით - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 აპრილი;

11. კანონმდებლობიდან ტერმინ „გენდერის“ ამოღებასთან დაკავშირებული ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 აპრილი;

12. ცვლილებები „მაუწყებლობის შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის პირველი აპრილი;

13. ცვლილებები „გრანტების შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 აპრილი;

14. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა აქტებში (ნარკოპოლიტიკის გამკაცრებასთან დაკავშირებით) - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 აპრილი, 2025 წლის 2 ივლისი;

15. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 13 მაისი;

16. ცვლილებები საქართველოს პარლამენტის ახალ რეგლამენტში - მიღების თარიღი: 2025 წლის 13 მაისი;

17. ცვლილებები „სიტყვისა და გამოხატვის შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;

18. ცვლილებები „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში (სასამართლოში ვიდეო/ფოტო გადაღების და აუდიოჩაწერის შეზღუდვა) - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;

19. ცვლილებები „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ კანონში, სისხლის სამართლის კოდექსსა და სხვა კანონებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 26 ივნისი;

20. ცვლილებები „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონსა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში - მიღების თარიღი: 2025 წლის 2 ივლისი;

21. ცვლილებები „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების“ შესახებ კანონში და გამომდინარე ცვლილებები სხვა საკანონმდებლო აქტებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 ოქტომბერი;

22. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა და სისხლის სამართლის კოდექსებში - მიღების თარიღი: 2025 წლის 16 ოქტომბერი;

23. ცვლილებები „ფსიქიკური ჯანმრთელობის შესახებ“ კანონში და გამომდინარე ცვლილებები - მიღების თარიღი: 2025 წლის 9 დეკემბერი;

24. ცვლილებები ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2025 წლის 10 დეკემბერი;

25. განახლებული საარჩევნო კოდექსი - მიღების თარიღი: 2026 წლის 17 დეკემბერი;

26. ცვლილებები „უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონში - მიღების თარიღი: 2026 წლის 4 თებერვალი;

27. ცვლილებები „გრანტების შესახებ“ და „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ კანონებში, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და სისხლის სამართლის კოდექსში - მიღების თარიღი: 2026 წლის 4 მარტი;


კანონშემოქმედების პროცესი დელიბერაციის, ღიაობის, ყველა მნიშვნელოვანი აქტორის ჩართულობითა და მათ მიერ აზრის გამოთქმის ფონზე უნდა მიმდინარეობდეს. მას უნდა დაეთმოს საკმარისი დრო, რათა ნორმის ადრესატებს ჰქონდეთ შესაძლებლობა, მასზე საკუთარი მოტივირებული პოზიცია გამოხატონ. რაც უფრო მომეტებულია ძირითად უფლებაში ჩარევა, მით უფრო დელიბერაციული უნდა იყოს საკანონმდებლო პროცესი. დოკუმენტში გაანალიზებული საკანონმდებლო ცვლილებები და კანონშემოქმედების ტენდენციები ცხადყოფს, რომ საქართველოში კანონშემოქმედება დემოკრატიული პრინციპების უგულებელყოფით წარიმართება. რეპრესიული, პერსონიფიცირებული კანონშემოქმედება განსხვავებული აზრის დევნისა და ძალაუფლების განმტკიცების პოლიტკურ იარაღად გამოიყენება, რითაც უხეშად ირღვევა სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს კონსტიტუციური პრინციპები და ადამიანის ძირითადი უფლებები.


 იხილეთ დოკუმენტი

სხვა სიახლეები