GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

20 ნოემბერი, 2024

რა ხდება იმ შემთხვევაში, როდესაც ახალარჩეულ პარლამენტის წევრთა არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში და როგორ გაიმართება პირველი სხდომა?


ახალარჩეული პარლამენტის პირველი სხდომა უფლებამოსილია შეუდგეს მუშაობას თუ მას ესწრება სულ მცირე 76 დეპუტატი.[1] სხდომის გახსნის შემდეგ პარლამენტში იქმნება დროებითი სამანდატო კომისია.[2] მას ცესკოს თავმჯდომარე პირველივე სხდომაზე გადასცემს პარლამენტის წევრთა უფლებამოსილების ცნობისათვის საჭირო დოკუმენტაციას.[3] დროებითი სამანდატო კომისია შეისწავლის ამ დოკუმენტებს და შედეგებს ასახავს დადგენილების პროექტში, სადაც უნდა აისახოს არჩეული დეპუტატების სახელები უფლებამოსილების ცნობის მიზნით.[4] აღსანიშნავია, რომ დოკუმენტში არ შეიტანება იმ პირის სახელი და გვარი, რომლის არჩევის კანონიერება გასაჩივრებულია საკონსტიტუციო სასამართლოში ან საერთო სასამართლოში, აგრეთვე რომლის არჩევის კანონიერება საეჭვოდ მიიჩნია პარლამენტის დროებითმა სამანდატო კომისიამ.[5] ცესკოს მიერ საარჩევნო შედეგების საბოლოო შეჯამების შემდგომ, საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა სარჩელით, რომლითაც ითხოვს არჩევნების შედეგების არაკონსტიტუციურად ცნობას.[6] შესაბამისად, ამ სარჩელით გასაჩივრებულია 150 წევრის არჩევის კანონიერება. დროებითმა სამანდატო კომისიამ არ უნდა შეიყვანოს არც ერთი არჩეული წევრის სახელი და გვარი შესაბამის დადგენილებაში. ამ შემთხვევაში პარლამენტი ვერ შეძლებს სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობას, რაც გამოიწვევს პარლამენტის პირველი სხდომის შეწყვეტას. როდესაც შესაძლებელი გახდება პარლამენტის წინაშე სულ მცირე 100 დეპუტატის უფლებამოსილების ცნობის საკითხის დასმა, ცესკოს თავმჯდომარე ამ მოვლენის დადგომიდან 10 დღის განმავლობაში მოიწვევს პარლამენტის სხდომას.[7] ამრიგად, საქართველოს პარლამენტი ვერ ცნობს არჩეული წევრების უფლებამოსილებას მანამ, სანამ არ დასრულდება დავა საკონსტიტუციო სასამართლოში.



[1] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 85-ე მუხლის პირველი პუნქტი.

[2] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი.

[3] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-3 პუნქტი.

[4] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-4 პუნქტი.

[5] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-5 პუნქტი.

[6] პრეზიდენტმა საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა არჩევნების შედეგების გასაბათილებლად, რადიო თავისუფლება, ხელმისაწვდომია: https://www.radiotavisupleba.ge/a/33207809.html, განახლებულია: 20.11.24.

[7] საქართველოს პარლამენტის რეგლამენტი, 86-ე მუხლის მე-8 პუნქტი.

სხვა სიახლეები