სიახლეები

სისხლის სამართლის პროცესებზე დაკვირვების და სამართალწარმოების პროცესში არაერთ შემთხვევაში გამოიკვეთა გამოძიების მიმდინარეობისას ამოღებული ნივთების საგამოძიებო ორგანოს მიერ დაბრუნების ვადებთან დაკავშირებული პრობლემები. ამგვარი გამოწვევა გამოვლინდა გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეშიც.
როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, რუსული კანონის წინააღმდეგ პროტესტის დროს დაკავებული გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმეზე 2025 წლის 13 ნოემბერს საკასაციო სასამართლოს განაჩენით დასრულდა ადგილობრივ დონეზე სამართალწარმოების ყველა ეტაპი. თუმცა, მას ამ დრომდე არ უბრუნებენ ამოღებული ნივთების მნიშვნელოვან ნაწილს. ადვოკატის განმარტებით, კომპიუტერულ ტექნიკას, რომელიც ამოღებულია შპს „ლიმონიდან“ აქვს დიდი საბაზრო ღირებულება, ხოლო მისი გამოუყენებლობა, დაყოვნება, მნიშვნელოვან ფინანსურ ზიანს აყენებს კომპანიასა და მის მესაკუთრეს. ამასთან, ადვოკატის ინფორმაციით, ტექნიკის ამოღების შედეგად გაჩერდა ერთ-ერთი წარმატებული ქართული ვიდეო-საწარმო, რომელიც ოპერირებდა საქართველოს ფარგლებს მიღმაც.
საია სასამართლო მონიტორინგს უწევდა გიორგი ოკმელაშვილის მიმართ სისხლის სამართლის საქმეს და ჯერ კიდევ პროცესის მიმდინარეობის ეტაპზე აღნიშნავდა საქმის ხელოვნურად გაჭიანურების თაობაზე და იმას, რომ აღნიშნული საქმე არ არის დაცლილი სავარაუდო პოლიტიკური ნიშნით დევნის მოტივებისგან.1
საყურადღებოა, რომ გიორგი ოკმელაშვილს პროკურატურა პოლიციელზე თავდასხმას და „მცირე ოდენობით ნარკოტიკული ნივთიერების შენახვას“ ედავებოდა, წარდგენილი ბრალი კი იმთავითვე აჩენდა ეჭვებს ამოღებული ნივთების განსახილველ საქმესთან შემხებლობასთან დაკავშირებით. გიორგი ოკმელაშვილის ადვოკატმა საკასაციო სასამართლოს განაჩენამდეც და მას შემდეგაც, არაერთხელ მიმართა საქართველოს პროკურატურას ამოღებული ნივთების დაბრუნების თხოვნით. თუმცა, არათუ დასაბუთებული, საქართველოს პროკურატურისთვის არაერთ სხვა საქმეში დამახასიათებელი, შაბლონური პასუხიც კი არ მიუღია იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ხდება ამ დრომდე ნივთების დაბრუნება და რა ვადით შეიძლება მოხდეს აღნიშნული ნივთების დაყოვნება. ეს ხდება იმ ვითარებაში, როცა უკვე გასულია ექსპერტიზის ჩასატარებლად საჭირო ყველა გონივრული ვადა და საქმეზე მიღებულია საბოლოო ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილება.
საყურადღებოა, რომ ადვოკატმა შესთავაზა2 პროკურატურას, რომ, იმ შემთხვევაში, თუ ნივთებზე დანიშნული ექსპერტიზა ობიექტურად ჭიანურდება, ამოღებული ტექნიკის შემადგენელი ის ნაწილები მაინც დაებრუნებინათ, რომლებზეც არ ხდება ინფორმაციის ჩაწერა, დამახსოვრება და ფიქსაცია. ასე, მაგალითად: ოპერატიული მეხსიერების ბარათები და სხვა, რაც არ ინახავს კომპიუტერულ ინფორმაციას და უსარგებლოა საექსპერტო კვლევისთვის. თუმცა აღნიშნული წერილიც პროკურატურის მხრიდან რეაგირების გარეშე დარჩა. ამასთან, ადვოკატი ყველა ჯერზე უთითებდა იმ მნიშვნელოვან მატერიალურ ზიანზე, რაც გიორგი ოკმელაშვილის კომპანიას და ოჯახს ადგება ამოღებული ნივთების დაყოვნების შედეგად.
საყურადღებოა, რომ აღნიშნულ ამოღებულ ნივთებზე საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა დაინიშნა 2024 წლის 16 მაისს. ისე დასრულდა სამივე ინსტანციის სასამართლოში საქმის განხილვა, რომ ამ დრომდე დაცვის მხარეს არ აქვს ინფორმაცია ექსპერტიზის დასრულების შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ ექსპერტიზა დანიშნული იყო განსახილველი საქმის ფარგლებში და საკასაციო ეტაპზე გასული იყო ექსპერტიზის პასუხისთვის ყველა გონივრული ვადა, სასამართლომ თავის გადაწყვეტილებაში არ განსაზღვრა ნივთმტკიცებების მნიშვნელოვანი ნაწილის ბედი, და აღნიშნული მიიჩნია იმ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების ფარგლებში გადასაწყვეტ საკითხად, რომელსაც გამოეყო გიორგი ოკმელაშვილის სისხლის სამართლის საქმე.
საქართველოს პროკურატურის დადგენილებები სისხლის სამართლის საქმეთა გამოყოფის შესახებ, ხშირ შემთხვევაში, არის, არა მაღალი სტანდარტით დასაბუთებული, არამედ მხოლოდ ფორმალურ-სამართლებრივი, ტექნიკურად პროცესუალური დატვირთვის მქონე, დოკუმენტი. დასაბუთების ნაწილში, ხშირად, შაბლონურად ხდება მითითება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მიზნებზე, თუმცა არ კონკრეტდება მიზანი და მიზნის საქმესთან შემხებლობა. ასეთ ვითარებაში, საქართველოს პროკურატურას სულ ექნება ტექნიკური საფუძველი, გაჭიანურებული ექსპერტიზის საფუძვლით, უხეშად ჩაერიოს პირის საკუთრების უფლებაში და მოკლებული გახადოს ადამიანი, წლების განმავლობაში, განკარგოს თავისი საკუთრება.
სამწუხაროდ, პრაქტიკაში არაერთ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის გაცემის პროცესი ჭიანურდება. საიას სისხლის სამართლის პროცესების მონიტორინგი არ ავლენს არც ერთ შემთხვევას, როცა აღნიშნულს მოჰყვა სამართლებრივი რეაგირება, რაც კიდევ ერთხელ მიუთითებს სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის უფლებების დაცვის, გამოძიების გზით დარღვეული უფლების სწრაფად და ეფექტიანიად აღდგენის მიმართ, ტოტალურად გულგრილ დამოკიდებულებაზე.
ამასთან, ეს პრაქტიკა ბრალდების მხარეს აძლევს შესაძლებლობას, როგორც მოცემულ შემთხვევაში, მოახდინოს წარდგენილ ბრალთან და მიმდინარე სს საქმესთან შემხებლობის არმქონე ნივთების ამოღება და ექსპერტიზის ბერკეტით მათი არაგონივრული ვადით, დაუსაბუთებლად ან/და ფორმალურად ექსპერტიზის პასუხის მოლოდინით დაყოვნება, რითაც ბრალდებულს, მის ოჯახს ან მასთან დაკავშირებულ პირებს მიაყენოს მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
აქვე, გვსურს საზოგადოებას განვუმარტოთ რა არის ნივთის ამოღების მიზანი და რას წარმოადგენს ნივთიერი მტკიცებულება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად - ჩხრეკა/ ამოღება ტარდება იმ მიზნით, რომ აღმოჩენილ და ამოღებულ იქნეს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან ინფორმაციის შემცველი სხვა ობიექტი3, ამასთან „ნივთიერი მტკიცებულებაა – საგანი, დოკუმენტი, ნივთიერება ან სხვა ობიექტი, რომელიც წარმოშობით, აღმოჩენის ადგილითა და დროით, ნიშან-თვისებებითა და მასზე დარჩენილი კვალით დაკავშირებულია სისხლის სამართლის საქმის ფაქტობრივ გარემოებასთან და შეიძლება დანაშაულის აღმოჩენის, დამნაშავის დადგენის ან ბრალდების უარყოფის თუ დადასტურების საშუალება იყოს.“4 სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებამდე საგამოძიებო ორგანომ მესაკუთრეს ან მფლობელს შეიძლება დაუბრუნოს სატრანსპორტო საშუალებები, კომპიუტერული სისტემა ან კომპიუტერულ მონაცემთა შესანახი საშუალებები, თუ მათ ყადაღა5 არ აქვს დადებული.6 სისხლის სამართლის პროცესის დამთავრებისას, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია.7 საპროცესო კონფისკაციას შეიძლება დაექვემდებაროს დანაშაულის შედეგად მიღებული ქონება ან სარგებელი, დანაშაულის ჩასადენად გამოყენებული ან ამისთვის განკუთვნილი საგნები, დანაშაულის შემადგენელი ან მის ჩასადენად გამოყენებული იარაღი და საშუალებები, დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონებით შეძენილი ქონება, დანაშაულის შედეგად მიღებული შემოსავლის გარდაქმნილი, შერეული ან ჩანაცვლებული ფორმა, ასევე დანაშაულთან დაკავშირებული ქონება, მათ შორის მესამე პირის საკუთრებაში არსებული ქონება, თუ დადასტურდება მისი კავშირი დანაშაულთან. ამრიგად, საქმეზე შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისას, თუ ნივთი არ არის ამოღებული სამოქალაქო ბრუნვიდან, არ ექვემდებარება საპროცესო კონფისკაციას და ამასთან სასჯელის სახით არის განსაზღვრული ქონების ჩამორთმევა, უბრუნდება მესაკუთრეს ან კანონიერ მფლობელს.
ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მკაცრი სტანდარტები აქვს დადგენილი, რომელიც არაკონვენციურად მიიჩნევს ჩამორთმეული ნივთების გაუმართლებელ და ხანგრძლივ შენახვას სისხლის სამართლის პროცესში,8 განსაკუთრებით, სამართალწარმოების დასრულების შემდეგ, როგორც ეს ნათლად ჩანს გიორგი ოკმელშვილის საქმეში, სადაც „ლიმონიდან“ ამოღებული ნივთები, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიღების მიუხედავადაც, თითქმის ორი წლის შემდეგაც კი არ დაბრუნებია მეპატრონეს. ევროსასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ, მიუხედავად იმისა, რომ ნივთების შენახვა შეიძლება ემსახურება მართლმსაჯულების სათანადო ადმინისტრირების ლეგიტიმურ მიზანს, ხელისუფლებამ უნდა დაიცვას „სამართლიანი ბალანსი“ საზოგადოებრივ ინტერესებსა და ინდივიდუალურ უფლებებს შორის, თავიდან აიცილოს გაუმართლებელი ეკონომიკური და პროფესიული ზიანი.9 ევროსასამართლოს მითითებით, ეფექტიანი სასამართლო ზედამხედველობის გარეშე საგამოძიებო ორგანოს ფართო დისკრეცია ვერ დააკმაყოფილებს „კანონის ხარისხის“ ტესტს, ხოლო შიდა სასამართლოების უარი, გადახედონ ნივთების ასეთი დაყოვნების პრაქტიკას, დაარღვევს კონვენციას.10
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესაკუთრის ნების საწინააღმდეგოდ, გამოძიების ეტაპზე შესაძლოა მოხდეს ნივთების ამოღება, თუმცა აღნიშნულისთვის აუცილებელია მკაცრად განსაზღვრული საკანონმდებლო საფუძველი, საკუთრების უფლებაში ჩარევის პროპორციულობის დასაბუთება და დაყოვნების ლეგიტიმური მიზანი. საკუთრების უფლებაში ჩარევის ხანგრძლივობა, ზომა და შედეგები არ უნდა აღემატებოდეს მიზნის მისაღწევად აუცილებელს. პროპორციულობის კრიტერიუმები მოიცავს ჩარევის საჭიროებას, მინიმალურ ზემოქმედებას პირზე, ინტერესებს შორის ბალანსს და პირისთვის ეფექტიანი სამართლებრივი დაცვის საშუალების არსებობას. სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს სათანადო სამართლიანი ბალანსი, ერთი მხრივ, ლეგიტიმურ მიზანს შორის და, მეორე მხრივ, საკუთრების უფლებას შორის.
ის ფაქტი, რომ ადვოკატს ნივთების დაბრუნებასთან დაკავშირებით არც ერთ ჯერზე არ მიუღია დასაბუთებული პასუხი, გვაფიქრებინებს, რომ ბრალდების მხარე ვერ ასაბუთებს, რატომ აქვს თითქმის ორი წლის განმავლობაში დაყოვნებული თუნდაც ის ნივთები, რომლებიც არ სჭირდებოდა და სჭირდება საექსპერტო კვლევისთვის. მით უფრო, ისეთი ნივთები, რომლებიც საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების შინაარსის მატარებელიც კი არ ყოფილა.
ექსპერტიზის დასკვნის ამგვარი არაგონივრული ვადით გაჭიანურება, ასევე, ქმნის იმის საფრთხეს, რომ დანაშაულის მსხვერპლმა პირებმაც არ ითანამშრომლონ გამოძიებასთან იმის შიშით, რომ მათგან ამოღებულ ტექნიკურ საშუალებებს წლობით ვერ მიიღებენ და დადგნენ საკუთარი უფლებების დაცვის და ამის შედეგად მიყენებული მატერიალურ ზიანს შორის არჩევანის წინაშე.
1 „რუსული კანონის“ საპროტესტო აქციების მონაწილე პირების სისხლის სამართლის საქმეების განხილვას სასამართლო აჭიანურებს, საია, 24.11.2024, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/post/rusuli-kanonis-saprotesto-aqciis-monawileta-sasamrtlo-chianurdeba (განახლებულია:22.01.2026).
2 ადვოკატ კობა ბარამიას მიმართვის წერილები დათარიღებული - 05.03.2025, 29.04.2025, 03.12.2025.
3 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 119.
4 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 3.25.
5 სისხლის სამართლის საპროცესო იძულების ღონისძიების, ქონების შესაძლო ჩამორთმევის უზრუნველსაყოფად სასამართლოს შეუძლია მხარის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაადოს ბრალდებულის, მისი მოქმედებისათვის მატერიალურად პასუხისმგებელი პირის ან/და მასთან დაკავშირებული პირის ქონებას, მათ შორის, საბანკო ანგარიშებს, თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონებას გადამალავენ ან დახარჯავენ ან/და ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული. თუ არსებობს მონაცემები, რომ ქონება დანაშაულებრივი გზით არის მოპოვებული, მაგრამ მისი მოძიება ვერ ხერხდება, სასამართლო უფლებამოსილია ყადაღა დაადოს ამ ქონების ეკვივალენტური ღირებულების ქონებას.
6 სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი, მუხლი 80.
7 იქვე მუხლი, 81 (1).
8 საქმეში „სმირნოვი რუსეთის წინააღმდეგ“ (no. 71362/01, 2007 წლის 7 ივნისი), ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ დაადგინა, რომ ადვოკატის კომპიუტერული ცენტრალური ბლოკის „ფიზიკური მტკიცებულების“ სახით ხანგრძლივი შენახვა - ექვს წელზე მეტი ხნის განმავლობაში 2000 წლის 9 მარტიდან გადაწყვეტილების გამოტანამდე - არღვევდა პირველი ოქმის პირველ მუხლს, რადგან თავად მოწყობილობა არ წარმოადგენდა დანაშაულის ობიექტს, ინსტრუმენტს ან პროდუქტს და მონაცემები უკვე ამოღებული და დაბეჭდილი იყო საქმის მასალებისთვის, რაც შემდგომ შენახვას გაუმართლებელს და არაპროპორციულს ხდის.
9 იქვე., §§57-9.
10 იქვე., §§ 64-66.
გააზიარე: