სიახლეები
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია) აგრძელებს წინასაარჩევნო პროცესზე დაკვირვებას და ეხმიანება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხს. ქვეყნის საზღვრებს გარეთ უბნების გახსნისთვის საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული ვადა 26 სექტემბერს ამოიწურა.1 ამავე დღეს გამართულ სდომაზე ცესკომ 42 ქვეყანაში მდებარე 53 ქალაქში 60 საარჩევნო უბანი გასხსნა.2 ასევე, 11 ოქტომბრის სხდომაზე, ამომრჩეველთა რაოდენობის გათვალისწინებით, ცესკომ განკარგულებით დამატებით გახსნა 7 საარჩევნო უბანი3 უკვე არსებულ ლოკაციებზე. ჯამში, საზღვარგარეთ გახსნილია 67 საარჩევნო უბანი.4
საარჩევნო კოდექსის მიხედვით, სხვა სახელმწიფოში არანაკლებ 50 და არაუმეტეს 3 000 ამომრჩევლისათვის, არჩევნების დღემდე არაუგვიანეს 30-ე დღისა საგარეო საქმეთა სამინისტროს მონაცემების საფუძველზე, უბნებს ქმნის ცენტრალური საარჩევნო კომისია (ცესკო).5 საგარეო საქმეთა სამინისტრო ინფორმაციის მიწოდებისას ეყრდნობა საკონსულო აღრიცხვაზე მყოფ საარჩევნო უფლების მქონე პირთა მონაცემებს. თუმცა, მოქმედი კანონმდებლობით, ცესკო არ არის შეზღუდული, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დამატებით დროებითი საკონსულო დაწესებულების გახსნის მოთხოვნით, სადაც ცესკო შეძლებს საარჩევნო უბნის გახსნას. საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის საკითხი განსაკუთრებით აქტუალურია იმ ქვეყნებისთვის, რომლებსაც ემიგრანტთა დიდი რაოდენობა ჰყავთ. ქვეყნისთვის აუცილებელია, შეინარჩუნოს აქტიური და მჭიდრო კავშირი თავის მოქალაქეებთან. ელექტორალური ჩართულობა ამ პროცესში უმნიშვნელოვანეს როლს ასრულებს, რადგან მოქალაქეებს აძლევს შესაძლებლობას, აქტიურად მიიღონ მონაწილეობა ქვეყნის პოლიტიკური ცხოვრების ფორმირებაში. საერთაშორისო გამოცდილების მიხედვით, ქვეყნის საზღვრებს გარეთ საარჩევნო უბნები, ძირითადად, დიპლომატიურ დაწესებულებებში იხსნება,6 თუმცა არსებობს ისეთი პრაქტიკაც, როდესაც საარჩევნო უბნები შეიძლება ამ დაწესებულებების მიღმაც გაიხსნას. ამგვარ უბნებს, პირობითად, “სამეზობლო საარჩევნო უბნებს უწოდებენ”.7 ხმის მიცემის პროცესის გამარტივების მიზნით ასეთი ტიპის უბნები ხშირად იქმნება ისეთ ადგილებში, სადაც ბევრი ამომრჩეველია. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ისინი შორს არიან ქვეყნის ოფიციალური დიპლომატიური წარმომადგენლობებიდან.8
ცესკოს განსაკუთრებული როლი აქვს საზღვარგარეთ უბნების გახსნის პროცესში. როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო ორგანო, ის უზრუნველყოფს საქართველოში არჩევნების ადმინისტრირებას. ეს კი მოიცავს, როგორც არჩევნების სამართლიან და თავისუფალ გარემოში ჩატარების ხელშეწყობას, აგრეთვე თითოეული მოქალაქის ხმის მიცემის უფლების დაცვას ქვეყნის შიგნით თუ მის საზღვრებს გარეთ.
საქართველოში არსებული პრაქტიკით, უცხოეთში საარჩევნო უბნები საკონსულო ან დიპლომატიური წარმომადგენლობების ტერიტორიაზე იხსნება.9 საკონსულო დაწესებულებების გახსნაზე გადაწყვეტილებას საგარეო საქმეთა მინისტრი იღებს.10 მიუხედავად ამისა, თუ ცესკოსთვის ცნობილია, რომ საზღვარგარეთის ტერიტორიაზე, სადაც არაა საქართველოს საკონსულო ან დიპლომატიური წარმომადგენლობა და საკონსულო აღრიცხვაზე არიან უბნის გახსნისთვის საჭირო რაოდენობის საქართველოს მოქალაქეები, მას, როგორც ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლების დამცველს, აქვს დისკრეცია მიმართოს საგარეო საქმეთა სამინისტროს არჩევნებამდე გონივრული დროით ადრე და მოითხოვოს უბნის გახსნა.
ცესკოს ინფორმირება საზღვარგარეთ უბნების გახსნის საჭიროებასთან დაკავშირებით არაერთგზის მოხდა როგორც თავად მოქალაქეების მხრიდან, ასევე საქართველოს პრეზიდენტის თუ პროცესში ჩართული სხვა მხარეების მიერ.11 საზღვარგარეთ სხვადასხვა ქალაქში მცხოვრებმა საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთა საცხოვრებელი ადგილიც დაშორებული იყო ქვეყანაში არსებული დიპლომატიური წარმომადგენლობისგან, თვითორგანიზებით შეაგროვეს მათი საკონსულო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი მტკიცებულებები.12 ამ მონაცემების მიხედვით, თითოეულ ამ ქალაქში საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი ემიგრანტების რიცხვი 50-ს აღემატებოდა. 2024 წლის მაისში, აგვისტოსა და სექტემბერში შეგროვებული ინფორმაცია მოქალაქეებმა უბნების გახსნის მიზნით ცესკოს წარუდგინეს. მათი მიმართვების საპასუხოდ, 5 სექტემბერს ცესკოს თავმჯდომარემ განაცხადა, რომ საარჩევნო ადმინისტრაცია ვერ დააკმაყოფილებდა ამ მოთხოვნას, ვინაიდან არ არსებობდა საკანონმდებლო ნორმა, რომელიც ცესკოს ამ ტიპის ინფორმაციის დამუშავებასა და მასზე რეაგირების ვალდებულებას დააკისრებდა.
ამასთან დაკავშირებით, 7 სექტემბერს ორგანიზაცია “სამართლიანმა არჩევნებმა” თბილისის საქალაქო სასამართლოს სარჩელით მიმართა. მას საფუძვლად ედო საზღვარგარეთ მცხოვრები საკონსულო აღრიცხვაზე მყოფი საქართველოს მოქალაქეების მიერ ცესკოს თავმჯდომარისგან მიღებული წერილები, რითიც, ცესკოს თავმჯდომარემ უბნების გახსნაზე მათ უარი უთხრა. სასამართლომ შეწყვიტა საქმის წარმოება და განმარტა, რომ ცესკოს უბნების გახსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მისაღებად დრო 2024 წლის 26 სექტემბრამდე ჰქონდა. ხოლო ცესკოს თავმჯდომარის წერილები, ვერ ჩაითვლებოდა სხვა სახელმწიფოებში საარჩევნო უბნების შექმნის თაობაზე მიღებულ ოფიციალურ გადაწყვეტილებად. სასამართლომ ასევე აღნიშნა, რომ მართალია, კანონმდებლობით ცესკო ვალდებული იყო საზღვარგარეთ შეექმნა საარჩევნო უბნები, თუმცა, სად გახსნიდა მათ, მის დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენდა.
26 სექტემბერს ყველა ექსტრატერიტორიული საარჩევნო უბანი უკვე არსებულ დიპლომატიურ და საკონსულო დაწესებულებებში გაიხსნა.13 ამდენად, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების ნაწილის წუხილი სახელმწიფომ არ გაიზიარა.
იმ მოცემულობაში, როდესაც საგარეო საქმეთა სამინისტროს, არ გამოუჩენია შესაბამისი პოლიტიკური ნება საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების გახსნის მიზნით დროებითი საკონსულო დაწესებულებების გახსნის თაობაზე, ცესკო ვალდებული იყო ემოქმედა პროაქტიულად, გაეზიარებინა საქართველოს მოქალაქეთა სურვილი და ამომრჩევლის ინტერესიდან გამომდინარე მიემართა სამინისტროსთვის უბნების გასახსნელად. ცესკოს ეს ნაბიჯი ხელს შეუწყობდა საზღვარგარეთ მყოფი მოქალაქეების ხმის მიცემის უფლების რეალიზებას, რაც კომისიის მთავარ მიზანს — ყველა მოქალაქის საარჩევნო უფლებების დაცვას მოემსახურებოდა.
საია მიიჩნევს, რომ არსებული საკანონმდებლო ჩარჩო იძლევა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის შესაძლებლობას ცესკოს ინიციატივის საფუძველზე. ცესკო, როგორც მოქალაქეთა საარჩევნო უფლების რეალიზებაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო ორგანო, ვალდებული იყო, უზრუნველეყო საქართველოს მოქალაქეების არჩევნებში მონაწილეობის ხელმისაწვდომობა, მათ შორის, იმ პირებისთვის, რომლებიც ქვეყნის საზღვრებს გარეთ იმყოფებიან. ამ მიზნით, კომისიას აქტიურად უნდა ეთანამშრომლა შესაბამის სახელმწიფო უწყებებთან, განსაკუთრებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან, რათა გარანტირებული ყოფილიყო საქართველოს მოქალაქეების აქტიური საარჩევნო უფლების პრაქტიკული რეალიზება.
1 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილი; ცესკოს განკარგულება №79/2024.
2 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულება, დანართი, ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11034215-gankarguleba-1912024-26092024.
3 ნიუ-იორკი, ბერლინი, ბარსელონა, რომი, ათენი, სალონიკი, პარიზი.
4 საქართველოს ცენტრალური საარჩევნო კომისიის 2024 წლის 26 სექტემბრის №191/2024 განკარგულება, დანართი, ხელმისაწვდომია: https://cesko.ge/ge/kanonmdebloba/tseskos-samartlebrivi-aqtebi/gankargulebebi/singleview/11034215-gankarguleba-1912024-26092024; ასევე იხ: ცესკოს 2024 წლის 11 ოქტომბრის სხდომა, ხელმისაწვდომია: https://www.youtube.com/watch?v=NhOq60drGzc.
5 საქართველოს საარჩევნო კოდექსის 23-ე მუხლის მე-7 ნაწილი.
6 Wellman, Allen, and Nyblade, The Extraterritorial Voting Rights and Restrictions Dataset (1950–2020)
7 იქვე.
8 იქვე.
9 “გიორგი კალანდარიშვილი - საზღვარგარეთ საარჩევნო უბნების ორგანიზება მანიპულაციურად წარმოჩინდა, რამაც არაერთი მითის თუ დეზინფორმაციის ფორმირება გამოიწვია”, საინფორმაციო პორტალი “პირველი არხი”, 2024 წლის 24 სექტემბერი, ხელმისაწვდომია: https://1tv.ge/news/giorgi-kalandarishvili-sazghvargaret-saarchevno-ubnebis-organizeba-manipulaciurad-warmochinda-ramac-araerti-mitis-tu-dezinformaciisformirebagamoiwvia/fbclid=IwY2xjawFx7_BleHRuA2FlbQIxMAABHa_dHQoJTDTZ4uFHf_4SrJRRckPaNBbK1cwvsvqPmFd4nDa54ZD8mirsbw_aem_7fuFno5dlMJjqrZEmWaDaQ, განახლებულია: 10.08.2024.
10 საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის N206 დადგენილება, მიღებული 2005 წლის 16 ნოემბერს, მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი.
11 პრეზიდენტი ცესკოს თავმჯდომარესა და არასამთავრობოებს შეხვდა საზღვარგარეთ დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნის თაობაზე, “ევრონიუსის” ოფიციალური ვებგვერდი, 2024 წლის 29 მარტი, ხელმისაწვდომია: https://euronewsgeorgia.com/2024/03/29/prezidenti-ceskos-tavmjdomaresa-da-arasamtavroboebs-shekhvda-sazgvargaret-damatebiti-saarchevno-ubnebis-gakhsnis-taobaze/, განახლებულია: 08.10.2024
გააზიარე: