GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია

სიახლეები

news img

08 მარტი, 202513:46

ყოველწლიურად 8 მარტს ქალთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. მამაკაცთა და ქალთა შორის არსებითი თანასწორობის უზრუნველყოფა და გენდერული დისკრიმინაციის წინააღმდეგ ბრძოლა სახელმწიფოს კონსტიტუციური ვალდებულებაა. 


სამწუხაროდ, სახელმწიფო ქალთა უფლებების დაცვის კუთხით არსებული მრავალი გამოწვევის წინააღმდეგ ეფექტიანი ზომების მიღების ნაცვლად, მიზანმიმართულად აუარესებს გენდერული თანასწორობის კანონმდებლობას  და ღიად ახალისებს ქალთა მიმართ გენდერულად მოტივირებული ძალადობის ისეთ ფორმებს, როგორიცაა სექსუალური შევიწროება. აღნიშნული საგანგაშო ტენდენცია მჭიდრო კავშირშია საქართველოში “ქართული ოცნების” მიერ ხელისუფლების მიტაცებასთან, ავტორიტარული მმართველობის გაძლიერებასთან, მკვეთრ დემოკრატიულ უკუსვლასთან და ადამიანის უფლებების სისტემურ, მძიმე დარღვევებთან. 


საიამ 2024 წელს გამოაქვეყნა კვლევა „სახელმწიფოს რეაგირება გენდერულად მოტივირებულ ძალადობაზე საქართველოში, კანონმდებლობისა და პრაქტიკის ანალიზი“. კვლევამ გენდერულად მოტივირებულ ძალადობასთან ბრძოლის სისტემაში არაერთი გამოწვევა და სისტემური პრობლემა გამოავლინა, როგორც საკანონმდებლო, ასევე პოლიტიკის შემუშავების და განხორციელების, სტატისტიკის წარმოების, ძალადობაგამოვლილი ქალების მართლმსაჯულებაზე ხელმისაწვდომობის, მეორეული ვიქტიმიზაციასგან დაცვის და მხარდამჭერ სერვისებზე, მათ შორის თავშესაფრებზე წვდომის კუთხით. 


სამწუხაროდ, ამ პრობლემების აღმოფხვრის ნაცვლად, ,,ქართული ოცნება”  საკანონმდებლო სივრცეს კიდევ უფრო აშორებს სტამბოლის კონვენციის სტანდარტებს და ცდილობს კანონმდებლბიდან გააქროს სიტყვები “გენდერი” და “გენდერული თანასწორობა”


სტამბოლის კონვენციის და მისი განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ტერმინი “გენდერი” ნიშნავს სოციალურად კონსტრუირებულ როლებს, ქცევას, საქმიანობას ან მახასიათებლებს, რომლებსაც საზოგადოება შესაფერისად მიიჩნევს ქალის ან მამაკაცისათვის. გარკვეული როლები ან სტერეოტიპები ხელს უწყობს არასასურველ და საზიანო პრაქტიკას და ქალთა მიმართ ძალადობისადმი მიმღებლობას. კონვენციის განმარტებითი ანგარიშის მიხედვით, ქალთა მიმართ და ოჯახში ძალადობა გააზრებული უნდა იყოს გენდერულ ჭრილში, რაც უნდა იქცეს ძალადობის მსხვერპლთა დაცვასა და მხარდაჭერაზე მიმართული ღონისძიებების საფუძვლად. 


გენდერული პერსპექტივის უარყოფა ნიშნავს იმ სოციალურ და კულტურულ ფაქტორებზე თვალის დახუჭვას, რომელთა მიმართ სენსიტიურობის გარეშე წარმუდგენელია არა მხოლოდ ქალთა მიმართ ძალადობის წინაღმდეგ სისტემური ბრძოლა, არამედ ასეთი ძალადობის ან უთანასწორობის სხვადასხვა ფორმების გამოვლენა და სწორად იდენტიფიცირება.


ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ,,ქართული ოცნება” გამუდმებით ახალისებს სტერეოტიპულ გენდერულ როლებს როგორც რიტორიკით, ასევე დისკრიმინაციული საკანონმდებლო ინიციატივებით, სახელმწიფო ფაქტობრივად თავად ამკვიდრებს ქალისა და მამაკაცის როლების შესახებ ისეთ წარმოდგენებს, რომლებიც ძალადობრივ და უთანასწორო გარემოს აძლიერებს.


გარდა საკანონმდებლო ცვლილებებისა და ანტი-გენდერული პროპაგანდისა, განსაკუთრებით საგანგაშოა, რომ ქართული ოცნების ხელისუფლება აქტიური ქალების წინააღმდეგ  ინტენსიურად იყენებს გენდერულად მოტივირებული ძალადობის სხვადასხვა ფორმებს. 2024 წლის ნოემბრიდან, რეპრესიებისა და უფლებადარღვევების სხვა მძიმე ტენდენციებთან ერთად, განსაკუთრებით თვალშისაცემი გახდა სამართალდამცავთა მხრიდან ლეგიტიმურ, მშვიდობიან პროტესტში მონაწილე ქალების მიმართ განსაკუთრებულად აგრესიული დამოკიდებულება, სექსუალური შევიწროება, გენდერულად მოტივირებული შეურაცხყოფა და ფიზიკური ძალადობა.1 პოლიცია, რომელიც გენდერულად მოტივირებული ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლაში ერთ-ერთი მთავარი დასაყრდენი უნდა იყოს, თავად გვევლინება მოძალადედ. 


სამართალდამცავი სისტემის მსგავსი ეროზია და მშვიდობიანი პროტესტის მონაწილეების, მათ შორის, ქალების წინააღმდეგ პოლიციის ასეთი ინსტრუმენტალიაცია, გავლენას ახდენს არა მხოლოდ საპოლიციო ძალადობის უშუალო მსხვერპლებზე, არამედ, ზოგადად, დაუცველად ტოვებს საზოგადოების ყველა წევრს, ახალისებს გენდერულად მოტივირებულ ძალადობას და უთანასწორობას საზოგადოების ყველა სფეროში.



 იხ.: რადიო თავისუფლება, "ტინდერის ასლარიანო ბოზებო", - პოლიციელების უხამსობა და ძალადობა ქალ დემონსტრანტებზე, 07.02.2025, https://www.radiotavisupleba.ge/a/33306780.html?fbclid=IwY2xjawIW4PlleHRuA2FlbQIxMQABHaA-B2VKg-Pas7msrghY-KfEPe1TTgHwPEt3d_ofb0t5ye_-y39Q4xZ6aQ_aem_WSlKm3SVkRhCCXegsTzb-A



სხვა სიახლეები