GYLA Logo
English
burger menu
search icon
დონაცია
coalition img

პარტიების სახელმწიფო დაფინანსების მიზანი და მნიშვნელობა - ნაწილი 1-ლი

28 მაისი, 2025

1. პოლიტიკური პარტიების მნიშვნელობა დემოკრატიულ სახელმწიფოში



პოლიტიკურ პარტიებზე, მათი საქმიანობის თავისებურებებზე საუბრისას ყოველთვის მნიშვნელოვანია, განიმარტოს პარტიის ფუნქცია და დანიშნულება სახელმწიფოში. საქართველოს კონსტიტუციის მე-3 მუხლის თანახმად, პოლიტიკური პარტიები მონაწილეობენ ხალხის პოლიტიკური ნების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. თუმცა, ამ ჩანაწერით ბოლომდე ნათელი არაა, თუ კონკრეტულად რა როლი აქვს მას საზოგადოებაში, მით უფრო მაშინ, როდესაც სახელმწიფოში მკვეთრი მიჯნა უნდა იყოს გავლებული სახელმწიფო ინსტიტუციებსა და პოლიტიკურ აქტორებს შორის, ასევე პოლიტიკური ძალები საჯარო მმართველობას უნდა ახორციელებდნენ საზოგადოების ყველა ჯგუფის ინტერესებიდან გამომდინარე და მათი პოლიტიკა მორგებული არ უნდა იყოს კონკრეტულ პირებს.


პოლიტიკურ პარტიებს სასიცოცხლო წვლილი შეაქვთ ფუნქციონირებად დემოკრატიაში.1 პლურალისტური, სათათბირო დემოკრატიის რეალიზაცია სწორედ პოლიტიკური პარტიების ჩართულობით არის შესაძლებელი. ისინი აერთიანებენ და წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს, აყალიბებენ პოლიტიკის დღის წესრიგს, რომელიც პასუხობს ამ ინტერესებს და ქმნიან მთავრობებს და ოპოზიციებს.2


იმისათვის, რომ დასაბუთდეს პოლიტიკური პარტიების ასეთი მნიშვნელობა, აუცილებელია, განისაზღვროს მისი ფუნქცია დემოკრატიულ სახელმწიფოში. პირველ რიგში, კარგად ფუნქციონირებულ დემოკრატიულ პირობებში პოლიტიკური პარტიები წარმოადგენენ მოქალაქეთა ინტერესებს სახელმწიფოს წინაშე და, შესაბამისად, ქმნიან წარმომადგენლობითი დემოკრატიის მთავარ მამოძრავებელ ძალას. გარდა ამისა, პოლიტიკური პარტიები ხელისუფლების მოწყობის მნიშვნელოვან ელემენტებს წარმოადგენენ, ვინაიდან ისინი ქმნიან მთავრობას და იღებენ პასუხისმგებლობას მმართველობაზე. და ბოლოს, პოლიტიკური პარტიები ინარჩუნებენ დემოკრატიულ ანგარიშვალდებულებას მმართველობაში საზოგადოების ინკლუზიური ჩართულობის და მათი პოლიტიკური არჩევანის ჩამოყალიბების უზრუნველყოფის გზით.3


სხვა კლასიფიკაციით, პოლიტიკურ პარტიას გააჩნია ოთხი ძირითადი ფუნქცია: საარჩევნო სტრუქტურის, სიმბოლური ინტეგრაციის, მმართველობითი და ჯგუფების ინტეგრაციის ფუნქციები.4 საარჩევნო სტრუქტურის ფუნქციის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა, უპირველეს ყოვლისა, უნდა შეიმუშავონ საარჩევნო სტრატეგია ასარჩევ პოლიტიკურ თანამდებობაზე კონკურენტი კანდიდატების დასახელების, კამპანიებში აქტიური მონაწილეობის მისაღებად პირების დაკომპლექტების გზით და, ამით, ტერიტორიულ ოლქებში გაერთიანებულ მოქალაქეებს შესთავაზონ საკუთარი არჩევანი ალტერნატიულ ჯგუფებს შორის. სიმბოლური ინტეგრაცია გულისხმობს, პოლიტიკური პარტიების მიერ მოქალაქეებისთვის იდეებისა და ხედვების (სიმბოლოების) ნაკრების მიწოდებას, რომელიც აყალიბებს მათ მოლოდინებს დემოკრატიის შესახებ, რთავს მათ საჯარო პოლიტიკის ალტერნატივების შერჩევის პროცესში და მათ თავს აგრძნობინებს კოლექტიური არჩევანის პროცესის ნაწილად. პრაქტიკულ დონეზე ეს შეიძლება გამოვლინდეს პარტიათა წესდებებითა და სხვა იდეოლოგიური ხასიათის დოკუმენტებით, ასევე საარჩევნო პროგრამითა და პარტიის საქმიანობის თავისებურებებით.5 მმართველობითი ფუნქციის თანახმად, პოლიტიკურ პარტიებს საარჩევნო პროცესში კონკურენციის წარმატებით გავლის შემდეგ უნდა შეეძლოთ შექმნან მთავრობა და უზრუნველყონ საკანონმდებლო პროცესის შიდა სტრუქტურა - მიუხედავად იმისა, ამას აკეთებენ მარტო თუ სხვა პარტიებთან ალიანსში. ხოლო ჯგუფების ინტეგრაციის ფუნქციის მიხედვით, პოლიტიკურმა პარტიებმა უნდა შეძლონ მოქალაქეების მნიშვნელოვანი ნაწილის ინტერესების გაერთიანება და ყოვლისმომცველი პროგრამის შედგენა, რომელიც დააკმაყოფილებს საზოგადოების ყველა ჯგუფის მოთხოვნას.6


პოლიტიკური პარტიების როლის შესახებ მსჯელობაში კიდევ უფრო წინ მიდის გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო. მისი აზრით, დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმადაც ნებისმიერი ხელისუფლების წყარო ხალხი უნდა იყოს, ხელისუფლებას მხოლოდ იმ შემთხვევაში ექნება ლეგიტიმაცია, თუ ჩატარდება თავისუფალი არჩევნები. თავისუფალი არჩევნები კი, თავის მხრივ, არ გულისხმობს მხოლოდ ხმის მიცემის აქტს. არამედ მოქალაქეს უნდა ჰქონდეს თავისი გადაწყვეტილების ჩამოყალიბების თავისუფალი შესაძლებლობა. ეს კი მხოლოდ პარტიული პლურალიზმის პირობებშია შესაძლებელი.7


საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოც აპელირებს პოლიტიკური პარტიების განსაკუთრებულ საჯარო ფუნქციაზე. კერძოდ, მისი განმარტებით, პოლიტიკური პარტიები დემოკრატიული პროცესის განუყოფელი და აუცილებელი ნაწილია, გარდა ამისა, ისინი ხალხის დემოკრატიულ მმართველობაში მონაწილეობის ინსტრუმენტს წარმოადგენენ.8 ამ როლისა და ფუნქციის კონსტიტუციურ დონეზე განსაკუთრებული აღიარება ემსახურება როგორც თვით პოლიტიკური პარტიებისა და მათი ამომრჩევლების ინტერესებს, ასევე დემოკრატიული მმართველობის საჯარო ინტერესს.9


სრულყოფილი პარტიული საქმიანობა კი განსაკუთრებით აუცილებელია სახელმწიფო მმართველობის საპარლამენტო მოდელის დროს. ამ შემთხვევაში იზრდება კონკრეტული პარტიის როლი სახელმწიფო თანამდებობის პირების კანდიდატურის წამოყენებისას.10 ამასთანავე საპარლამენტო მმართველობის პირობებში, როდესაც ხელისუფლების სხვადასხვა შტოს შორის ზღვარი იშლება, შეკავება-გაწონასწორების პრინციპისა და საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფაში იზრდება ოპოზიციური პარტიების როლი, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს გამართული მუშაობისათვის აუცილებელი ელემენტია.11


წარმოდგენილმა მსჯელობამ გამოკვეთა პოლიტიკური პარტიის როლი დემოკრატიულ სახელმწიფოში. ერთი მხრივ, იგი არის იდეოლოგიის გენერატორი და საზოგადოების სახელმწიფოებრივი მისწრაფებების გამოხატულების მედროშე, ხოლო, მეორე მხრივ, კი იგი ინტენსიურად ჩართულია სახელმწიფო მმართველობის პროცესში და მნიშვნელოვანწილად მასზეა დამოკიდებული საჯარო ინსტიტუციების გამართული ფუნქციონირება.



2. პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების მიზანი და გავლენა დემოკრატიულ პროცესებზე



იმისათვის, რომ პარტიებმა დემოკრატიულ წესწყობილებაში თავიანთი ფუნქციები სრულყოფილად შეასრულონ, უზრუნველყონ მოსახლეობაში პოლიტიკური ნების ჩამოყალიბება და სამართლიანი კონკურენციის პირობებში მათკენ მოიზიდონ რაც შეიძლება მეტი ამომრჩეველი, საჭიროა გარკვული სახის, მათ შორის, ფინანსური რესურსი, რათა პოლიტიკურმა აქტორებმა მიაღწიონ ამომრჩევლამდე, გააცნონ მათ საკუთარი მიზნები და პოლიტიკა, და მიიღონ უკუკავშირი.12 დინამიკურ საარჩევნო კამპანიას შეუძლია მოქალაქეების ჩართვა საარჩევნო პროცესში, თუმცა აქტიური პოლიტიკური პარტიები საზოგადოების სახელმწიფო-დემოკრატიულ დიალოგში ჩართვას არასაარჩევნო, ორდინალურ პერიოდშიც უზრუნველყოფენ.13 პოლიტიკის სხვადასხვა ფილოსოფოსი თვლიდა, რომ საკუთრება და ეკონომიკური უპირატესობები პოლიტიკაში ძალაუფლების მოპოვების ფუნდამენტურ ელემენტს წარმოადგენს.14 ამრიგად, პოლიტიკური აქტივობების განხორციელება ფულის გარეშე შეუძლებელია.15 თუმცა, იგი არ არის ერთადერთი ელემენტი პოლიტიკური ძალაუფლების განტოლებაში, ვინაიდან რესურსი პოლიტიკური სუბიექტისთვის დამხმარე ხასიათის მატარებელია და თვითმიზანს არ წარმოადგენს.16


დაფინანსების საჭიროება კიდევ უფრო იზრდება საპარლამენტო სისტემებში.17 აქ, პარტიები აღარ წარმოადგენენ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის ორგანიზატორებს. მათი საქმიანობა არ შემოიფარგლება მხოლოდ საარჩევნო პერიოდით, არამედ ისინი მოქმედებენ მუდმივად.18 შესაბამისად, პარტიული დაფინანსება იმდენადაა მნიშვნელოვანი და აუცილებელი, რამდენადაც მათ სახსრების გაღება პარტიული ორგანიზაციული სტრუქტურების შესანარჩუნებლად სისტემატიურად უწევთ.19 საპარლამენტო მმართველობის სისტემებში, სადაც პარტიული წარმომადგენლების მიერ ხდება მთავრობის დაკომპლექტება, რაც ისედაც პარტიისთვის ერთ-ერთ უმთავრეს მიზანს წარმოადგენს, პოლიტიკოსებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება მათი პარტიის განვითარებასა და ფინანსების მოძიებაზე ზრუნვა.


პოლიტიკური პარტია ფინანსებს იღებს კერძო შემოწირულობებისა და სახელმწიფო დაფინანსების მეშვეობით. მათ უნდა უზრუნველყონ ადეკვატური დაფინანსება თავიანთი ფუნქციების ეფექტიანად შესრულებისთვის, განავითარონ და გაავრცელონ თავიანთი პროგრამები, შეინარჩუნონ სტაბილური ორგანიზაციული სტრუქტურა, უზრუნველყონ კომუნიკაცია წევრებთან და აწარმოონ საარჩევნო კამპანია სხვა პარტიებთან თანაბარ პირობებში.20 იდეალურ შემთხვევაში, პოლიტიკური პარტიები ფინანსურად დამოუკიდებლი უნდა იყვნენ და ფინანსდებოდნენ საწევრო შენატანებით. ეს იდეალური შემთხვევა ეხება მხოლოდ მცირე პოლიტიკურ პარტიებს ან ბიზნეს პარტიებს,21 რომლებიც დამოკიდებულნი არიან მათ ბენეფიციარებზე.22 თუმცა პარტიის ფინანსური დამოკიდებულება კონკრეტულ მსხვილ შემომწირველზე, შესაძლოა, აჩენდეს პარტიის ტენდენციურობისა და მიკერძოებულობის რისკს, რომ იგი არა მოსახლეობის, არამედ კონკრეტული პირის შეხედულებების გამტარი იქნება. ხელისუფლებაში მოსვლის შემთხვევაში კი, თავისი დამფინანსებლის ინტერესს გაატარებს.


პოლიტიკური პარტიების სახელმწიფო დაფინანსება მიღებულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში. ერთი მხრივ, დაფინანსება სახელმწიფო ბიუჯეტისათვის შესაძლოა ფინანსურ ტვირთს წარმოადგენდეს და მეტიც, ვიწრო პოლიტიკური ინტერესების მქონე სუბიექტისთვის სისტემატურად თანხის ჩარიცხვა გაუმართლებელიც იყოს, თუმცა, მეორე მხრივ, მას დემოკრატიულ საზოგადოებაში გარკვეული დადებითი მხარეებიც აქვს.


პარტიებისთვის და საარჩევნო კანდიდატებისთვის საჯარო სახსრების გამოყოფა აუცილებელია იმისთვის, რომ მათ ჰქონდეთ საარჩევნო პროცესში თანაბარი შესაძლებლობები და ამომრჩეველთან შემხებლობა.23 ასეთი დახმარება კიდევ უფრო გააძლიერებს საზოგადოების უფლებას, იყოს ინფორმირებული პოლიტიკის ალტერნატივების, კანდიდატებისა და პარტიების შესახებ, რომლებიც იბრძვიან ხელისუფლებაში მოსვლისათვის. გარდა ამისა, სახელმწიფო სუბსიდიები ამცირებს პარტიებისა და კანდიდატების დამოკიდებულებას ძლიერი სექტორული ინტერესების კონტრიბუციაზე და გაათავისუფლებს პოლიტიკოსებს ცდუნებისგან, მიმართონ საეჭვო დაფინანსების წყაროებს.24 ფინანსური დამოკიდებულება პარტიას უბიძგებს ფინანსური კონტრიბუტორების მიმართ ანგარიშის გაწევისაკენ, მათი პირადი ინტერესების ლობირებისკენ, რაც დააზიანებს პოლიტიკური პარტიის, როგორც საზოგადოებრივი აზრის მაფორმირებელი სუბიექტის როლს. სახელმწიფო დაფინანსების სისტემით კი საარჩევნო და ზოგადად, პოლიტიკური პროცესი უფრო გამჭვირვალე გახდება. სახელმწიფო დაფინანსების სისტემის მიზანია დაეხმაროს პოლიტიკურ სუბიექტებს, მაგრამ შეინარჩუნოს საკმარისი მოქნილობა, რათა სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობები შეივსოს პარტიების კანდიდატებით მნიშვნელოვანი საგადასახადო ფონდების მხარდაჭერის გარეშე.25 გარდა ამისა, რეგულირებული სახსრების მიწოდება ხელს უწყობს პოლიტიკური პლურალიზმის წახალისებას თანაბრად, ხოლო პოლიტიკაში - ნეგატიური ფულის გავლენის შემცირებას.26


თუმცა ზოგიერთი კრიტიკოსი ამტკიცებს, რომ სახელმწიფო არ არის ვალდებული დაეხმაროს პარტიებს ფინანსური საჭიროებების დაკმაყოფილებაში, რაც მათ პოლიტიკურ კონკურენციაში დაუმსახურებელი უპირატესობებს მოუტანს და მათ „პოლიტიკური წარუმატებლობის რისკისგან“ და მასთან დაკავშირებული პასუხისმგებლობისგან გაათავისუფლებს.27 დაფინანსებამ, შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს იმ გაგებით, რომ პარტიები აღარ ეცდებიან განვითარებას და დაკარგავენ მოტივაციას, საზოგადოების ინტერესებთან თანხვედრაში მიაღწიონ მათ პოლიტიკურ მიზნებს. საჯარო დაფინანსებამ შესაძლოა პარტიები ნებაყოფლობითი (მოხალისეობრივი) ასოციაციებიდან პოლიტიკურ ინსტიტუტებად გადააქციოს უარყოფითი გაგებით; ძალაუფლების ბალანსი გადაიტანოს პარტიულ ბიუროკრატიაზე და, შესაძლოა, პარტიაში ძალაუფლების ლოკუსი ცენტრალიზდეს.28


მიუხედავად იმისა, რომ საჯარო დაფინანსებამ შესაძლოა გააძლიეროს პარტიული პროფესიონალების პოზიციები მათი საარსებო წყაროს უზრუნველყოფით, მან შეიძლება დაასუსტოს პარტიები სხვა გზებით. მაგალითად, სახელმწიფო სუბსიდიებმა შეიძლება შექმნას დისტანცია პარტიებსა და ამომრჩეველს შორის და ისინი ინდივიდუალური შენატანების მოთხოვნის აუცილებლობისგან გააათავისუფლოს.29 ეს თავისთავად პარტიასა და მოქალაქეებს შორის ბმას დაასუსტებს. თუმცა მეორე მხრივ, საჯარო დაფინანსება პოლიტიკურ კამპანიებში უფრო მეტად აძლიერებს საზოგადოებრივ, სამოქალაქო კონტრიბუციას, ვიდრე მსხვილი კორპორაციებისა თუ პროფკავშირების, რომლებიც თავისი კომერციული თუ სხვა ინტერესებით არიან შეზღუდულნი.30 სამოქალაქო კონტრიბუცია იზრდება იმდენად, რამდენადაც პარტია საზოგადოებრივ პრობლემებზე აკეთებს კონცენტრაციას და ინტერაქციაში შედის მოქალაქეებთან, რაც თავისთავად ორმხრივი პროცესია. ინტერაქციის დროს საზოგადოება პარტიას სთავაზობს არა ფინანსურ, არამედ პროფესიონალურ თუ მორალურ მხარდაჭერას.


საბოლოო ჯამში, სახელმწიფო დაფინანსების სისტემა, გარკვეულწილად, გამოწვევებით ხასიათდება, რაც გამოიხატება პოლიტიკური პარტიების მხრიდან პასიურობაში, საზოგადოებასა და მათ ინტერესებზე ნაკლებად ორიენტირებასა და სხვა წყაროებიდან ფინანსების მოძიების არარელევანტურობაში. თუმცა მიუხედავად ამისა, პარტიების დაფინანსება უზრუნველყოფს მათთვის თანაბარი შესაძლებლობების გაჩენას, მოსახლეობის ნებისმიერი ჯგუფის ინტერესების გათვალისწინებას. ამასთანავე ემსახურება პარტიებისათვის ისეთი გარემოს შექმნას, რომლითაც მათ მიეცემათ შანსი, ჯანსაღი კონკურენციის წყალობით მიაღწიონ საქმიანობის უმთავრეს მიზანს: მოვიდნენ ხელისუფლებაში ან ზეგავლენა იქონიონ სახელმწიფოს მმართველობაზე. ამასთანავე, სისტემატიური რეგულირებული ანაზღაურება აძლიერებს პოლიტიკურ პარტიებს, რაც, მით უფრო საპარლამენტო ფორმებში დემოკრატიის ფუნქციონირებისათვის აუცილებელი ელემენტია.



3. პარტიათა დაფინანსების პრინციპები



პარტიათა დაფინანსების რეგულირებისას სახელმწიფო ვალდებულია, გაითვალისწინოს გარკვეული პრინციპები. მით უფრო სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსებისას, რომელიც რეალურად სახელმწიფო ბიუჯეტის პოლიტიკური პარტიებისათვის გადაცემას გულისხმობს, აუცილებელია ამ საჯარო რესურსების სამართლიანი გადანაწილება. ამასთანავე ამ პროცესში არ უნდა დაირღვეს სახელმწიფოსა და პარტიის გამიჯვნის პრინციპი. ხოლო ხელისუფლება გაუმართლებლად არ უნდა ჩაერიოს პოლიტიკურ პარტიათა დამოუკიდებლობაში.


საერთაშორისო პრაქტიკასა თუ სამეცნიერო ლიტერატურაში გაჩნდა რამდენიმე სახელმძღვანელო პრინციპი. პირველ რიგში, აუცილებელია განხილულ იქნას ის პრინციპები, რომლებიც მოქმედებს ზოგადად პოლიტიკური ფინანსების რეგულირების ნაწილში. დემოკრატიისა და საარჩევნო მხარდაჭერის ინსტიტუტმა პარტიული ფინანსების მარეგულირებელი კანონმდებლობის შემდეგი პრინციპები შეიმუშავა:31 (1) შინაგანი თავსებადობის პრინციპი ითვალისწინებს, რომ პოლიტიკური ფინანსების შესახებ საკანონმდებლო რეგულაცია თანმიმდევრული და თავსებადი უნდა იყოს ერთმანეთთან. მაგალითად, არაეფექტური იქნება პარტიის შემოწირულობების რეგულირების შესახებ საკანონმდებლო ჩანაწერი, თუ მონიტორინგის ორგანოებს არ ექნებათ გამოძიების უფლება, კონტროლიც შესაბამისად, მხოლოდ ფორმალური იქნება. (2) განსაზღვრულობის პრინციპი გულისხმობს, რომ პოლიტიკური ფინანსების შესახებ საკანონმდებლო წესებმა არ უნდა დატოვოს ბუნდოვანება და თავიდან უნდა აიცილოს გაუმჭვირვალე, არარეგულარული და დისკრეციული უფლებამოსილებები. პოლიტიკურმა აქტორებმა შეიძლება კანონიერად ისარგებლონ ასეთი ორაზროვანი ფორმულირებით, რაც ძირს უთხრის პოლიტიკური ფინანსური რეგულაციების არსს. (3) ყოვლისმომცველობის და სისტემურობის პრინციპის მიხედვით, პოლიტიკური პარტიების ფინანსების შესახებ რეგულაციები არ უნდა იყოს გაბნეული სხვადასხვა საკანონმდებლო აქტში, უმჯობესია თავმოყრილი იყოს ერთად, რათა ამ წესებმა შეიძინონ უფრო მეტი სისტემურობა და სიცხადე.32


გარდა დაფინანსების საკითხის სათანადო რეგულირებისა, პრაქტიკული თვალსაზრისით სახელმწიფომ პარტიული ფინანსების გადანაწილებისას უნდა იხელმძღვანელოს შემდეგი პრინციპებით. ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელიც ფაქტობრივად პოლიტიკური სუბიექტების ბიუჯეტიდან დაფინანსების მიზანს ეხმიანება, არის თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი.33 კერძოდ, ხელისუფლებამ უნდა უზრუნველყოს, რომ საჯარო დაფინანსების გეგმები არ არღვევდეს პარტიათა თანაბარ შესაძლებლობებს.34 თანაბარი შესაძლებლობა თავისთავად გულისხმობს ყველა პოლიტიკური პარტიის (რომელიც გარკვეულ კრიტერიუმებს აკმაყოფილებს) თანაბარ და შეუფერხებელ წვდომას საზოგადოებაზე, რათა მან გაავრცელოს საკუთარი პოლტიკური შეხედულებები ამომრჩეველთა გულის მოგების მიზნით. საზოგადოებაზე წვდომის უზრუნველყოფა კი გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა სახის პირდაპირი თუ ირიბი სარგებლის მიღებას ყველა შესაბამის პარტიაზე თანაბრად.


აღსანიშნავია, რომ პარტიათა სახელმწიფო დაფინანსების სისტემის იდეა თავიდან სულაც არ ყოფილა მათთვის თანაბარი შესაძლებობების მინიჭება. სახელმწიფო დაფინანსების რეგულირების შემოღებაში პიონერი იყო გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკა. თუმცა გერმანული სისტემა თავდაპირველად შეიქმნა იმ მიზნით, რომ შესაძლებლობები სწორედ არათანაბარი ყოფილიყო და ამით თავიდან აეცილებინათ ისეთი პოლიტიკური გარემო, რომელიც ნაციონალ-სოციალისტების კვლავ ხელისუფლებაში მოსვლის შანსს შექმნიდა.35


თანამედროვე მიდგომების ჩამოყალიბებაში, რომელიც პარტიათა დაფინანსების თავდაპირველ მიზანს ცდება, დიდი წვლილი ასევე გერმანიის ფედერალურ საკონსტიტუციო სასამართლოს მიუძღვის. ზემოთნახსენები პირვანდელი იდეა შეიცვალა ახლებური მიდგომით, რაც ყველა პარტიისათვის თანაბარ შესაძლებლობების მინიჭებას გულისხმობს, მიუხედავად მათი იდეოლოგიური მიმართულებისა. გერმანული სასამართლო პრაქტიკით, თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი მჭიდროდ არის დაკავშირებული თანასწორი და უნივერსალური არჩევნების პრინციპთან, რომელიც ასევე თავის მხრივ, დამყარებულია დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპზე.36 აქედან გამომდინარე, თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი აღქმული უნდა იქნეს მკაცრი ფორმალური გაგებით.37 თუმცა იგი არ გამორიცხავს გარკვეული სახის დიფერენციაციას პარტიათა შორის.38 პირველ რიგში, კანონმდებელმა არ უნდა დაარღვიოს არსებული კონკურენციის მდგომარეობა. მრავალპარტიული დემოკრატიის პირობებში განსხვავებული შეხედულებების, შესაბამისად, განსხვავებული პარტიების მხარდაჭერა უნდა წახალისდეს, რასაც უნდა ემსახურებოდეს დაფინანსების სისტემაც.39 პარტიის დაფინანსებისთვის საჭირო კრიტერიუმების შედგენა კი კანონმდებლის მოქმედების განსაკუთრებით ვიწრო ფარგლებში უნდა მოექცეს.40


პრაქტიკული თვალსაზრისით თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფა გულისხმობს სახელმწიფოს მხრიდან გარკვეული ფორმულის შედგენას, რომლითაც გამოყოფილი სახსრები გადანაწილდება პარტიათა სპექტრზე. ხოლო არასწორად გააზრებულმა ან არამიზნობრივმა ფორმულამ კი შესაძლოა, ზიანი მიაყენოს ამ პრინციპს.41


სტრატეგიული აღქმით, თანაბარი შესაძლებლობების პრინციპი მეტად მომგებიანია პატარა პარტიებისათვის, რომელსაც საზოგადოებაში ჯერ არც რესურსი და არც ავტორიტეტი არ გააჩნიათ.42 პოლიტიკურ შეჯიბრში ყველა მხარე არაა თანაბრად ძლიერი ან არ მიუწვდება ხელი კერძო შემოწირულობებზე, რის გამოც შეიძლება იგი არ იყოს მიმზიდველი ელექტორატისთვის. სახელმწიფო სუბსიდიები კი ემსახურება თანაბარი სათამაშო პირობების შექმნას, რაც ახალ, მცირე და ნაკლებად ცნობად პარტიებს საშუალებას მისცემს, შესაბამისი კონკურენცია გაუწიონ დომინანტ და ფინანსურად უფრო პრივილეგირებულ აქტორებს.43


პოლიტიკური კონკურენციისა და მონაწილეობის თანასწორობაზე ზრუნვა განსაკუთრებული აქტუალობას იძენს ახალდემოკრატიულ ქვეყნებში, განსაკუთრებით პოსტკომუნისტურ სახელმწიფოებში.44 აქ სახელმწიფო სუბსიდიები ერთგვარი მაკომპენსირებელი იყო იმ უთანასწორობისათვის, რომელიც პოსტ-კომუნისტურ ქვეყნებში ახლადშექმნილ პარტიებსა და კომუნისტური პარტიის მემკვიდრეებს, ხშირ შემთხვევაში, მმართველ პარტიებს შორის არსებობდა. ზოგადად იმის მიუხედავად კომუნისტური პარტიის მემკვიდრეები იდეოლოგიურად ეთანხმებოდნენ თუ არა თავიანთ წინამორბედს, ისინი ფლობენ განსაკუთრებულ მატერიალურ თუ ადამიანურ რესურსს ქვეყანაში და ახალი პარტიისათვის განსაკუთრებით რთული იყო ჯანსაღი კონკურენციის რეჟიმში დარჩენა.45


კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც სახელმწიფო უშუალოდ მონაწილეობს პოლიტიკური პარტიების დაფინანსებაში, შეიძლება თანაბარ შესაძლებლობების მინიჭებასთან ერთად დაკავშირებული იყოს სამართლიანობასთან. სახელმწიფო სუბსიდიებმა უნდა უზრუნველყონ თავისუფალი და სამართლიანი პოლიტიკური კონკურენცია.46 სახელმწიფომ ხელი უნდა შეუწყოს ახალ პარტიებს პოლიტიკურ არენაზე შესვლაში და შეუქმნას ისეთი პირობები, რომ მათ კონკურენცია გაუწიონ უკვე არსებულ პარტიებს. სახელმწიფო ფინანსების გადანაწილებისათვის კანონმდებელმა უნდა შეიმუშავოს ობიექტური და სამართლიანი კრიტერიუმები.47


კიდევ ერთი მნიშვნელოვანი პრინციპი პოლიტიკური ფინანსების საკითხში არის პარტიათა დამოუკიდებლობა და თავისუფლება. იგი განმარტა და დააკონკრეტა გერმანიის ფედერალურმა საკონსტიტუციო სასამართლომ. კერძოდ, გერმანიის ძირითადი კანონის 21-ე მუხლის მიხედვით, პოლიტიკური პარტიები თავისუფალი არიან სახელმწიფო გავლენებისაგან. ეს ნიშნავს არა მხოლოდ სახელმწიფოსგან დამოუკიდებლობას, არამედ იმის უზრუნველყოფას, რომ პარტიებმა, როგორც თავისუფლად ჩამოყალიბებულმა ჯგუფებმა, შეინარჩუნონ თავისი იდეოლოგიური თუ ორგანიზაციული სახე, რომლითაც ისინი უკვე არსებობენ საზოგადოებაში, სოციალურ თუ პოლიტიკურ სივრცეში.48 პოლიტიკური ფინანსების ისე გადანაწილება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის პარტიის სოციალურ თვითმყოფადობას და გამოიწვევს პოლიტიკური კონტექსტიდან ამოგლეჯას, დაუშვებელია.49


არა მხოლოდ საჯარო, არამედ ზოგადად პოლიტიკური ფინანსების უმნიშვნელოვანესი ნაწილია მისი გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპი. თუმცა იგი იმდენად სახელმწიფო ფინანსებს არ მიემართება, რამდენადაც კერძო შემოწირულობებსა და პარტიულ ანგარიშებს. გამჭვირვალობის მიზანი პოლიტიკური ფინანსების მონიტორინგის ნაწილში არის უკანონო ან არამიზნობრივი ფულის კონტროლი პოლიტიკაში, ასევე იგი საუკეთესო პრევენციული მექანიზმია კორუფციასთან ბრძოლისთვის. გამჭვირვალობა მოითხოვს პოლიტიკური ფინანსების ეფექტურ ზედამხედველობას.50 ზედამხედველობის აუცილებლობა კი უფრო მეტად დგას კერძო შემოწირულობების დროს. ამ შემთხვევაში საზოგადოებას უნდა ჰქონდეს ინფორმაცია, თუ საიდან იღებს კონკრეტული პარტია შემოსავლებს და სად იხარჯება იგი. ხოლო სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს მსგავს ინფორმაციაზე წვდომა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება. გამჭვირვალობის თანმდევია ანგარიშვალდებულების პრინციპი, რომელიც შესაძლოა, სხვადასხვა ფორმით რეალიზდეს. ყველაზე გავრცელებული შემთხვევაა პოლიტიკური პარტიების პერიოდული დეკლარაციების წარდგენა შესაბამის უწყებაში, სადაც ასახული იქნება მათი ფინანსური აქტივები, შემოსავლები და ხარჯები.


სახელმწიფო დაფინანსების ნაწილში კი რელევანტურია მხოლოდ გამჭვირვალე და მკაფიო წესის ჩამოყალიბება საკანონმდებლო დონეზე, რომლის მიხედვითაც გადანაწილდება პოლიტიკური ფინანსები. როგორც ზემოთ აღინიშნა, კანონმდებელმა უნდა შექმნას თანმიმდევრული, ამომწურავი წესი, თუ რომელი პარტია რა შემთხვევაში და რა მასშტაბით დაფინანსდება.51 ეს წესი და მის საფუძველზე გამოყოფილი თანხები უნდა იყოს გამჭვირვალე და ხელმისაწვდომი საზოგადოებისათვის. ხოლო პარტიული ფინანსების ხარჯვის ანგარიშგება სახელმწიფო დაფინანსების შემთხვევაშიც ისევე რელევანტურია, როგორც კერძო შემოწირულობების დროს.


ავტორი: მათე ბუბაშვილი 


1 Briefing Paper, Support to political parties, Overseas Development Institute, 2010, P.1

2 იქვე.

3 Political Participation: Perspectives from Civil Society and Political Parties, Danish Institute for Parties and Democracy, 2012, P. 5.

4 Schmitter Philippe C., What if Political Parties were to disappear or be abolished? What would happen to ‘Real-Existing” Democracies?, P.4.

5 ამ ფუნქციას გერმანულ ლიტერატურაში ასევე უწოდებენ „ტრანსმისიის ღვედის ფუნქციას“. Zeuner B., Innerparteiliche Demokratie, Berlin, 1969, S.13.

6 იქვე.

7 გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1994 წლის 17 ნოემბრის N BVerfGE 91, 276, 2 BvB 2, 3/93 გადაწყვეტილება, § 30

8 საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმის 2022 წლის 21 აპრილის N3/2/1277 გადაწყვეტილება.

9 იქვე.

10 მაგალითად, მოქმედი რედაქციით საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურას წარადგენს არა პრეზიდენტი, არამედ პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პოლიტიკურ პარტია. იხ. ფირცხალაშვილი ანა, ლოლაძე ბესიკ, ძირითადი უფლებები კომენტარი, 2023, §1525.

11 იქვე.

12 Falguera Elin (Ed.) and others, Funding of Political Parties and Election Campaigns, A Handbook on Political Finance, 2014, P. 1.

13 იქვე.

14 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 9.

15 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P. 23.

16 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 9.

17 იქვე, გვ. 13

18 იქვე.

19 იქვე.

20 Hofmeister Wilhelm, Political Parties shape Democracy, Konrad Adenauer Foundation, 2022, P. 201.

21 მეწარმეთა პარტიები ან ე.წ. ბიზნესპარტიები დღესდღეობით მრავალ რეგიონში იქმნება. მდიდარი ბიზნესმენების ან კომპანიების მიერ დაარსებულ ამ პარტიებს, როგორც წესი, სუსტი კავშირი აქვს საზოგადოებასთან და ან არ აქვთ იდეოლოგიური ან პროგრამული პოზიციები, ან მხოლოდ ზედაპირულ პოზიციებს იკავებენ. ეს პარტიები არსებითად ემსახურებიან მათი მფლობელისა და თავმჯდომარის ინტერესებს. ისინი სხვა საკითხებთან ერთად პირადად წყვეტენ საარჩევნო კანდიდატების ვინაობას.

22 იქვე.

23 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 16.

24 იქვე.

25 იქვე, გვ. 17.

26 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P. 23.

27 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 16.

28 იქვე, გვ. 13.

29 იქვე, გვ. 17.

30 იქვე, გვ. 16.

31 Falguera Elin (Ed.) and others, Funding of Political Parties and Election Campaigns, A Handbook on Political Finance, 2014, P. 238.

32 იქვე.

33 ინგლ. Principle of equality of opportunity

34 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 17.

35 იქვე.

36 Parteienfinanzierung in Deutschland, EU-Mitgliedstaaten und weiteren Staaten, Sachstand WD 3 - 3000 - 195/20, Wissenschaftliche Dienste des Deutschen Bundestages, 2020, S. 4.

37 იქვე.

38 გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 2004 წლის 30 ივლისის გადაწყვეტილება N BVerfGE 111, 382, § 61.

39 იქვე.

40 იქვე.

41 Alexander Herbert E., Money and politics: rethinking a conceptual framework, in: Comparative Political Finance in the 1980s, 1989, P. 17.

42 Van Biezen Ingrid, Financing political parties and election campaigns – guidelines, European Council publishing, 2003, P. 36.

43 იქვე.

44 იქვე.

45 იქვე.

46 იქვე.

47 იქვე.

48 Parteienfinanzierung in Deutschland, EU-Mitgliedstaaten und weiteren Staaten, Sachstand WD 3 - 3000 - 195/20, Wissenschaftliche Dienste des Deutschen Bundestages, 2020, S. 4.

49 გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლოს 1992 წლის 9 აპრილის გადაწყვეტილება N BVerfGE 85, 264, § 92.

50 Ohman Magnus, Political Finance Regulations Around the World, International IDEA, 2012, P.53.

51 Van Biezen Ingrid, Financing political parties and election campaigns – guidelines, European Council publishing, 2003, P. 14.