სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

ტრენინგი ჟურნალისტებისათვის თემაზე “ოჯახური ძალადობა”

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 12 ივლისს ატარებს ჟურნალისტთათვის ტრენინგს თემაზე “ოჯახური ძალადობა”. ტრენინგი დაიწყება 11.00 საათზე და გაგრძელდება 16.00 საათამდე. ტრენინგი ჩატარდება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასწავლო ცენტრში მისამართზე კრილოვის ქ. 15. ტრენინგის მიზნებია: ოჯახური ძალადობის საკითხის ძირითადი არსის გაცნობა; სახელმწიფოს მიერ შემუშავებული პოლიტიკის გაცნობიერება; სამოქმედო გეგმაში ასახული ძირითადი  მიმართულებების განხილვა;საქართველოს კანონით განსაზღვრული რეგულირების სფეროებისა და დებულებების შესწავლა;ცოდნის პრაქტიკული გამოყენებისა და შესაძლებლობების შემეცნება. ტრენინგში მონაწილეობა ჟურნალისტთათვის უფასოა. ტრენინგში მონაწილეობის მიღებისათვის გთხოვთ, გაიაროთ რეგისტრაცია 9 ივლისამდე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში. ტელ. 936101 ან 952353ან დაგვიკავშირდით იმეილზე: presscenter@gyla.ge საკონტაქტო პირი – თორნიკე გურული

2006-07-03 20:00 სრულად ნახვა

საიამ საკონსტიტუციო სარჩელი შეიტანა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. საქმე ეხება სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლს. ამ ბოლო დროს გახშირდა შემთხვევები, როდესაც მოსამართლეები სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლით სარგებლობენ და მოქალაქეებს სასამართლო პროცესზე წესრიგის დარღვევის გამო ადმინისტრაციულ პატიმრობას უფარდებენ. მაგალითად, 22 ივნისს თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე  გიორგი ჩემიამ ადმინისტრაციული პატიმრობა 20 დღის ვადით შეუფარდა მოქალაქე ვახტანგ მასურაშვილს. ზემოაღნიშნული მუხლით, ოცდაათდღიანი პატიმრობა შეეფარდათ თანასწორობის ინსტიტუტის წარმომადგენლებსაც.   

2006-07-02 20:00 სრულად ნახვა

საია საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს, პირდაპირ ეთერში გადასცეს გირგვლიანის სასამართლო პროცესი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს, 29 ივნისს, საზოგადოებრივი მაუწყებლის გენერალურ დირექტორს წერილი გაუგზავნა. წერილით ის თამარ კინწურაშვილს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესის პირდაპირი ეთერით გადაცემას სთხოვს. მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის “გ” პუნქტის შესაბამისად, საზოგადოებრივი მაუწყებელი ვალდებულია, “უზრუნველყოს აუდიტორიის დროული და ყოველმხრივი ინფორმირება საქართველოში მიმდინარე მნიშვნელოვანი მოვლენების შესახებ”. იმდენად, რამდენადაც აღნიშნული სასამართლო პროცესისადმი საზოგადოების ინტერესი საკმაოდ დიდია და მნიშვნელოვან მოვლენას წარმოადგენს, აუცილებელია სანდრო გირგვლიანის მკვლელობის სასამართლო პროცესი პირდაპირი ეთერით გასვლა. ეს ამავდროულად ხელს შეუწყობს საზოგადოების ნდობის ამაღლებას სასამართლოს ობიექტურობისადმი.

2006-06-28 20:00 სრულად ნახვა

დევნილთა დარბევა აჭარაში

დღეს სპეცდანიშნულების რაზმი შევიდა აჭარაში მდებარე დევნილთა კომპაქტური განსახლების ობიექტში – სასატუმრო “მესხეთში” – და დაიწყო იქ მყოფი დევნილების ძალის გამოყენებით გამოსახლება. გამოსახლებას ახორციელებდა ე.წ. სპეცრაზმი, რომლის წარმომადგენლებიც არანაირ განმარტებას არ აკეთებდნენ მიმდინარე პროცესთან დაკავშირებით, არ აცნობდნენ მოსახლეობას თავიანთ ვინაობას და გამოსახლების საფუძვლებს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სამართლებლივად აფასებს რა მიმდინარე მოვლენებს, აცხადებს რომ სახელმწიფო ამ შემთხვევაში უხეშად არღვევს მოქმედ კანონმდებლობას და ადამიანის უფლებებს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, იძულებით გადაადგილებულ პირთა ინტერესებს სახელმწიფო განსაკუთრებით უნდა იცავდეს, მით უფრო იმ პირთა ინტერესებს, რომლებიც დროებით საცხოვრებელ ადგილზე იმყოფებიან. მათი უფლებების განხორციელების უზრუნველყოფა ევალება საქართველოს ლტოლვილთა და განსახლების სამინისტროს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან ერთად.

2006-06-28 20:00 სრულად ნახვა

საიას წარმომადგენლობით ვახტანგ მაჭავარიანმა სასამართლო პროცესი მოიგო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის დახმარებით საქართველოს კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს მაესტრო ვახტანგ მაჭავარიანის სასარგებლოდ 1,5 წლის ხელფასის ანაზღაურება დაეკისრა. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა განმხილველი კოლეგიის 2006 წლის 28 ივნისის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ვახტანგ მაჭავარიანის სარჩელი კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ. მოსარჩელის წარმომადგენლობას ახორციელებდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.  სასამართლოს გადაწყვეტილებით ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს კულტურის, ძეგლთა დავისა და სპორტის სამინისტროს ბრძანება ვახტანგ მაჭავარიანის განთავისუფლების ნაწილში და დაეკისრა ახალი ბრძანების გამოცემა, რომელშიც განთავისუფლების საფუძვლად მითითებული იქნება ვახტანგ მაჭავარიანის პირადი განცხადება. გარდა ამისა, “შრომის კანონთა კოდექსის” 98-ე მუხლის შესაბამისად სამინისტროს შრომის წიგნაკის გაუცემლობის გამო დაეკისრა მოსარჩელის სასარგებლოდ 2004 წლის 15 ივნისიდან 2006 წლის 30 იანვრამდე ხელფასის ანაზღაურება.

2006-06-27 20:00 სრულად ნახვა

საიას ძალისხმევით ოზურგეთის რაიონის ბიუჯეტი კანონმდებლობის ჩარჩოში მოექცა

ოზურგეთის რაიონის გამგეობამ და რაიონის საკრებულომ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობისა და "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის" შენიშვნები და რეკომენდაციები გაითვალისწინეს და რაიონის 2006 წლის ბიუჯეტში კანონმდებლობის მოთხოვნების შესაბამისად ცვლილებები შეიტანეს. ოზურგეთის რაიონის საკრებულოს მიერ დამტკიცებული 2006 წლის ბიუჯეტის ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით, სარჩელი "საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირმა" და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ოზურგეთის წარმომადგენლობამ ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში 24 თებერვალს შეიტანეს.

2006-06-26 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გირგვლიანის სასამართლო პროცესის მონიტორინგს განახორციელებს

ხვალ, 27 ივნისს, საქალაქო სასამართლოში სანდრო გირგვლიანის მკვლელობასთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმის განხილვა დაიწყება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია განახორციელებს დამოუკიდებელ მონიტორინგს სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესთან დაკავშირებით. საიას იურისტები სასამართლო პროცესებს დაესწრებიან და სპეციალურ სამართლებრივ დასკვნას გააკეთებენ. როგორც საიას თავმჯდომარე ანა დოლიძე აცხადებს: “საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის წარმომადგენლები სანდრო გირგვლიანის სასამართლო პროცესებს სისტემატურად დაესწრებიან და საზოგადოებას პროცესის მიმდინარეობის ობიექტურ სურათს გააცნობენ.”

2006-06-25 20:00 სრულად ნახვა

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ პროექტზე მუშაობა დაასრულა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მუშაობა დაასრულა პროექტზე "საქართველოს კანონმდებლობის სრულყოფა ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) კანონთან მიმართებაში". პროექტი ხორციელდებოდა ევროპის უშიშროებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციის  (ეუთოს) ფინანსური მზარდაჭერით 9 თვის განმავლობაში. მასში მონაწილეობას იღებდნენ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს, საქართველოს გენერალური პროკურატურისა და მიგრაციის საერთაშორისო ორგანიზაციის წარმომადგენლები.

2006-06-21 20:00 სრულად ნახვა

საკონსტიტუციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი არ დააკმაყოფილა

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2006 წლის 14 ივნისის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის კონსტიტუციური სარჩელი “საქართველოს საბაჟო კოდექსის” იმ ნორმის კონსტიტუციურობის თაობაზე, (საქართველოს კონსტიტუციის 24-ე და 41-ე მუხლებთან მიმართებით) რომლის თანახმად სახელმწიფო დაწესებულებების მიერ საბაჟო ორგანოებისთვის გადაცემული დოკუმენტები კომერციულ საიდუმლოებად ითვლება. საკონსტიტუციო სასამართლომ ხსენებული გადაწყვეტილებით ეჭქვეშ დააყენა ყველა ის ღირებულება, რაც ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მონაპოვრად იყო აღიარებული. სასამართლომ მიიჩნია, რომ საჯარო დაწესებულებებს შესაძლებელია გააჩნდეთ კომერციული საიდუმლოება: “სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის თანახმად დასაშვებად არის მიჩნეული სახელმწიფო ორგანოებისა და საჯარო სამართლის იურიდიული პირების კერძო სამართლებრივი ურთიერთობები სხვა პირებთან, რაც სამოქალაქო კოდექსით წესრიგდება”.

2006-06-19 20:00 სრულად ნახვა

კორტებთან მოკლული ვაზაგაშვილის მშობლები გამოძიებამ დაზარალებულად არ სცნო

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მიუღებლად მიიჩნევს იმ ფაქტს, რომ 2 მაისს კორტებთან მომხდარი სპეცოპერაციის დროს მოკლული ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები ქალაქის პროკურატურამ დაზარალებულად არ სცნო. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების ინტერესებს იცავს. საიას ადვოკატმა გაგი მოსიაშვილმა ქალაქის პროკურატურას შუამდგომლობით მიმართა, რომლითაც ის გარდაცვლილ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლების დაზარალებულის უფლებამონაცვლედ ცნობას ითხოვდა. ქალაქის პროკურატურამ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლები დაზარალებულის უფლებამონაცვლედ არ სცნო. მოტივად მათ კონკრეტულ ფაქტზე დაწყებული საქმის წარმოება დაასახელეს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია შეშფოთებულია აღნიშნული ფაქტით და მიიჩნევს, რომ ზურაბ ვაზაგაშვილის მშობლებს ამ ფაქტით სასამართლოზე გამოსვლის უფლება ჩამოერთვათ და მათ არ შეუძლიათ საქმეზე ობიექტურობის დადგენისათვის გამოძიებაში აქტიურად ჩართვა. ეს კი გამოძიების მხრიდან სამართლიანი სასამართლოს უგულველყოფას წარმოადგენს.

2006-06-13 20:00 სრულად ნახვა