სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

პრეზენტაცია/დაჯილდოება “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”

ხვალ, 8 ოქტომბერს, 11.00 საათზე შერატონ მეტეხი პალასში საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გასაფერადებელი ზღაპრის წიგნის “სახლი ათასწლეულის ქუჩაზე” პრეზენტაციას გამართავს. აქვე გაიმართება იმ ბავშვთა დაჯილდოება, რომლებმაც ასოციაციაში ათასწლეულის ბარათები გამოაგზავნეს. ბავშვები საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან იქნებიან მოწვეული. შეგახსენებთ, რომ პირველ ივნისს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ აქცია გამართა სახელწოდებით “ბავშვების მომავალი სიღარიბის გარეშე”. 1000 ათასწლეულის ბარათი 1000 საჰაერო ბურთან ერთად ჰაერში აფრინდა. მას შემდეგ, რაც საჰაერო ბურთები ჰაერში გასკდნენ, ათასწლეულის ბარათები დედამიწაზე დაეცნენ. ასოციაცია იმ 39 ბავშვს დააჯილდოებს, რომლებმაც ბარათები იპოვეს და გამოგვიგზავნეს. საჩუქარს მიიღებს პრეზენტაციაზე მოსული ყველა ადამიანი. ჩვენს ვებგვერდზე თქვენ იხილავთ ბავშვის წერილს, რომელიც ბაღდათის რაიონიდან მივიღეთ. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27 ბავშვის წერილი

2006-10-06 20:00 სრულად ნახვა

საია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს დააკვირდება. ასოციაციის ცხელი ხაზების საშუალებით ნებისმიერ პიროვნებას საშუალება ექნება ასოციაციის იურისტებს დაუკავშირდეს შემდეგ ტელეფონის ნომრებზე: 96 35 39 ან 45 18 44 ასოციაციის თანამშრომლები არჩევნების დღეს მობილური ჯგუფების საშუალებით და საკუთარი წარმომადგენელების საშუალებით საარჩევნო ოლქებსა და უბნებზე არჩევნებს დააკვირდებიან და მიმდინარე პროცესების შესახებ საზოგადოებას ობიექტურ ინფორმაციას მიაწვდიან. 5 ოქტომბერს მედიასთან შეხვედრა გაიმართება 11.00 / 14.00 / 17.00 / 20.00 / 23.00 საათებზე ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცენტრალურ ოფისში მისამართზე კრილოვის ქ. 15. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თბილისში - თორნიკე გურული 893 28 13 27/ 93 61 01 / 95 23 53 / 96 35 39 ქუთაისში – ნიკა გეგეშიძე 877 44 73 27 ბათუმში – ზურაბ ბურდული 877 42 09 10

2006-10-03 20:00 სრულად ნახვა

ინფორმაციის თავისუფლება და ანტიკორუფციული მონიტორინგი

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 3 ოქტომბერს სასტუმრო თორში მრგვალი მაგიდა გამართა. შეხვედრის თემა გახლდათ "ინფორმაციის თავისუფლება და გამოძიების ინტერესები". აქვე მოეწყო პროექტ "ფინანსური გამჭვირვალობა და ანტიკორუფციული მონიტორინგის" ფარგლებში განხორციელებული კვლევის პრეზენტაცია და გაიმართა დისკუსია. შეხვედრას ესწრებოდნენ არასამთავრობო ორგანიზაციისა და მასმედიის წარმომადგენლები და სახელმწიფო დაწესებულების თანამშრომლები. კვლევის შედეგებს შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს ვებგვერდზე.  კვლევის შედეგები

2006-10-02 20:00 სრულად ნახვა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ცესკოს დადგენილების მიღების თხოვნით მიმართავს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ დღეს წინადადებით მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას. განცხადებით ახალგაზრდა იურისტები საქართველოს საარჩევნო კოდექსში არსებული ხარვეზის აღმოფხვრას მოითხოვენ. ეს ცესკოს დადგენილებითაა შესაძლებელი.  საქმე ეხება იმ ფაქტს, რომ საქართველოს საარჩევნო კოდექსი არ ითვალისწინებს დევნილთა მიერ კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად დევნილის მოწმობის წადგენას. დევნილებს შეუძლიათ კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღონ მხოლოდ პირადობის მოწმობის საფუძველზე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ დევნილი ხმას აძლევს თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის (დროებითი მისამართის) მიხედვით.  საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობაში მითითებულია იურიდიული მისამართი, ხოლო ფაქტობრივი მისამართი - დევნილის მოწმობაში. შესაბამისად, თუ დევნილს კენჭისყრაში მონაწილეობის მისაღებად არ ექნება დევნილის მოწმობის წარდგენის ვალდებულება, შეუძლებელი გახდება იმის დადგენა, თუ რამდენად კანონიერად ხდება დევნილის მიერ აქტიური საარჩევნო უფლების განხორციელება თავისი ფაქტობრივი ადგილსამყოფელის მიხედვით. გარდა ამისა, მოცემულ ვითარებაში არსებობს იმის საფრთხე, რომ ერთმა და იმავე პირმა რამდენიმე საარჩევნო უბანში მისცეს ხმა, რაც იძლევა არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. დამატებითი ინფორმაციისათვის დაგვიკავშირდით: თორნიკე გურული 893 28 13 27

2006-09-26 20:00 სრულად ნახვა

ყველაზე გამჭვირვალე და არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებები

28 სექტემბერი ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეა. ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ გამოკითხვა ჩაატარა, რაც ყველაზე გამჭვირვალე/არაგამჭვირვალე საჯარო დაწესებულებების, აგრეთვე, იმ საჯარო მოხელეების გამოვლენას ისახავდა მიზნად, რომლებიც ეფექტურად/არაეფექტურად იყენებენ ინფორმაციის თავისუფლების პრინციპებს. გამოკითხვა იმ ადამიანებს შორის ჩატარდა, რომლებიც ყველაზე ხშირად ითხოვენ საჯარო ინფორმაციას. გამოკითხვამ გამოავლინა გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში:

2006-09-26 20:00 სრულად ნახვა

საქართველოში ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღე აღინიშნება

28 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღეს აღნიშნავს. ეს დღე 2002 წლის 28 სექტემბერს სოფიაში შეკრებილმა მსოფლიოს არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებმა საზეიმოდ დააარსეს. მას შემდეგ, მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში, ყოველ 28 სექტემბერს, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ამ საერთაშორისო ფუნდამენტური უფლების პოპულარიზაცის მიზნით ფართოდ გამოიყენება ტელევიზიის, პრესის, რადიოსა და მასმედიის სხვა საშუალებები, იმართება სხვადასხვა სახის აქციები. აღსანიშნავია, რომ ეს დღე საქართველოში წელს უკვე მეორედ აღინიშნება. 28 სექტემბერს, საქართველოს 8 რეგიონის 8 სკოლაში, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით,   საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სახალხო დამცველის ოფისთან ერთად საჯარო გაკვეთილებს ჩაატარებს. ღია გაკვეთილზე სკოლის მოსწავლეებსა და პედაგოგებს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მიერ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული ინფორმაციული ბროშურა, “შენ უფლება გაქვს: იცოდე.. მოითხოვო... მონაწილეობა მიიღო...” და გაკვეთილების ცხრილი დაურიგდებათ, რომელიც, ასევე, ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით მოსწავლეთა ცნობიერების ამაღლებას ისახავს მიზნად. 28 სექტემბერს, ინფორმაციის მიღების უფლების საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაში გაიხსნება ინფორმაციის თავისუფლების ცხელი ხაზი (96 35 39), რომლის მეშვეობითაც დაინტერესებულ საზოგადოებას  ინფორმაციის თავისუფლების საკითხებთან დაკავშირებით უფასო იურიდიული დახმარება გაეწევა. უფასო იურიდიული კონსულტაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი იქნება საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ონლაინ კონსულტაციის მეშვეობითაც, მისამართზე: www.gyla.ge   ასოციაციამ ინფორმაციის მიღების უფლებასთან დაკავშირებით გამოკითხვაც ჩაატარა, რომელიც ჩვენს ვებგვერდზე შეგიძლიათ იხილოთ ან დაგვიკავშირდეთ: 96 35 39

2006-09-26 20:00 სრულად ნახვა

საიას თელავის ოფისის კიდევ ერთი წარმატება

საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მოთხოვნა დააკმაყოფილა. საიას თელავის ოფისი სხვა ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთად თელავში ინდივიდუალური გამრიცხველიანების ტარიფის კანონიერებას დადგენას მოითხოვდა. მას შემდეგ, რაც აღნიშნული საკითხი სპეციალურმა კომისიამ განიხილა, სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ დაწესებული ტარიფის არაკანონიერება დადასტურდა. ინდივიდუალური მრიცხველის დამონტაჟებისათვის კომპანია მომხმარებლისგან 50, მოგვიანებით კი 72 ლარს ითხოვდა, რომელიც მოქალაქეებს 2 წლის განმავლობაში უნდა დაეფარათ.  აღნიშნული საკითხი განხილულ იქნა სემეკის სხდომაზე და ის მომხმარებელთა ინტერესების სასარგებლოდ გადაწყდა. მარეგულირებელმა ორგანომ აუკრძალა სს ,,კახეთის ენერგოდისტრიბუციას" აღნიშნული თანხის მოსახლეობისათვის დაკისრება. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისის მოთხოვნის საფუძველზე რამდენიმე დღის წინ კახეთის ენერგოდისტრიბუციას დაევალა მოსახლეობისათვის ელექტროენერგიის მოხმარების კანონით დადგენილი ტარიფის დაკისრება. შეგახსენებთ, რომ მოქალაქეებს 13 თეთრის ნაცვლად ხშირად 17 თეთრს ახდევინებდნენ. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია საქართველოს სხვა რეგიონებშიც მუშაობს ელექტოენერგიის მომხმარებელთა უფლებების უხეშ დარღვევებზე და მოსახლეობის ინტერესებს იცავს.

2006-09-25 20:00 სრულად ნახვა

საიას თელავის ოფისი მოსახლეობის უფლებების დასაცავად

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის თელავის ოფისს  განცხადებებით მომართა ადგილობრივმა მოსახლეობამ. ისინი ირწმუნებოდნენ, რომ სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუცია" უხეშად არღვევდა მათ უფლებებს. ამის შემდეგ, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ განცხადებით მიმართა საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას და მომხმარებელთა ინტერესების საზოგადოებრივი დამცველის სამსახურს. საიამ მოითხოვა სააქციო საზოგადოება "კახეთის ენერგოდისტრიბუციის" მიერ  მომხმარებელთა უფლებების დარღვევის ფაქტების შესწავლა და  განხილვა.  აღნიშნულ განცხადებას შეუერთდა თელავის რაიონში მოქმედი 9 არასამთავრობო ორგანიზაცია.

2006-09-24 20:00 სრულად ნახვა

ცესკოს წინააღმდეგ სასამართლო პროცესი 24 სექტემბერს გაიმართება

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის მორიგი სასამართლო პროცესი კვირას, 24 სექტემბერს, 14.00 საათზე თბილისის საქალაქო სასამართლოში გაიმართება. იურისტები იმ განკარგულებას ასაჩივრებენ, რომლის მიხედვითაც გიგი უგულავას უფლება ეძლევა გახდეს თბილისის მერი, მაჟორიტარული წესით არჩევნებში მონაწილეობის მიღების გარეშე. აღსანიშნავია, რომ სააპელაციო სასამართლომ ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის სასარგებლოდ განჩინება გამოიტანა. მან არასწორად მიიჩნია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც დამკვირვებლის სტატუსით ცესკოში რეგისტრირებულ ასოციაციის დამკვირვებლებს არ აქვთ პარტიულ სიაში შეტანილი კანდიდატების რეგისტრაციის თაობაზე ცესკოს განკარგულების გასაჩივრების უფლება.

2006-09-22 20:00 სრულად ნახვა

მრგვალი მაგიდა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე

22 სექტემბერს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში მრგვალი მაგიდა გაიმართა. შეხვედრის თემა იყო ’’მოახლოებული თვითმართველობის არჩევნები.’’ მოწვეულები იყვნენ ბათუმში მოღვაწე არასამთავრობო სექტორის, მედიის, ოპოზიციური პარტიებისა და მმართველი პარტიის წარმომადგენლები, ასევე პრესსამსახურების თანამშრომლები, უმაღლესი საბჭოს დეპუტაცია და ქალაქ ბათუმის მერიის წარმომადგენლები. სახელისუფლებო გუნდიდან შეხვედრაში მონაწილეობა არ მიიღეს მმართველი პარტიისა და მერიის წარმომადგენლებმა. შეხვედრაზე საუბარი იყო მომავალ არჩევნებზე და ცესკოს განკარგულებებზე. შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს სხვადასხვა სახის დარღვევებზე, რომლებიც წინასაარჩევნო აგიტაციას ახლავს თან. ორგანიზაცია “სამართლიანი არჩევნების” წარმომადგენელმა ისაუბრა სიებთან დაკავშირებული დარღვევების შესახებ. ბათუმში ადგილობრივი ჟურნალისტებისათვის არჩევნების თემაზე საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის აჭარის ფილიალში 26 სექტემბერს ტრენინგი გაიმართება.

2006-09-21 20:00 სრულად ნახვა