სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

კოალიციის განცხადება სამაუწყებლო კომპანია ,,რუსთავი 2“-ის საკონტროლო პაკეტის მფლობელი კომპანიის წილების დაყადაღებასთან დაკავშირებით

2015-10-02 16:32
Featured image

 გუშინ გავრცელებული ინფორმაციით, ქიბარ ხალვაშის მოთხოვნის საფუძველზე სასამართლომ ყადაღა დაადო რუსთავი 2-ის 51%-იანი წილის მფლობელი კომპანიის _ შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“  წილებს, რამაც შესაძლოა გარდაუვალი გახადოს ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი ყველაზე მაღალრეიტინგული არხის ფუნქციონირების შეჩერება შეგახსენებთ, რომ აღნიშნულ ფაქტს წინ უსწრებდა ქიბარ ხალვაშის მიერ ,,რუსთავი 2“-ის წილის დასაბრუნებლად სასამართლოში სარჩელის წარდგენა. სასამართლოს 2015 წლის 5 აგვისტოს განჩინებით კი ხალვაშის სარჩელის უზრუნველსაყოფად უკვე გამოყენებულია ერთდროულად რამდენიმე უზრუნველყოფის ღონისძიება:  ,,რუსთავი 2“ -ის მეწილეების წილებსა და კომპანიის ქონებას დაედო ყადაღა და როგორც მეწილეებს, ასევე რუსთავი 2-ის დირექტორატს აეკრძალა კომპანიის მართვასა და ხელმძღვანელობასთან დაკავშირებული მოქმედებების შესრულება. არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებით, აღნიშნული განჩინება არ იყო სათანადოდ დასაბუთებული, ხოლო სასამართლოს მიერ გამოყენებული ზომები - აუცილებელი და პროპორციული.

 

ზემოაღნიშნული ყადაღის ღონისძიებების გამოყენების შედეგად შექმნილი მძიმე ფინანსური ვითარების გამოსასწორებლად, ტელეკომპანიის ხელმძღვანელობის განცხადებით, მიღებულ იქნა გადაწყვეტილება შპს ,,ტელეკომპანია საქართველოს“ წილების გასხვისების თაობაზე იმ პირობით, რომ  მყიდველი კისრულობდა ვალდებულებას, მოეხდინა რუსთავი 2-ში არაუმეტეს 6 000 000 აშშ დოლარამდე თანხის ინვესტიცია. თუმცა, აღნიშნული გარიგება საჯარო რეესტრმა არ დაარეგისტრირა, ხოლო ამის პარალელურად სასამართლოს მიერ უკვე მოხდა  „ტელეკომპანია საქართველოს“ წილების დაყადაღება.

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით სასამართლოში მიმდინარე დავა  არის კერძო-სამართლებრივი დავა, რაც ფორმალურ დონეზე გამორიცხავს მასში სახელმწიფოს პირდაპირ მონაწილეობას, არსებობს მთელი რიგი გარემოებები, რაც აჩენს სერიოზულ ეჭვებს მიმდინარე პროცესზე ხელისუფლების გავლენის შესახებ, მათ შორის მაღალი თანამდებობის პირების მხრიდან რუსთავი 2-თან მიმართებაში გაკეთებული არაერთი განცხადება (რიგ შემთხვევებში - მუქარაც), განსხვავებული, კრიტიკულად განწყობილი მოსაზრებების მიუღებლობისა და ჩახშობის მცდელობები ხელისუფლების მხრიდან და მედია სივრცეში განვითარებული მოვლენები (სხვადასხვა ეროვნულ მაუწყებელზე პოლიტიკური თოქ-შოუების ერთდოულად, მოულოდნელად და საეჭვო ფორმებით და საფუძვლებით დახურვა).

 ამასთან, ფაქტია, რომ სასამართლოს მიერ გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიების შედეგად, ტელეკომპანიას ექმნება სერიოზული ფინანსური სირთულეები და ის შესაძლოა მალე ღრმა ფინანსურ კრიზისში აღმოჩნდეს, რაც, სულ მცირე, შეაფერხებს მის ყოველდღიურ საქმიანობას და ეჭვქვეშ დააყენებს მედია სივრცეში განსხვავებული, ხელისუფლებისადმი კრიტიკულად განწყობილი აზრის არსებობა. აქვე მხედველობაშია მისაღები პოლიტიკური დებატების ის სერიოზულ დეფიციტი, რაც უკვე არსებობს მედიაში ზემოაღნიშნული მოვლენების განვითარების შედეგად.

შექმნილ რთულ ვითარებაში, განსაკუთრებული როლი და პასუხისმგებლობა ეკისრება სასამართლო ხელისუფლებას, რომელმაც უნდა უზრუნველყოს დავის დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად გადაწყვეტა და ამავდროულად გაითვალისწინოს და დაიცვას ის მაღალი საჯარო ინტერესი, რაც თან ახლავს მიმდინარე სამართლებრივ დავას. 

მიგვაჩნია, რომ სასამართლომ უნდა გამოიყენოს მის ხელთ არსებული ყველა კანონიერი საშუალება,  რომლის გამოყენებაც შესაძლებელს გახდის რუსთავი 2-ის წილებთან დაკავშირებით  მიმდინარე დავის განხილვას იმგვარად, რომ სასამართლო დავის წარმოებამ არ გამოიწვიოს ტელეკომპანიის საქმიანობის შეჩერება ან/და სარედაქციო დამოუკიდებლობის შეზღუდვა.

კოალიცია „მედიის ადვოკატირებისთვის“ წევრები:

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია (საია);

• საქართველოს ჟურნალისტური ეთიკის ქარტია;

• ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი (IDFI)

• ფონდი „ღია საზოგადოება საქართველო“;

• რეგიონულ მაუწყებელთა ქსელი;

• რეგიონული მედიის ასოციაცია;

• საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაცია (GAღB);

• მედიაკლუბი;

• არასამთავრობო ორგანიზაცია „სამოქალაქო საზოგადოებისათვის“

• ლევან მიქელაძის სახელობის ფონდი;

• სამოქალაქო განვითარების ინსტიტუტი