სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საია ტელეკომპანია „იმედზე“ პოლიტიკური თოქ-შოუების დახურვის ფაქტს უკიდურესად უარყოფითად აფასებს

2015-09-01 12:00
Featured image

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია უკიდურესად უარყოფითად აფასებს ტელეკომპანია „იმედის“ ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას, საშემოდგომო სატელევიზიო სეზონზე ტელეკომპანია „იმედის“ მიერ საზოგადოებრივ-პოლიტიკური თოქშოუების სეგმენტის დროებითი შეჩერების შესახებ, რასაც შედეგად ორი მაღალრეიტინგული პოლიტიკური თოქ-შოუს - ინგა გრიგოლიას ,,რექაცია“ და ,,იმედის კვირა“ - დახურვა მოჰყვა. 

 

ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ აღნიშნული გადაწყვეტილება არსებული გადაცემების ფორმატის შეცვლის და „თვისობრივად ახალი სატელევიზიო პროდუქტის“ შექმნის სურვილით ახსნა, რომელსაც, მათივე განმარტებით, მაუწყებელი მაყურებელს 2016 წლიდან შესთავაზებს.

 

ასევე გავრცელდა აღნიშნული გადაცემების პროდიუსერებისა და ჟურნალისტების ერთობლივი განცხადებაც, საიდანაც ირკვევა, რომ თავად გადაცემის წამყვანები და ჟურნალისტები უკვე მიღებული გადაწყვეტილებით ფაქტის წინაშე დააყენეს, ხელძღვანელობის მხრიდან არ მომხდარა არხზე დაგეგმილი ცვლილებების მათთან წინასწარ განხილვა ან მათი დროული ინფორმირება მიღებული გადაწყვეტილების შესახებ. განცხადების ავტორები იმასაც აღნიშნავენ, რომ ბოლო პერიოდში ხელისუფლების წარმომადგენლებმა აღნიშნული გადაცემების მიმართ არაერთხელ გამოთქვეს უკმაყოფილება და მიღებულ გადაწყვეტილებას პოლიტიკურს უწოდებენ.

 

ამ კონტექსტში საყურადღებოა ისიც, რომ მმართველი გუნდის წარმომადგენლები  გადაცემების დახურვის მიზეზად მაუწყებლის ირგვლივ ინტრიგისა და შეხლა-შემოხლის შენარჩუნებას ან არხის არაობიექტურობას ასახელებენ; 

 

საია უკიდურესად უარყოფითად აფასებს საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი წლით ადრე და შუალედური არჩევნების პერიოდში (2015 წლის შემოდგომა), ერთ-ერთი წამყვანი არხის, სულ ცოტა - რამდენიმე თვის განმავლობაში, პოლიტიკური თოქ-შოუების გარეშე დატოვების ფაქტს. 

 

გადაწყვეტილების შინაარსისა და იმ უარყოფითი შედეგების პარალელურად, რაც ამ გადაწყვეტილებას ექნება საქართველოში მედია გარემოსა, და შესაბამისად -დემოკრატიის ხარისხზე, კრიტიკას იმსახურებს გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჯაროების ფორმაც (ტელეკომპანიის მხრიდან აღნიშნული გადაწყვეტილების შესახებ, როგორც ჟურნალისტების, ასევე ფართო საზოგადოებისთვის მხოლოდ მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც ინფორმაცია გადაცემების დახურვის შესახებ უკვე გავრცელებული იყო მედიაში).

 

საია მიიჩნევს, რომ სამაუწყებლო საქმიანობა დაკავშირებულია მაღალ სოციალურ პასუხისმგებლობასთან და  საკუთრების ტიპის მიუხედავად (კერძო თუ საზოგადოებრივი),  მაუწყებელმა პატივი უნდა სცეს საზოგადოების მოლოდინებს. ამ ვალდებულებებზე მიუთითებს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი მთელი რიგი მოთხოვნები და პასუხისმგებლობებიც, რაც  სამაუწყებლო ბიზნესის კომერციულ ინტერესებთან შესაბამისობის უზრუნველყოფას ისახავს მიზნად.

 

თუმცა, ზემოაღნიშნული ფაქტორები, კერძოდ, სატელევიზიო სეზონის დაწყებამდე რამდენიმე დღით ადრე, ორი მაღალრეიტინგული გადაცემის მოულოდნელად დახურვა მომავალი წლის ბუნდოვან გეგმებზე მითითებით, რაც ცალსახად მოკლებულია დამაჯერებლობას, ასევე ამგვარი გადაწყვეტილების მიღებისა და გასაჯაროების ფორმა არ ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ იგი ტელევიზიისა და მისი მაყურებლის ინტერესებითაა ნაკარნახევი.

 

შემაშფოთებელია მმართველი გუნდის წარმომადგენლის განცხადებაც, რომელიც გადაწყვეტილებას გადაცემების არაობიექტურობით ხსნის და აღნიშნავს, რომ ეს ,,მხოლოდ ,,იმედს“ არ ეხება’’. ამგვარი განცხადებები შესაძლოა აღქმული იქნეს, როგორც სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის გამართლება და გაფრთხილება სხვა ჟურნალისტების/მედია

საშუალებებისათვის, რაც მიუღებელი და შეუთავსებელია ხელისუფლების მხრიდან მედიის თავისუფლებაში ჩაურევლობის პრინციპთან.  

 

საია მოუწოდებს ტელეკომპანია „იმედის“ მესაკუთრეებსა და ხელმძღვანელობას:

 

- განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდონ სამაუწყებლო ბიზნესის მართვას;

- დეტალურად განმარტონ გადაცემების დახურვის მიზეზები და საზოგადოებას მიაწოდონ ინფორმაცია იმ პროცესისა და არგუმენტების შესახებ, რომლებზე დაყრდნობითაც შედეგადაც მიღებულ იქნა აღნიშნული გადაწყვეტილება;

- ჯანსაღი წინასაარჩევნო გარემოს ხელშეწყობის მიზნით, მაქსიმალურად უზრუნველყონ საზოგადოების ინფორმირება კრიტიკული და ობიექტური ინფორმაციით;

- უზრუნველყონ, რომ სამაუწყებლო ბადე მუდმივად იყოს შევსებული პოლიტიკური თოქ-შოუების ფორმატის გადაცემებით;

- საქართველოს კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში,პატივი სცენ და დაიცვან ჟურნალისტების შრომითი უფლებები.

 

საია მოუწოდებს პოლიტიკოსებს, განსაკუთრებით მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლებს:

 

- ჟურნალისტებისა და მედიისსაქმიანობაზე შეფასებების გაკეთებისას გამოიჩინონ განსაკუთრებული სიფრთხილე;

- განუხრელად დაიცვან და პატივი სცენ მედიის თავისუფლების პრინციპს.