სამუშაო საათები: ორშ-პარ (10:00 - 18:00)

საქართველოს სახელმწიფომ ევროპული სასამართლოს წინაშე 2009 წლის 15 ივნისის აქციაზე ჟურნალისტებისათვის საქმიანობაში ხელის შეშლა აღიარა

2015-07-24 13:00
Featured image

2010 წლის 12 აპრილს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ მომჩივნების - შპს „სტუდია მაესტროს“, ჟურნალისტების თ. ლალიაშვილისა და შ. კაპანაძის, ასევე პოლიტიკური პარტიის - „ახალი მემარჯვენეები“ წევრის ნ. ინასარიძის (აქციის ფოტოგადაღებას ახორციელებდა) სახელით საჩივრით მიმართა ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს. აღნიშნულ საჩივართან დაკავშირებით 2015 წლის 30 ივნისს ევროპულმა სასამართლომ გამოიტანა განჩინება, რომელიც ამავე სასამართლოს ვებგვერდზე 2015 წლის 23 ივლისს გამოქვეყნდა ევროპულმა სასამართლომ მიღებული განჩინებით განსახილველ საქმეთა ნუსხიდან ამორიცხა საჩივარი „სტუდია მაესტრო და სხვები საქართველოს წინააღმდეგ“.

მოცემული საჩივარი შეეხებოდა 2009 წლის 15 ივნისს შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის მთავარი სამმართველოს წინ გამართული მშვიდობიანი აქციის დაშლის დროს სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მიერ მომჩივნებისთვის ჟურნალისტური საქმიანობის ხელშეშლას, კერძოდ, მომჩივნებს არ მიეცათ მიმდინარე აქციის გადაღების საშუალება, მათ ჩამოართვეს აქციის დაშლის ამსახველი ვიდეო მასალა და დაუზიანეს ვიდეოკამერა და ფოტოაპარატი. ამასთან სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენლების მხრიდან მომჩივნების მიმართ ადგილი ჰქონდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას.
 
2009 წლის 19 ივნისს თ. ლალიაშვილმა, შ. კაპანაძემ და ნ. ინასარიძემ მიმართეს საქართველოს მთავარ პროკურატურას და მოითხოვეს გამოძიების დაწყება მათ მიმართ განხორციელებულ უკანონო ქმედებებთან დაკავშირებით. აღნიშნულ საქმეზე გამოძიება დღემდე გრძელდება, თუმცა, მიმდინარე გამოძიებაში მომჩივნები არ არიან ეფექტურად ჩართულები, კერძოდ, მათ არ გააჩნიათ დაზარალებულის სტატუსი, ასევე, არაერთი მოთხოვნის მიუხედავად მათ არ მიეწოდებათ ინფორმაცია გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.
 
ევროპულ სასამართლოში წარდგენილ საჩივარში საია სასამართლოსგან მოითხოვდა დაედგინა მომჩივნების მიმართ კონვენციის მე-3 (წამების აკრძალვა), მე-10 (გამოხატვის თავისუფლება), მე-11 (შეკრების და გაერთიანების თავისუფლება), მე-13 (სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალების უფლება) და 1-ლი დამატებითი ოქმის 1-ლი მუხლების (საკუთრების უფლება) დარღვევა.
 
2014 წლის 15 სექტემბერს ევროპულმა სასამართლომ საქართველოს მთავრობას კონვენციის მე-3 და მე-10 მუხლებთან დაკავშირებით წერილობითი ახსნა-განმარტების წარდგენა მოსთხოვა. 2015 წლის 10 მარტს საქართველოს მთავრობამ წარადგინა ცალმხრივი დეკლარაცია, რომელსაც მომჩივნები დათანხმდნენ.
 
საქართველოს მთავრობამ წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის თანახმად, აღიარა კონვენციის მე-3 მუხლის პროცედურული ნაწილის დარღვევა ნ. ინასარიძესთან მიმართებით და  ასევე კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა თ. ლალიაშვილის, შ. კაპანაძის და ნ. ინასარიძის მიმართ, რადგან მათ ვერ შეძლეს ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელება 2009 წლის 15 ივნისს მიმდინარე აქციის დროს.
 
წარდგენილი ცალმხრივი დეკლარაციის ფარგლებში საქართველოს მთავრობამ იკისრა ვალდებულება, აწარმოოს ეფექტური გამოძიება 2009 წლის 15 ივნისს მომჩივნებისთვის მიყენებული ფიზიკური დაზიანებების და მათთვის ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელებაში ხელის შეშლის ფაქტზე.  ამასთან, სახელმწიფომ მომჩივანთა სასარგებლოდ კომპენსაციის გადახდის ვალდებულებაც იკისრა.
 
ევროპული სასამართლოს განჩინების აღსრულებაზე ზედამხედველობას ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტი განახორციელებს. საია, როგორც მომჩივანთა წარმომადგენელი, განჩინების აღსრულებას აქტიურად დააკვირდება.